ალბა: "ბარსელონას" ფილოსოფია უნიკალურია"

ალბა: "ბარსელონას" ფილოსოფია უნიკალურია"

შვიდწლიანი განშორების შემდეგ, ხორდი ალბა მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა. ამიერიდან, 23 წლის მარცხენა მცველი "ბარსელონას" მაისურით ითამაშებს. ოცნების ახდენის შემდეგ, კატალონიელ მარცხენაფლანგელს ინტერვიუ Barca TV-მ ჩამოართვა, რომელიც "ბარსელონას" ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. გთავაზობთ ინტერვიუს სრულ ვარიანტს.

 

- რა სიტუაციაში გაიგეთ, რომ "ბარსელონაში" ბრუდნებოდით?

- ეს ინფორმაცია ევროპის ჩემპიონატის ბოლო მატჩის წინ გავიგე. ამდენხნიანი განშორების შემდეგ შინ დაბრუნებით ძალიან ბედნიერი ვიყავი. სიმართლე გითხრათ, ძალიან ამაყ ვარ.

- კარგად იცნობთ იმ ადგილს, სადაც მოხვედით...

- დიახ, აქ ბევრ ადამიანს ვიცნობ. დირექტორებს, ფეხბურთელებს, მწვრთნელებს...

- ცოტა ხნის წინათ განაცხადეთ, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში დაბრუნება გსურდათ.

- ვფიქრობ, "ბარსელონაში" საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობენ, კლუბს ჰყავს საუკეთესო გულშემატკივრები, გააჩნია სხვებისგან გამორჩეული სათამაშო ფილოსოფია, რომელიც უნიკალურია.

- რას უნდა ელოდნენ "ბარსელონას" გულშემატკვირები ხორდი ალბასგან?

- შესაძლოა გქონდეს კარგი და ცუდი თამაშები, მაგრამ ყოველთვის მზად ვარ ბოლომდე დავიხარჯო. ეს შანსი მომეცა იმის გათვალისწინებით, რა თამაშსაც ბოლო წლების განმავლობაში ვაჩვენებდი.

- გაგიკვირდათ თქვენი ასეთი თამაში ევროპის ჩემპიონატზე?

- არა. რა თქმა უნდა, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ფინალში გოლს გავიტანდი, მაგრამ ვთვლი, რომ ტურნირზე ჩემი თამაში იყო დაუღალავი შრომის შედეგი.

- 6 წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, ხორდი ალბა მარცხენა მცველი იქნებაო, ვერ დავიჯერებდი.

- უნაი ემერიმ ამ გადაწყვეტილებით დიდი საქმე გააკეთა. მან შანსი მომცა წავსულიყავი ევროპის ჩემპიონატზე და დავბრუნდებულიყავი "ბარსელონაში" როგორც მარცხენა მცველი, ან გარემარბი. ამ გადაწყვეტილებამ ძალიან შემცვალა. წლების წინ, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ევროპის ჩემპიონატზე მარცხენა მცველად გავემგზავრებოდი.

- როგორ მოხდა ეს?

- პირველად, მარცხენა მცველად ბრემენის "ვერდერთან" ვითამაშე. იმ შეხვედრაში, შეცვლაზე შევედი. ეს შესვენებაზე მოხდა. ემერიმ მითხრა, რომ დაცვის მარცხენა ფლანგზე უნდა მეთამაშა. ამის შემდეგ, ამ პოზიციაზე თამაშს მოვუხშირე და ახლა, მომწონს მარცხენა მცველად თამაში.

- ხომ არ გამოგითქვამთ სურვილი, რომ "ბარსელონაში" სხვა პოზიციაზე ითამაშოთ?

- არა. ტიტო და მისი გუნდი ძალიან კარგად მიცნობენ და იციან, სად უნდა მათამაშონ. არამგონია, მწვრთნელებს ჩემგან იმის თქმა სჭირდებოდეთ, სად შემიძლია თამაში. მათ ეს ისედაც იციან.

- რატომ გადაწყვიტეთ "ბარსელონადან" "კორნელაში" წასვლა?

- ეს იყო კარგი შანსი მეჩვენებინა, რომ ყველაზე "ბარსას" ახალგაზრდული სისტემით არ იწყება და არ მთავრდება. 2 წლის შემდეგ მივხვდი, რომ ერთ დღესაც, პირველ გუნდში დაბრუნება შემეძლებოდა.

