გოგონების თვალით დანახული ფეხბურთი
სულ ცოტა ხანი დარჩა ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე. მუნდიალს მსოფლიოს ყველა კუთხეში მოუთმენლად ელიან. რა თქმა უნდა, გამონაკლისი არც საქართველოა. ჩვენთანაც იქმნება სხვადასხვა ეროვნული ნაკრების ფან-კლუბები, ეწყობა თავშეყრის ადგილები, ყენდება მონიტორები და ასე შემდეგ. მართალია, ჩვენი ნაკრები ვერაფრით ახერხებს მსოფლიო პირველობის ფინალურ ეტაპზე მოხვედრას, მაგრამ ამას უკვე დიდი ხანია შევეგუეთ და ისღა დაგვრჩენია, რომ უცხოელი სპორტის გენიოსების თამაშის ყურებით მივიღოთ სიამოვნება.
ამ საყოველთაო აჟიოტაჟში ერთი ფრიად ნიშანდობლივმა და საინტერესო ფაქტმა მიიპყრო ჩემი ყურადღება: როგორც აღმოჩნდა, ქალბატონებიც არანაკლები ენთუზიაზმითა და შემართებით ემზადებიან მომავალი ჩემპიონატისთვის, არც უკვე ხსენებული ფან-კლუბები უჩივიან მანდილოსანთა ნაკლებობას და საქართველოში სტადიონებზეც საგრძნობად იმატა სუსტი სქესის გულშემტკივართა რიცხვმა. არადა, ჩვენთან უკვე დიდი ხანია არსებობს სტერეოტიპი, რომ ფეხბურთი კაცის საქმეა, ქალებს არ აინტერესებთ და არც ესმით იგი.
რაღა დაგიმალოთ და არც თუ ისე დიდი ხნის წინ თავადაც მიმაჩნდა, რომ ფეხბურთი მანდილოსნების საქმე არ იყო, მაგრამ ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა და იმ ინტერვიუებმა, რომლებიც გოგონებთან ავიღე საფეხბურთო თემებზე, სრულიად შემაცვლევინა აზრი. აღმოჩნდა, რომ ისინი არა თუ მხოლოდ ერკვევიან თანამედროვე ფეხბურთში, არამედ მასზე საინტერესო მსჯელობა და განხილვაც შესანიშნავად შეუძლიათ. მოდი პირდაპირ შემოგთავაზებთ მათთან ჩაწერილ ინტერვიუებს და თავად განსაჯეთ არის თუ არა ეს ნამდვილად ასე:
Barcelonisimo, 23 წლის.
- ნინო სად, რა გარემოში აპირებ მსოფლიო ჩემპიონატის ყურებას?
- ძირითადად სახლში, თუ სადმე იქნება ფან-კლუბების და ჩემი მეგობრები შეიკრიბებიან იქაც არ გამოვრიცხავ მისვლას. სამწუხაროდ ამ დროს მუშაობაც მომიწევს და ზოგჯერ შესაძლოა სამსახურშიც მომიწიოს მატჩების ყურება.
- რა აზრის ხარ იმაზე, რომ უცხოეთის ეროვნულ ნაკრებებს ამდენი ფან კლუბი აქვთ ჩვენს ქვეყანაში, ხოლო თავად ქართული გუნდების თამაშებზე ნაკლებად დადის ხალხი? რა არის ამის მიზეზი?
- რომელი ერთი ჩამოვთვალო. საშინელი ხარისხის ფეხბურთი, გულშემატკივრის იმედების მრავალგზის გაცრუება... როდესაც ხედავ, რომ შენს ნაკრებს არ ეტყობა მოტივაცია, არ შესწევს გამართული და თანამედროვე ფეხბურთის თამაშის უნარი, ხოლო შენ ნამდვილი ფეხბურთი გიყვარს, გრჩება მხოლოდ ერთი გამოსავალი: უგულშემატკივრო იმას, ვინც ასეთ ფეხბურთს თამაშობს.
