კარლოს ბილარდო - დიეგო მარადონას კეთილი გენიოსი
კარლოს ბილარდო ფეხბურთის გარეშეც არ დაიკარგებოდა. 1970 წელს, საკმაოდ სოლიდური საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ (იმ დროისთვის სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში "ესტუდიანტესში" 150-მდე მატჩი ჩაატარა და რამდენიმე ათეული გოლი გაიტანა), სიცილიელი ემიგრანტების შვილს, სამედიცინო დიპლომი ეპყრა ხელთ.
რამდენი წლის განმავლობაში ბილარდო ისეთ დელიკატურ და შემოსავლიან სფეროებში ატარებდა გამოკვლევებს, როგორებიც ონკოლიგია და გინეკოლოგიაა. თუმცა, ფეხბურთის სიყვარულმა მაინც გადაწონა და 1976 წელს, კარლოსმა საბოლოოდ გადაწყვიტა მწვრთნელად გახდომა. სხვადასხვა გუნდებში მუშაობის შემდეგ (კოლუმბიის ნაკრებიც კი ანდეს), მშობლიურ "ესტუდიანტესში" დაბრუნდა და ორჯერ არგენტინის ჩემპიონის ტიტული მოაგებინა.
მისი წარმატებული საქმიანობა ქვეყნის ფეხბურთის მამებს არ გამოჰპარვიათ და ეროვნული გუნდი ჩააბარეს, რომელსაც მანამდე 1978 წლის ტრუმფატორი სესარ ლუის მენოტი წვრთნიდა.
ასე ჩაუდგა ბილარდო ნაკრებს სათავეში, რომელშიც პირველი სკრიპკობა მარადონას ეწერა. რომელს უფრო გაუმართლა, ძნელი სათქმელია. ალბათ, მაინც ბილარდოს. ხოლო თუ ვინ დარჩა წაგებული, ეს ყველამ კარგად დაინახა - არგენტინის მომავალ მეტოქეებს ნამდვილად არ გაუმართლათ.
თუმცა, საამისოდ, გრძელცხვირა ექიმს სერიოზული სამუშაოს ჩატარება მოუხდა. პირველ რიგში ყველას გასაგონად განაცხადა, რომ ნაკრებში ადგილი მხოლოდ ერთ ადამიანს, მარადონას ჰქონდა გარანტირებული. თამამი ნაბიჯი - იმათ რიცხვში, ვისაც თავიდან უნდა დაემტკიცებინა, რომ ნაკრებში თამაშს იმსახურებდა, ალბისელესტეს ყოფილი კაპიტანი დანიელ პასარელაც იყო.
1978 წლის მსოფლიოს ჩემპიონი, რომელსაც მარადონასთან უკვე გაფუჭებული ჰქონდა ურთიერთობა, წყენის დამალვას არ ცდილობდა, მაგრამ როგორც გამოჩნდა, დონ კარლოსი მართალი იყო.
მალე ბილარდო ნეაპოლში გაემგზავრა, სადაც არაჩვეულებრივი დიეგო ბრწყინავდა და ჯანმრთელობას იფუჭებდა. დონ კარლოსმა ალბისელესტეს საუკეთესო ფეხბურთელს გართობისა და დროსტარების ერთი თვით დავიწყება სთხოვა და დიეგოსგან თანხმობა მიიღო. ცბიერ ბილარდოს კარგად ესმოდა, რომ გუნდის თამაშის მარადონას გარშემო აწყობა საკმარისი არ იყო, მას მარადონა უნდა ეიძულებინა, რომ გუნდზე ეთამაშა. შედეგი განსაცვიფრებელი გახლდათ. მექსიკის მინდვრებზე არგენტინელებს წინ არა კაპრიზული "ოქროს ბიჭუნა", არამედ ჩამოყალიბებული ოსტატი მიუძღვოდა, რომელიც ყოველ წუთს მზად იყო შეუჩერებელი სოლორეიდის განსახორციელებლად, ანაც უზუსტესი პასის გასაკეთებლად.
