14.350 კილომეტრი გზაში
ორშაბათს, 16 ივლისს, "ბარსელონას" პირველი გუნდი შეიკრიბება და ახალი სეზონისთვის მზადებას დაიწყებს. კატალონიელთა ახალ მთავარ მწვრთნელს, ტიტო ვილანოვას გუნდის პირველ მატჩამდე მოსამზადებლად 8 დღე ექნება. 24 ივლისს, კატალონიელები პირველ ამხანაგურ მატჩს გამართავენ. მათი მეტოქე "ჰამბურგი" იქნება. წინასასეზონო მზადების დროს, "ბარსელონა" ხუთ ქალაქს ეწვევა და საერთო ჯამში, ფეხბურთელები 14.350 კილომეტრს დაფარავენ.
ბარსელონა > ჰამბურგი > ბარსელონა: 2.950 კილომეტრი
როგორც უკვე აღვნიშნეთ, პირველად, "ბარსა" "ჰამბურგს" დაუპირისპირდება. წელს, გერმანული კლუბი 125 წლის ხდება და იუბილის აღსანიშნავად, ჰამბურგელებმა კატალონიელები მიიწვიეს. თამაში 24 ივლისს, თბილისის დროით 20 საათზე გაიმართება. შეხვედრას "იმტეხ არენა" უმასპინძლებს, რომელსაც FIFA-ს მიერ 5 ვარსკვლავი აქვს მინიჭებული. ეს იქნება ტიტო ვილანოვას, როგორც გუნდის მთავარი მწვრთნელის პირველი მატჩი.
ბარსელონა > ტანგიერსი > ბარსელონა: 1.862 კილომეტრი
"ჰამბურგთან" გასამართი მატჩიდან ოთხ დღეში, "ბარსელონა" მაროკოს ქალაქ ტანგიერსს ეწვევა და ადგილობრივი ფეხბურთელების ნაკრებს "გრანდ სტეიდზე" დაუპირისპირდება. შეხვედრა 28 ივლისს, თბილისის დროით ღამის 2 საათზე გაიმართება.
ბარსელონა > პარიზი > ბარსელონა: 1.660 კილომეტრი
31 ივლისს გასამართი კატალონიის სუპერთასის შემდეგ, ოთხ აგვისტოს, "ბარსელონა" საფრანგეთის დედაქალაქს ესტუმრება. "პარკ დე პრენსის" სტადიონზე, კატალონიელები ბოლო დროს ძალიან გაძლიერებულ "პარი სენ ჟერმენს" დაუპირისპირდებიან. ეს შეხვედრა ოთხ ივლისს, თბილისის დროით 22 საათზე გაიმართება.
ბარსელონა > გიოტებორგი > ბარსელონა: 3.884 კილომეტრი
"ბარსელონას" მორიგი გაჩერების ადგილი შვედეთის ქალაქი გიოტებორგი იქნება. გასული წინასასეზონო მზადების მსგავსად, კატალონიელები "მანჩესტერ იუნაიტედს" ამხანაგურად ამჯერადაც გაეჯიბრებიან და ეს სწორედ შვედეთში, 8 აგვისტოს, თბილისის დროით 22 საათზე მოხდება.
ბარსელონა > ბუქარესტი > ბარსელონა: 3.994 კილომეტრი
ბოლო გასვლით ამხანაგურ შეხვედრას კატალონიური კლუბი ბუქარესტის "დინამოსთან" ჩაატარებს. "ბარსა" რუმინეთის დედაქალაქში 11 აგვისტოს, თბილისის დროით 21 საათსა და 15 წუთზე ითამაშებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]