- რომელიმე ნაკრებს განსაკუთრებით გულშემატკივრობ, თუ უნრალოდ კარგი ფეხბურთის ნახვის მოლოდინში ხარ?
- მე ვუგულშემატკივრებ ლამაზ ფეხბურთს და განსაკუთრებით იმ ნაკრებებს, რომლებშიც "ბარსელონას” ფეხბურთელები თამაშობენ. მიმაჩნია, რომ ყველაზე მეტი შანსი ესპანეთის ნაკრებს აქვს, თუმცა როგორც ერთმა რუსმა კომენტატორმა თქვა: дурак будет марадона если не станет чемпионам мира с таком парнем как ლეო მესსი.
- ბოლოდროინდელი ტენდენციის მიხედვით, ქალბატონები და გოგონები არანაკლებ მძაფრად არიან ჩართული საფეხბურთო პერიპეტიებში, ვიდრე მამაკაცები, ამას როგორ შეაფასებდი? კვლავ აქვს იმ მოსაზრებას არსებობის საბაბი, რომ ქალბატონებს ფეხბურთი ნაკლებად ესმით?
- გაგებით, ტაქტიკა და წვრილმანი ნიუანსები შესაძლოა ნაკლებად გვესმის, მაგრამ, რაც მთავარია, უამრავი ქალბატონი მშვენივრადაც აღიქვამს და არჩევს იმას, თუ რა არის ლამაზი და ულამაზო ფეხბურთი. ქალებიც ისევე მოყავს აღტაცებაში მესის გოლებსა და ხავის გენიალურ პასებს, როგორც მამაკაცები. იმ აზრისგანაც შორს ვარ, რომ ქალბატონები ფეხბურთს მამაკაცების გამო უყურებენ, სისულელეა... ფეხბურთი ჩემთვის სპორტის ნომერ პირველი სახეობაა და ბევრჯელ მიფიქრია, როგორი ბედნიერი ვარ ფეხბურთი რომ არსებობს.
- რას ელი ამ მსოფლიო ჩემპიონატისგან, რომელ ნაკრებებს თვლი მთავარ ფავორიტებად და რაიმე სიურპრიზებს ხომ არ უნდა ველოდოთ რომელიმე მათგანისგან?
- საერთოდ, მასპინძელი ქვეყნების გუნდები ხშირად გვთავაზობენ ხოლმე სიურპრიზებს, გავიხსენოთ თუნდაც კორეა-იაპონია. ყველაზე მეტი შენსი ესპანეთს აქვს შემადგენლობიდან გამომდინარე, თუმცა ეს მსოფლიო ჩემპიონატია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
Miss_gaucho_Barcashi, 16 წლის.
- სად აპირებ ჩემპიონატის ყურებას გვანცა?
- თუ მშობლები ნებას დამრთავენ, ფან-კლუბების შეკრების ადგილებს მივაკითხავ მნიშვნელოვან თამაშებზე, ისე კი, ალბათ, სახლში ვუყურებ, მეგობრებთან ერთად.
- რომელ ნაკრებს გულშემატკივრობ და რატომ?
- 2002 წლიდან ვგულშემატკივრობ ბრაზილიას და წელსაც არ დავარღვევ ტრადიციას, მიუხედავად იმისა, რომ დუნგამ ჩემი უსაყვარლესი ფეხბურთელი, რონალდინიო არ წაიყვანა მუნდიალზე. ბრაზილიის შემდეგ ესპანეთს ვქომაგობ, ეს უფრო იქიდან გამომდინარე, რომ შემადგენლობაში "ბარსელონას" უამრავი ფეხბურთელი ჰყავთ და შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობენ. არ მინდა, რომ ინგლისმა გაიმარჯვოს, არ მომწონს ინგლისის ნაკრების თამაში.