- რას გრძნობდით, როდესაც "ბარსელონას" წინააღმდეგ თამაშობდით?

- ეს თამაშები ჩემთვის განსაკუთრებული იყო. წინა ღამით არ მეძინა ხოლმე..

- "ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტი ხოსეპ ბართლომეუ თქვენს შემთხვევას სამაგალითოს უწოდებს.

- ჩვენ ვართ სამაგალითოები დაბალი ფეხბურთელებისთვის, მაგრამ ყველას შემთხვევა განსხვავებულია. პიკემ და ფაბრეგასმა კლუბი განსხვავებულ სიტუაციაში დატოვეს. მე გუნდს არ ვჭირდებოდი. ტელიოსა და კუენკას გამო, იგნორირებას მიწევდნენ. დაბალ ფეხბურთელებს უფრო მეტი შრომა სჭირდებათ იმის დასამტკიცებლად, რომ კარგები არიან.

- კიდევ დაგრჩათ აუსრულებელი ოცნებები?

- ტიტულების მოგება მინდა. ბედნიერები უნდა ვიყოთ იმით, რომ დღეს, "ბარსელონა" ასეთი ძლიერია და ტიტულებს იგებს. მე აქ ვარ და შევეცდები კიდევ უფრო მეტი მოვიგო.

- გახსოვთ ტიტო ვილანოვა იმ დროიდან, როდესაც "ბარსელონას" აკადემიაში ირიცხებოდით?

- დიახ. ის "კადეტ ბ"-ს მწვრთნელი იყო. იმ დროს, მე "ინფანტილ ბ"-ში ვთამაშობდი.

- ეს ფანტასტიკური თაობა იყო...

- მესი, პიკე, ფაბრეგასი და ა.შ. ეს საუკეთესო საფეხბურთო გუნდი იყო, რომელმაც ყველა ტიტული მოიგო. მთელს ახალგაზრდულ სისტემაში, ყველაზე მეტ იმედებს ამ გუნდზე ამყარებდნენ.

- როდესაც პირველად ნახეთ მესი, უკვე იცოდით, რომ იგი განსაკუთრებული იყო?

- იგი ყველასგან განსხვავებულია. სწორედ ამიტომ, იგი ფეხბურთელად ადრეულ ასაკში ჩამოყალიბდა. ამჟამად, მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. ყველა დანარჩენი მის შემდეგ მოდიან. მას სათამშო კიდევ ბევრი აქვს და შეუძლია, ეს წლები "ბარსელონაში" გაატაროს.

- "ბარსელონას" ახალგაზრდულ გუნდებში თამაშის დროს, ბევრი გოლი გაიტანეთ და შედეგიანი გადაცემებიც გააკეთეთ. თითქმის თავდამსხმელი ხართ.

- ბავშვობაში, გოლები გამქონდა და პასებსაც ვაკეთებდი, მაგრამ იმ დროს ჩემს მიერ ამჟამად ნაჩვენებ ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს. როდესაც "ბარსელონაში" ვიყავი, შემტევ ნახევარმცველად, ან თავდამსხმელად თამაში მიყვარდა. ამ პოზიციაზე თავს კომფორტულად ვგრძნობდი.

- თითქმის ყოველთვის, გუნდის კაპიტანი იყავით.

- დიახ. "ბარსელონაში" 8 წელი გავატარე და აქედან 7 წლის განმავლობაში კაპიტანი ვიყავი. კოლეგები პატივს მცემდნენ და ჩემი ხასიათი არასდროს მაძლევდა სიტუაციის უარესობისკენ შეცვლის საშუალებას. ბევრი ნაკლი მაქვს, მაგრამ ხასიათი ჩემი ერთ-ერთი პლიუსია.

- 2000 წელს, "სიუტატ ესპორტივას" მშენებლობაზე, პირველი აგური თქვენ დადეთ. გახსოვთ?

- რა თქმა უნდა. ეს რამალიეტსთან ერთად მოხდა. მაშინ, თერთმეტმეტრიანი დავარტყი. დღეს კი, ამ ბაზაზე ვვარჯიშობ. როდესაც აქ მოვედი, ვნახე არაერთი ადამიანი, რომლებსაც ვიცნობ.

- რას ნიშნავს, იყო ახალგაზრდა ფეხბურთელი?

- ამ დროს, შენი ასაკისგან სიამოვნებას ღებულობ. როდესაც პროფესიონალი ხდები, კონკურენციის დაძლევა და უფრო მეტი შრომა გიწევს. 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.