ბუსკეტსი: ”ყოველთვის ვგრძნობდი მწვრთნელების ნდობას”
კიდევ ერთ სეზონში სერხიო ბუსკეტსი ”ბარსელონას” ძირითადი შემადგენლობის წევრია. მას შემდეგ, რაც 2008 წელს ის პირველ გუნდში გადავიდა ჩამშლელი ნახევარმცველის პოზიცია მას ეკუთვნის, მიუხედავად დიდი კონკურენციისა. ”Nike”-ს ბუცის რეკლამის დროს ფეხბურთელმა დიდი მადლობა გადაუხადა ვილანოვას და გვარდიოლას მხარდაჭერისთვის: ”მნიშვნელოვანია მწვრთნელის ნდობის გრძნობა და ამას ყოველთვის ვგრძნობდი, როგორც ახლა, ისევე წარსულში. მიუხედავად ამისა თავს ძირითადის ფეხბურთელად არ ვთვლი. ყველაფერი ფორმაზეა დამოკიდებული. ის, ვინც არ მუშაობს არ თამაშობს” - განაცხადა მან.
ბუსკეტსმა ასევე გუნდის 2 ჩამშლელ ნახევარმცველზე ისაუბრა: ”ჩვენ გვჭირდებოდა ფეხბურთელები, რომლებსაც კარის დაცვა შეუძლიათ და არჩევანი მათზე შეჩერდა. მასკერანო ძალიან კარგად ჩაეწერა გუნდში, სონგის საქმეებიც ასე მიდის”. ის მიიჩნევს, რომ კამერუნელის ადაპტაციის პროცესი კარგად მიმდინარეობს, თუმცა მასში კონკურენტს ვერ ხედავს: ”ყველანი ჩვენ იმისთვის ვართ აქ, რომ გუნდს დავეხმაროთ და მისი ნაწილი ვიყოთ” - განაცხადა ბუსკეტსმა, რომელიც მზადაა ითამაშოს იქ, სადაც მწვრთნელი ჩათვლის საჭიროდ.
კლასიკო შორსაა
წინ გუნდს ელის შეხვედრები ”სევილიასთან” და ”ბენფიკასთან”, ბუსკეტსს კი ჯერ არ სურს 7 ოქტომბერს გასამართ კლასიკოზე ფიქრი. ”იქამდე ჩვენ 2 შეხვედრის ჩატარება მოგვიწევს, ამიტომაც ჯერ კლასიკოზე არ ვფიქრობთ” - განაცხადა მან. ”ეს შეხვედრა არაფერს წყვეტს, რადგან ჩემპიონატი ახალი დაწყებულია. სხვაობა ძალიან კარგია, თუმცა წინ ბევრი შეხვედრაა. გასულ სეზონში ”რეალმა” ძალიან ბევრი შეხვედრა მოიგო ზედიზედ, ამის გაკეთება მათ წელსაც შეუძლიათ”.
რაც შეეხება ”გრანადასთან” მატჩში ლეო მესის და დავიდ ვილაის შორის მომხდარ შელაპარაკებას, ბუსი მიიჩნევს, რომ ეს ”სათამაშო მომენტი” იყო. ”მესი ისეთივეა, როგორც ყოველთვის - ნამდვილი გამარჯვებული. ჩვენ ყველას გვსურს გამარჯვებები, თავდამსხმელებს კი დამატებით სურთ გოლები” - დაამატა სერხიომ.
რაც შეეხება ჩავისთან კონტრაქტის გახანგრზლივებაზე მოლაპარაკებების დაწყებას, მე-16 ნომერი ძალიან გახარებულია: ”საუბარი ”ბარსელონასთვის” ძალიან მნიშვნელოვან ფეხბურთელზე მიმდინარეობს, რომელსაც ბრწყინვალე კარიერა აქვს. ის მისაბაძი მაგალითია როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ. ძალიან ამაყები ვართ იმით, რომ მან საფეხბურთო კარიერა შეიძლება ჩვენთან დაასრულოს” - განაცხადა ბუსკეტსმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]