- შენი მეგობრები ვის გულშემატკივრობენ და თუ არიან ასევე აქტიურად ჩართული საფეხბურთო ციებ-ცხელებაში?
- ჩემი მეგობრებიც, ძირითადად, "ბარსელონას" გულშემატკივრები არიან და ისინიც ბრაზილიასა და ესპანეთს გულშემატკივრობენ, თუმცა არის რამდენიმე ისეთიც, რომელიც სხვა ნაკრებებს ქომაგობს მაგ; საფრანგეთს ან არგენტინას.
- რატომ მაინც და მაინც ბრაზილია?
- ბრაზილიური თამაშის სტილი სტილი მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ფეხბურთად არის აღიარებული, ბრაზილიელები სწრაფ ტემპში და პუბლიკის სიამოვნებისთვის თამაშობენ. მაგალითად, იტალიის ნაკრები კი მხოლოდ შედეგზე ორიენტირებულ ფეხბურთს თამაშობს, რაც ჩემთვის მიუღებელია, ამიტომაც ვარ ბრაზილიის გულშემატკივარი.
- როგორ შეაფასებდი იმას, რომ საქართველოში სხვა ქვეყნების ნაკრებებს ამხელა ფან-კლუბები ჰყავთ?
- გამომდინარე იქიდან, რომ ქართული ფეხბურთი დიდი ვერაფერი სანახავია და არც შედეგი აქვთ ქართულ გუნდებს (კლუბებსა თუ სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებს) სახარბიელო, რჩება ერთი გამოსავალი: უგულშემატკივრო იმას, ვინც ნამდვილ სანახაობრივ და შედეგიან ფეხბურთს თამაშობს, ჩემს შემთხვევაში ეს ბრაზილიაა.
- ამ ფორმაციის ბრაზილიის ნაკრებში რომელია ის ფეხბურთელი, რომლისაც ყველაზე მეტად გეიმედება?
- რობინიო.
- რატომ რობინიო და არა კაკა?
- კაკა იმ დონეზე ნამდვილად ვეღარ თამაშობს, რასაც მილანში აჩვენებდა, რობინიომ კი ბრიტანეთიდან სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მკვეთრად მოუმატა და მჯერა, რომ თავის სიტყვას იტყვის.
- რომელი ნაკრებები იქნებიან ბრაზილიისთვის ყველაზე საშიში მეტოქეები?
- ასეთებად ესპანეთსა და ინგლისს ვთვლი, თუმცა არგენტინის დავიწყებაც არ შეიძლება, თუნდაც მხოლოდ მათი თავდასხმის ხაზის ძალიდან გამომდინარე.
nakani, 19 წლის.
- ანა როგორ ემზადები, რას გეგმავ მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის წინ? ვისთან ერთად და სად აპირებ მატჩებისთვის თვალის მიდევნებას?
- ჩემპიონატი, სამწუხაროდ, გამოცდების პერიოდს ემთხვევა, ამიტომ დიდი ძალისხმევა მომიწევბს, რათა დრო გამოვძებნო თამაშების სანახავად. ისე კი, ან მარტო ვუყურებ და ან მეგობრებთან ერთად, რადგანაც ოჯახის წევრები დიდად არ ინტერესდებიან ფეხბურთით.
- რომელ ნაკრებს გულშემატკივრობ? ერთია ასეთი, თუ რამდენიმე?
- უფრო ესპანეთსა და არგენტინას, ინგლისიც საკმაოდ მესიმპატიურება, ასევე დიდი სურვილი მაქვს, რომ აფრიკულმა გუნდებმაც მიაღწიონ წარმატებას. არ მომწონს იტალიელების თამაში და მათ ნამდვილად არ ვუგულშემატკივრებ.
- ხომ არ გეგმავ იმ ფან-კლუბებიდან რომელიმეში გაწევრიანებას, რომლებიც თბილისში იქმნება მუნდიალის წინ?