ერთ-ერთი ასეთი გადაცემა ოქროს მედლების ტოლფასი გამოდგა - გერმანიასთან ფინალურ მატჩში ბურუჩაგამ დიეგოს უზადო გადაცემა შეირგო და ალბისელესტეს მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის წოდება აჩუქა. სამწვრთნელო სკამზე კი "ესტუდიანტესის" ყოფილი გამთამაშებელი საკუთარ გამარჯვებას ზეიმობდა. მიღწევის განმეორება ბილარდომ ვერ შეძლო, თუმცა დუბლის გაკეთებასთან უფრო ახლოს იყო, ვიდრე ნაკრების მომდევნო დამრიგებლები. და ეს მაშინ, როდესაც იტალიის მუნდიალზე ალბისელესტეს თამაშს ფეხბურთი არ ერქვა.
ეს გასაკვირი არცაა, რადგან ბილარდოს გუნდი არ ჰყავდა. კვლავაც ადგილზე იყო დიადი მარადონა, გამორჩეული, მაგრამ არასტაბილური ფორვარდი კანიჯა, მძიმე ტრავმის შემდეგ საიდანღაც გამოჩენილი ნერი პუმპიდო და გოლკიპერი სერხიო გოიკოეჩია, რომელიც იმ ჩემპიონატზე ნამდვილი იღბლის ბუკეტი იყო. ყველა დანარჩენი ფეხბურთელები, სერიოზულ მეტოქეებთან შეხვედრებში მხოლოდ ბურთის მოსაგერიებლად იყვნენ მზად.
შემტევი სტილის მოყვარულ ბილარდოს, საკუთარ თამაშზე უარი რომ არ ეთქვა, არგენტინა მედლებს ვერ აიღებდა. დონ კარლოსმა გუნდის გადაწყობა მოახერხა და ბედი, თითქმის მოატყუა. ოთხ მატჩში, რომლებშიც სამხრეთამერიკელები მხოლოდ საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ, მხოლოდ ორი გოლის გატანა მოახერხეს - ორივე კანიჯამ შეაგდო, მარადონას პასებით.
დარჩენილი საქმე იღბალმა და გოიკოეჩიამ გააკეთეს, რომელმაც ბრაზილიასთან ორთაბრძოლაში აუარებელი დარტყმა მოიგერია, იუგოსლავიასა და იტალიასთან კი პენალტების სერიიდან გამოვიდა გამარჯვებული. გერმანიასთან განმეორებით ფინალში არგენტინელები კვლავ მეტოქეზე ცუდად თამაშობდნენ, მაგრამ მექსიკელ არბიტრს, მენდესს 85-ე წუთზე საეჭვო პენალტი რომ არ დაედო, დამატებით დრომდე შეძლებდნენ საქმის მიყვანას. ბილარდო მიხვდა, რომ უნდა წასულიყო.
მას შემდეგ, არგენტინელებმა, უფრო ძლიერი ნაკრებებით, არაერთხელ გაილაშქრეს მუნდიალებზე. 1998 წელს ბატისტუტა, სიმეონე და ვერონი ამშვენებდა ალბისელესტეს, 2006 წელს რიკელმე, მასკერანო და მესი, მაგრამ ამ გუნდებმა ნახევარფინალამდეც კი ვერ მიაღწიეს.
წარმატების საიდუმლო, როგორც ჩანს, მხოლოდ ერთმა ადამიანმა იცოდა და აქედან გამომდინარე, მორიგი წარუმატებლობის შემდეგ, ხმები დაირხა, ბილარდო ნაკრების სათავეში აპირებს დაბრუნებასო და ის მართლა დაბრუნდა. თუმცა, დღეს დონ კარლოსი მხოლოდ ერთ ადამიანს ავარჯიშებს, თავის ყოფილ შეგირდს, სწორედ იმას, რომელიც 1992 წელს, 15 თვიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ, "სევილიაში" შეიფარა. ისინი კვლავ ერთად არიან - გენერალური მენეჯერი კარლოს ბილარდო და მთავარი მწვრთნელი დიეგო მარადონა - ელოდეთ მათ სამხრეთ აფრიკაში, ისინი შავ კონტინენტზე ოქროსთვის მიდიან.
www.sport-express.ru
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]