”ბარსელონა” - ”გრანადა”. ტიტო ვილანოვა მატჩის წინ
”ბარსას” მწვრთნელმა განაცხადა, რომ ის მხოლოდ ”გრანადასთან” გასამართ შეხვედრაზე ფიქრობს, რომელიც ”კარგად ორგანიზებული გუნდია, რომელიც ძლიერია კონტრ-შეტევებზე”. პუიოლის და პიკეს კლასიკოში მონაწილეობისთვის აღდგენის დაჩქარებაზე დასმულ შეკითხვაზე ტიტომ განაცხადა: ”ჩვენ არასდროს ვაჩქარებთ ფეხბურთელს იმისთვის, რომ რომელიმე შეხვედრისთვის მზად იყოს, პირველ რიგში მთავარი მათი ჯანმრთელობაა”.
ერთადერთი ფიქრი, რაც ტიტოს აწუხებს ”გრანადასთან” გასამართი შეხვედრაა. მას არ სურს 7 ოქტომბერს, მადრიდის ”რეალთან” გასამართ შეხვედრაზე ფიქრი: ”ერთადერთი რაზეც ვფიქრობ არის ის, რომ შესაძლო 15 ქულიდან ყველა ავიღოთ. ეს ყოველთვის არ ხდება”. გუნდი ხვალ ”გრანადას” ხვდება, რომელსაც ჯერ პრიმერაში გამარჯვება არ აქვს მოპოვებული: ”ხალხმა არ უნდა იფიქროს, რომ ეს ადვილი შეხვედრა იქნება. ეს ფიზიკურად ძლიერი გუნდია, კარგად აკეთებენ კონტრ-შეტევას”.
არავის ვაჩქარებთ
ტიტო ვილანოვამ უარყო ის ცნობა, რომ თითქოს გუნდი კლასიკოში მონაწილეობისთვის კარლეს პუიოლის და ჟერარდ პიკეს აღდგენით კურსებს დააჩქარებდა: ”მე მწვრთნელი ვარ, არასდროს დავაჩქარებ ფეხბურთელს იმისთვის, რომ კონკრეტული შეხვედრისთვის იყოს მზად, მათი ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია”.
როდესაც მას ”გრანადასთან” კარლეს პუიოლის და ჟერარდ პიკეს შემცვლელზე დაუსვეს შეკითხვა დარბაზში მარკ ბარტრას სახელმა გაიჟღერა. ”ხვალ გადავწყვეტ, თუ ვინ ითამაშებს. მარკ ბარტრა პირველ გუნდში იმიტომ იმყოფება, რომ იმსახურებს. მას შეუძლია დაცვაში ამ პრობლემის მოგვარება. დაცვაში თამაში ასევე ალექს სონგს შეუძლია. ის უნივერსალია. თავდაპირველად გამიკვირდა კიდეც, თუ როგორ გაიგო ჩემი მითითებები, შემდეგ კი მოედანზე შესანიშნავად შეუასრულა ისინი”.
არ არის დებატები სესკთან დაკავშირებით
ვილანოვას არ სურს სესკის ფორმაზე კითხვებს პასუხი გასცეს. ”თუკი ვინმე ამაზე მსჯელობს, სასაუბრო არაფერია. მას კარგი შეხვედრები ჰქონდა ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე და არ მესმის რა არის ცუდი, თუკი ფეხბურთელს წინ თამაშიც მოსწონს. ხანდახან მეტოქის მწველების მოტყუებაც საჭიროა”.
მესი მსოფლიოში საუკეთესოა
ტიტო ვილანოვამ ასევე შეაქო ლეო მესი. ”ის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია და ასევე ისტორიაში საუკეთესო. ”ბარსას” ყველა ქომაგისთვის პატივი იქნება, თუკი ის კარიერას აქ დაასრულებს. იმედია, რომ მას დიდი ხანი ვუყურებთ, რადგან მის მსგავს ფეხბურთელს ვეღარ ვიხილავთ”.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]