- თუ მოვახერხებ, ესპანეთის ნაკრების ფან-კლუბში აუცილებლად გავწევრიანდები და მასთან ერთად ვუყურებ "ფურია როხას” ყველა მატჩს.
- რომელი ფეხბურთელი (ფეხბურთელები) იტვირთებს ამ ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრების ლიდერობას?
- ჩემი აზრით, თითოეული მათგანი ლიდერია და თითოეულზე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, სარეზერვო ფეხბურთელებზეც კი, მაგრამ, თუ მაინც ერთი უნდა გამოვყო, ხავის გამოვარჩევდი, იგი ესპანეთის ნაკრებში, ისევე, როგორც "ბარსელონაში,” გუნდის ნამდვილი ტვინი და მამოძრავებელი ძალაა.
- რომელი ნაკრებები გაუწევენ ესპანეთს ყველაზე მძლავრ კონკურენციას ტიტულისთვის ბრძოლაში?
- ინგლისი და არგენტინა.
- გოგონები მართლა ასე აქტიურად ხართ ჩართული საქართველოში საფეხბურთო პერიპეტიებში, თუ ეს მხოლოდ ერთეულებზე ითქმის?
- ჩართული და დაინტერესებული ნამდვილად ბევრია, მაგრამ ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ რეალურად ყველა ერკვევა, ვისაც ფეხბურთი აინტერესებს, არიან ისეთებიც, რომლებიც ფეხბურთს მხოლოდ სიმპატიური ბიჭების სანახავად უყურებენ (იცინის).
- ვუვუზელაზე რას იტყვი?
- საშინელებაა!
- უნდა აეკრძალა ფიფას?
- აკრძალვით, ალბათ, არ უნდა აეკრძალა, რადგან მასაც თავისი ხიბლი აქვს და შეხვედრებს ეგზოტიკურობას სძენს, მაგრამ ტელემაყურებლისთვის ნამდვილად უსიამოვნოა.
- რეალურად რამდენად დიდია იმის შანსი, რომ მსოფლიოს ახალი ჩემპიონი ჰყავდეს, ისეთი, რომელსაც ჯერ არ აღუმართავს მსოფლიო თასი? ესპანეთსა და ჰოლანდიას ვგულისხმობ მაგალითად...
- რთული სათქმელია, ამჟამად ეს ორი გუნდი ხარისხობრივად მართლაც შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატი ის ტურნირია, რომელზეც ყველა გუნდი თანაბარი პოზიციიდან იწყებს თამაშს და აქ ორმაგი ძალისხმევაა საჭირო, რათა მსოფლიოს საუკეთესო გუნდების წინააღმდეგობა და ფსიქოლოგიური წნეხი წარმატებით დასძლიო.
- ფეხბურთელებზე რას იტყვი? ვისგან უნდა ველოდეთ ყველაზე მეტს?
- მესისგან. გენიოსია!
თამარ ბენდელიანი (moreira), 18 წლის.
- თაკო სად აპირებ ჩემპიონატის მატჩების ყურებას? სახლში, მეგობრებთან, თუ რომელიმე ნაკრების ფან-კლუბში ჩაეწერები?
- არა, ფან-კლუბებში არ ვაპირებ ჩაწერას, ალბათ, სახლში, ან მეგობრებთან ერთად ვუყურებ.
- როგორ ფიქრობ, რა არის იმის მიზეზი, რომ სხვა ქვეყნების ნაკრებებს ამდენი გულშემატკივარი ჰყავს საქართველოში მაშინ, როდესაც ქართული გუნდების თამაშებზე ტრიბუნები მუდმივად ცარიელია?
