უსათაუროდ
ელდა. ყველაზე ზუსტად ალბათ ეს 4 ასო და მათი ეს თანმიმდევრობა გამოხატავს იმ ადამიანურ განცდას, რომლის წერილობითი გადმოცემაც ურთულესია. ალბათ ყველას ეს გრძნობა დაეუფლა დღეს, როდესაც ტიტო ვილანოვას მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა ან წაიკითხა. ეს ამბავი უსიამოვნო განწყობაზე დააყენებდა ყველას, განურჩევლად სქესისა, ასაკისა და საფეხბურთო გემოვნებისა (ხაზგასმით). გამონაკლისი არც თქვენი მონა-მორჩილი გახლდათ. ეს ნაცნობი მომენტია, ალბათ ყველას გამოუცდია. ეს ის მომენტია, როდესაც მეორე ადამიანის გასაჭირის შესახებ იგებ რამეს და გავიწყდება ყველაფერი სხვა, ცხოვრებისეული, ყოველდღიური. მომენტი, როდესაც ხვდები, თუ რამდენად უმნიშვნელო რამეებს აქცევ ყურადღებას, როცა მსგავსი პრობლემა არ გაწუხებს. გიჩნდება სურვილი გადადო ყველაფერი, გაიღო შენი შესაძლებლობების მაქსიმუმი და დაეხმარო ადამიანს, თუნდაც სულ უმნიშვნელო რამით, ოღონდ რამე გააკეთო. ეს გრძნობა ჩვენთვის უცხო არაა და არც მის დამარცხებაში ვართ გამოუცდელები: გავიხსენოთ ერიკ აბიდალის მაგალითი, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ ექიმებმა თამაშის ნება დართეს. მიუხედავად ამისა ამჯერად საქმე მაინც უფრო განსაკუთრებულ შემთხევასთან გვაქვს. მოვლენასთან, რომელმაც მთელი სპორტული ბრენდის (და არა მხოლოდ საფეხბურთო კლუბის) გეგმები და განაწესები არია და საგანგებო რეჟიმში გადაიყვანა. ყველას ყურადღება ხელმძღვანელობისკენაა მიმართული. ჟურნალისტებს, ექსპერტებს, საზოგადოებას და რაც მთავარია გულშემატკივრებს აინტერესებთ თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სანდრო როსელი ასეთ ვითარებაში. ალბათ თითოეულ კულეს აქვს თავის თავში ჩამოყალიბებული გეგმა, რომელიც მისი აზრით საუკეთესო იქნება მოცემული სიტუაციიდან გამოსავლის საპოვნელად და სწორედ მათი დიდი ნაწილის აზრის გათვალისწინებითა და თხოვნით ვეცდები გავაჟღერო ეს აზრი ჩვენს გვერდზე, რაც არ უნდა აბსტრაქტულად და აბსურდულად ჩანდეს: "ბარსელონას" გულშემატკივართა დიდი ნაწილის სურვილი გახლავთ გუნდში პეპ გუარდიოლას დაბრუნება. ადამიანის, რომელიც უკვე ოქროს ასოებით შევიდა საფეხბურთო ისტორიაში და რომელიც კატალონიაში დღემდე უსაზღვროდ უყვართ. ალბათ, მაინც რთულად სავარაუდოა, რომ მსგავსი რამ მოხდება, მაგრამ არსებობს ერთი ნიუანსი, რომელიც არ უდნა დაგვავიწყდეს - პეპმა წასვლის წინ განუცხადა გულშემატკივარს: "მე ყველაზე საიმედო ხელში გტოვებთ. ტიტოს ბოლომდე ვენდობი. მაგრამ ისიც მინდა იცოდეს, რომ თუ მას რაიმეში ჩემი დახმარება დასჭირდება, მე აქვე ვიქნები, მის გვერდით."
დრო დადგა: ტიტოს, "ბარსელონასა" და გულშემატკივრებს სწორედ ახლა სჭირდები! დაბრუნდი პეპ!
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]