- ვფიქრობ, რომ მთავარი პრობლემა, ისევ და ისევ, საქართველოს ეროვნულ ნაკრებშია. ჩვენი ნაკრები, რბილად რომ ვთქვათ, ვერ თამაშობს დამაჯერებლად. ქართული გულშემატკივრის ხასიათიდან გამომდინარე კი, როდესაც გუნდი აგებს და ვერ თამაშობს, ისედაც ნახევრად ცარიელი ტრიბუნები სულ მთლად ცარიელდება. ვთვლი, რომ ქართველებს გულშემატკივრობის კულტურა არ აქვთ განვითარებული.
- დავუბრუნდეთ ისევ მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიმე ნაკრებს გულშემატკივრობ განსაკუთრებით?
- დიახ, რა თქმა უნდა, ესპანეთს. ესპანეთის ნაკრებში რამდენიმე ჩემი უსაყვარლესი ფეხბურთელი თამაშობს, საერთოდაც, უკვე 7 წელია "ბარსელონას” გულშემატკივარი ვარ და არ უნდა იყოს გასაკვირი, თუ რატომ ესპანეთი.
- რომელი ნაკრებები გაუწევენ ესპანეთს ყველაზე მძლავრ მეტოქეობას ჩემპიონობისთვის ბრძოლაში?
- იტალია და ინგლისი.
- არსებობს მოსაზრება, რომ ქალები ფეხბურთში ნაკლებად ერკვევიან და, საერთოდაც, ფეხბურთი მანდილოსნების საქმე არ არის. რას იტყოდი ამაზე?
- რა თქმა უნდა, არ ვეთანხმები. არა მგონია, ბევრი ბიჭი ჩემზე უფრო კომპეტენტური იყოს ამ საკითხში. ბოლოს და ბოლოს, ფეხბურთის ყურების 7 წლიანი გამოცდილება მაქვს და ვთვლი, რომ საკმაოდ გემოვნებიანი გულშემატკივარიც ვარ. რაც, თავის მხრივ, "ბარსელონას” ქომაგობაშიც გამოიხატება. უკაცრავად, მაგრამ აქ არ შემიძლია სუბიექტური არ ვიყო (იცინის).
- შენს მეგობრებში რამდენად ბევრი გოგო არის დაინტერესებული ფეხბურთით?
- საკმაოდ ბევრი და ამ ფაქტს ნამდვილად მივესალმები. მეტიც, სხვადასხვა კლუბების გულშემატკივართა შეკრებების დროს ხშირად ისეც ხდება, რომ გოგონები ჭარბობენ.
- დავუბრუნდეთ ისევ მუნდიალს, ვის ისურვებდი ფინალში ესპანეთის ნაკრების მეტოქედ?
- იტალიას. ნამდვილად საინტერესო თამაში იქნება, ერთმანეთს დაუპირისპირდება ორი რადიკალურად განსხვავებული საფეხბურთო ფილოსოფია.
- ინდივიდუალურად ვის და რა კუთხით გამოარჩევდი ამ ჩემპიონატზე? რომელ ფეხბურთელებს ექნებათ პრეტენზია მუნდიალის საუკეთესო მოთამაშის ტიტულზე?
- ხავი ერნანდესსა და კარლეს პუიოლს მათი გამოცდილებიტ და ლიდერის თვისებებით გამოვარჩევდი, მაპატიეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა ვიყო ძალიან სუბიექტური (იცინის).
- ესპანეთს კონკრეტულად ამ მსოფლიო ჩემპიონატზე გულშემატკივრობ, თუ საერთოდ?
- არა, ეს პირველი შემთხვევაა, მანამდე ბრაზილიას ვქომაგობდი რონალდინიოს ხათრით.
- რას უნდა ველოდეთ რეალურად აფრიკული გუნდებისგან? შესწევთ მათ სიურპრიზების შემოთავაზების ძალა, თუ ამის მოლოდინი გაზვიადებულია?
- ვთვლი, რომ ამის მოლოდინი ცოტათი გაზვიადებულია.
- ფავორიტებიდან რომელი გუნდი რა კოზირების გამოყენებას ეცდება, შენი აზრით?
- იტალიელები ძალიან იგბლიანები არიან, ეს აუცილებლად უნდა აღინიშნოს. ინგლისს შემადგენლობის მხრივ ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრები ყავს. მაგრამ მე, როგორც გულშემატკივარი, რომელიც მხოლოდ ტაბლოს არ უყურებს, ვთვლი, რომ ესპანეთის ნაკრებს თავისი ლამაზი და შემტევი ფეხბურთის სახით ყველაზე დიდი კოზირი უჭირავს ხელში.
LoveBarca, 23 წლის.
ირმა, რამდენი ხანია, რაც ფეხბურთს აქტიურად ადევნებ თვალს?
1998 წლიდან. 98 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიას ვგულშემატკივრობდი.
- ამჯერად ვის გულშემატკივრობ? კონკრეტულად რომელიმე ნაკრებს, თუ რამდენიმეს?
- ბრაზილიის გულშემატკივარი ისევ ვარ, მაგრამ ძალიან მეწყინა, რომ დუნგამ გუნდში რონალდინიო არ გამოიძახა. ვთვლი, რომ ბრაზილიას გაცილებით ძლიერი შემადგენლობა შეიძლება ჰყოლოდა. ბრაზილიის გარდა ესპანეთს ვქომაგობ, ასევე კოტ დი’ვუარს და ვთვლი, რომ ამ ჩემპიონატის აღმოჩენა სწორედ კოტ დი’ვუარი იქნება.
- რა არის ამ სამი ნაკრების ძლიერი და სუსტი მხარეები?
- ბრაზილიის სუსტ მხარედ მთავარ მწვრთნელს მივიჩნევ, თუმცა 2002-შიც ასევე ვფიქრობდი, მაგრამ მაშინ პარეირამ გუნდი გააჩემპიონა. მაშინ გუნდში რონალდო და რივალდო იყვნენ, ახლა ასეთები აღარ არიან, თუმცა არის რონალდინიო, რომელიც აუცილებლად უნდა წაეყვანა დუნგას. ესპანეთს საერთოდ უძლიერესი შემადგენლობა ჰყავს და ამ მხრივ მთავარი ფავორიტია, კოტ დი;ვუარში კი რამდენიმე მსოფლიო დონის ვარსკვლავი თამაშობს და მთი მეშვეობით შეუძლიათ წარმატების მიღწევა.
- მოახლოებულ ჩემპიონატთან დაკავშირებიც თბილისიც აქტიურად ემზადება, ყენდება მონიტორები და იქმნება ფან-კლუბები, რომელიმე მთგანში ხომ არ გეგმავ გაწევრიანებას და მატჩების მათთან ერთად ყურებას?
- ჯერ არ მომიფიქრებია, მეგობრებს შევუთანხმდები და ერთად გადავწყვეტთ.
- თავად ჩემპიონატისგან რას ელი? ნამდვილად შესწევს შავ კონტინენტს მსგავსი მასშტაბების სპორტული ღონისძიების ღირსეულად მასპინძლობის უნარი?
- აფრიკის სხვა ქვეყნებთან შედარებით, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა საკმაოდ განვითარებული ქვეყანაა, თანაც ამ მუნდიალის ორგანიზებისთვის ფიფამ 2 მილიარდი დოლარი დახარჯა, ასე რომ, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი უმაღლეს დონეზე იქნება. წინა მუნდიალმა იმედები გამიცრუვა, მაგრამ ახლა გული მიგრძნობს, რომ გაცილებით საინტერესო ჩემპიონატი გველის.
- ვუვუზელაზე რას იტყვი?
- როდესაც კონფედერაციის თასის შეხვედრებს ვადევნებდი თვალს, ტელევიზორს ხმას ვუთიშავდი, უბრალოდ საშინელებაა. გასაგებია, რომ ეს აფრიკელების ტრადიციაა და ვუვუზელას ხმას მიჩვეულები არიან, მაგრამ ჩვენ რა დავაშავეთ?! იმედია ფიფა ზომებს მიიღებს ამ საკითხთან დაკავშირებით.
- მანდილოსნები უკვე ძალიან აქტიურად ხართ ჩართული საფეხბურთო ციებ-ცხელებაში. მოვიდა თუ არა დრო, რომ დაიმსხვრეს სტერეოტიპი, თითქოს ფეხბურთი სუსტი სქესის წარმომადგენლებს ნაკლებად ესმით და ეს მათი საქმე არაა?
- ჩემთვისაც ბევრჯელ უთქვამთ ბიჭებს: გოგო ხარ და ფეხბურთზე როგორ გელაპარაკოთო, მაგრამ როდესაც ხვდებიან, როგორ ვერკვევი ფეხბურთში, თავიანთი სიტყვები უკან მიაქვთ ხოლმე (იცინის). ბევრ გოგოს ვიცნობ, რომელიც არაჩვეულებრივად ერკვევა ფეხბურთში. ასე რომ, ეს სტერეოტიპი ნელ-ნელა იმსხვრევა.
Pepe, 14 წლის.
- რამდენი ხანია, რაც ფეხბურთს აქტიურად უყურებ და გულშემატკივრობ?
- 4 წელია.
- როგორ ემზადები მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიმე ფან კლუბში ხომ არ აპირებ გაწევრიანებას?
- არა მგონია, ალბათ, სახლში ვიქნები ჩემთვის და ისე ვუყურებ ტელევიზორში.
- შენი მეგობრებიდან ბევრია ისეთი გოგონა, რომელიც შენნაირადაა დაინტერესებული ფეხბურთით?
- ჩემი თანატოლებიდან არც ისე ბევრია, მაგრამ ოდნავ უფრო მოზრდილებს ბევრს აინტერესებს ფეხბურთი.
- რომელ გუნდს გულშემატკივრობ განსაკუთრებით?
- რაც ფეხბურთის ყურება დავიწყე, იქიდან მოყოლებული ბრაზილიას ვგულშემატკივრობ, ახლა უკვე ესპანეთსაც.
- სხვა ნაკრებებიდან რომელს გამოარჩევდი?
- გერმანიას. გერმანელებს ყოველთვის სტაბილური და მებრძოლი გუნდი ჰყავთ, მართალია წელს დიდი დანაკლისი ექნებათ ბალაკის სახით, მაგრამ მაინც შესწევთ წარმატებით თამაშის ძალა.
- რას თვლი ბრაზილიისა და ესპანეთის სუსტ და ძლიერ მხარეებად?
- ბრაზილიის სუსტი მხარე, სავარაუდოდ, მწვრთნელი და დაცვა იქნება, წინ ყველაფერი რიგზე აქვთ. რაც შეეხება ესპანეთს, მათთვის სუსტი რგოლის პოვნა უბრალოდ შეუძლებელია.
- რას ფიქრობ ზოგადად ჩემპიონატზე? როგორი ჩემპიონატი იქნება, ვუვუზელა და მსაჯები ხომ არ გააფუჭეებენ?
- არა, არა მგონია, მთავარია ფეხბურთელებმა არ გააფუჭონ. ვუვუზელას რაც შეეხება თავისი ხიბლი მასაც აქვს, მაგრამ ძალიან მოქმედებს გულშემატკივართა უმრავლესობის ნერვებზე.
marymari, 17 წლის.
მსოფლიო ჩემპიონატის ყურებას როგორ გარემოში აპირებ?
მეგობრებთან ერთად, ან სახლში.
- რომელ გუნდს გულშემატკივრობ განსაკუთრებით, გყავს გამორჩეული ნაკრები?
- დიახ, საფრანგეთი.
- საფრანგეთს მხოლოდ ამ ჩემპიონატზე გულშემატკივრობ, თუ უკვე დიდი ხანია?
- საფრანგეთის აქტიური გულშემატკივარი ვარ 2002 წლიდან მოყოლებული.
- როგორ ფიქრობ, რა არის დღევანდელი ფორმაციის საფრანგეთის ნაკრების სუსტი და ძლიერი მხარეები?
- სუსტი მხარე მთავარი მწვრთნელი რაიმონ დომენეკია, ძლიერი მხარე კი _ დაცვა.
- დომენეკი ახსენე და როგორ ფიქრობ, შეცდომა იყო მისი მხრიდან ნასრის, ბენზემასა და ვიეირას სამუნდიალო განაცხადის მიღმა დატოვება?
- დიახ, თან ალიან დიდი შეცდომა იყო. ნასრი მაინც აუცილებლად უნდა წაეყვანა. საერთოდაც საფრანგეთს შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ შედეგს ვერ აღწევს და ამ მუნდიალზეც თუ ვერაფერს მიაღწია, ამაში მთავარი დამნაშავე სწორედ დომენეკი იქნება.
- რომელ ნაკრებებ თვლი ტიტულის მოგების მთავარ ფავორიტებად და საფრანგეთის ნაკრების მთავარ კონკურენტებად?
- ესპანეთს. ყველაზე დიდი შანსი სწორედ "ფურია როხას” აქვს. იმის გარდა, რომ უძლიერესი ინდივიდუალისტები ჰყავთ, გუნდურადაც ბრწყინვალედ თამაშობენ, მწვრთნელიც შესაფერისია, ასე რომ, ესპანეთი მთავარი ფავორიტია.
- რომელიმე ფეხბურთელს ხომ არ გულშემატკივრობ პერსონალურად ამ მუნდიალზე?
- ტიერი ანრის ვგულშემატკივრობ უკვე ზუსტად 9 წელია და დღემდე საუკეთესოდ მიმაჩნია.
- დღევანდელ საფრანგეთის ნაკრებში მან უნდა იტვირთოს ლიდერის ფუნქციები? კიდევ ვის გამოარჩევდი ისეთს, ვისაც შეუძლია გადამწყვეტ მომენტში ლიდერობის თავის თავზე აღება?
- ვფიქრობ, ასეთები ფრანკ რიბერი და ნიკოლა ანელკა არიან.
- ვის ისურვებდი მეტოქედ ფინალში საფრანგეთისთვის?
- მეტოქედ ბრაზილიას ავირჩევდი. არა იმიტომ, რომ სუსტი გუნდია, პირიქით, უბრალოდ ამ ორი გუნდის შეხვედრები ყოველთვის "მამლების” გამარჟვებით სრულდება.
როგორც ხედავთ, გოგონები არა თუ ერკვევიან ზოგადად ფეხბურთში, ხშირ შემთხვევაში, თითოეული გუნდის შიდა სამზარეულოშიც კარგად არიან ჩახედული და ფეხბურთზე მათი მსჯელობის მოსმენის შემდეგ ნამდვილად არ რჩება განცდა, რომ ფეხბურთის უცოდინარს ესაუბრე. მეტიც, შეიძლებმა ბევრმა მამაკაცმა არც კი იცოდეს იმდენი გუნდის მთავარი მწცრთნელის ვინაობა, რამდენიც მათ იციან და როგორც დავინახეთ მათ გადაწყვეტილებებსაც კი თამამად აკრიტიკებენ. ესეც თქვენ ბატონებო, რომლებსაც კიდევ გჯეროდათ, რომ ფეხბურთი ქალების საქმე არ არის. ნურას უკაცრავად! ფეხბურთს არ აქვს ასაკი, რასა, აღმსარებლობა, გარეგნობა და რაც მთავარია სქესი, იმედია ამაში ამ ინტერვიუების წაკითხვის შემდეგ მაინც დარწმუნდებით.
ავტორი: თორნიკე რაზმაძე - tokagamer
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]