გუარდიოლა: „ბარსელონას“ სათამაშო სისტემა ძალიან მარტივია“

გუარდიოლა: „ბარსელონას“ სათამაშო სისტემა ძალიან მარტივია“

"ბარსელონას" ლეგენდარული ფეხბურთელი და მწვრთნელი პეპ გუარდიოლა თავისი ყოფილი კლუბის თამაშზე კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ სინამდვილეში, კატალონიელთა სათამაშო სისტემა ძალზე მარტივია.

გუარდიოლასთან ინტერვიუ მანამდეა ჩაწერილი, სანამ მისი "ბაიერნში" დანიშვნის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად გავრცელდებოდა, მაგრამ კატალონიელი სპეციალისტი მაინც ამბობს, რომ "ბარსელონას" სისტემას იგი თავის მომავალ კლუბებშიც გამოიყენებს.

"ხალხი ამბობს, რომ "ბარსელონას" სათამაშო სისტემა ძალზე რთულია, მაგრამ ეს სიმართლე არაა. ეს სისტემა საკმაოდ მარტივია და იგი ბურთის ფლობას გულისხმობს. ბურთი უნდა გვქონდეს ჩვენ და ვნახოთ, ვინ მოახერხებს მის წართმევას. ვცდილობთ, ერთმანეთს რაც შეიძლება მეტი გადაცემა გავუკეთოთ და შემდეგ, მეტოქის კარი დავლაშქროთ. მომავალშიც ვაპირებ გავაკეთო იგივე, რასაც ფეხბურთელის და მწვრთნელის კარიერის დროს ვაკეთებდი." - აცხადებს პეპ გუარდიოლა.

"ბაიერნის" მომავალი მთავარი მწვრთნელი მიმდინარე სეზონში "ბარსელონას" თამაშზეც საუბრობს და აცხადებს, რომ კატალონიელთა შემყურე, იგი ბედნიერია.

"ბარსელონას" თამაში ჩემთვის საუკეთესო საჩუქარია. ვხედავ, რომ ყველაფერი წარმატებით ფუნქციონირებას განაგრძობს. როდესაც საქმეს კარგად აკეთებ, ეს მომავალშიც გაგრძელდება და ეს ჩემთვის დიდი პატივია.

ტიტო ვილანოვას ჯანმრთელობის გაუარესება ძალიან განვიცადე. ვიცი, რომ ის ძლიერი ადამიანია და საიმედო ხელში იმყოფება. ტიტოს კლუბი და ოჯახი გვერდში უდგანან, ასე რომ, ის იბრძოლებს და პრობლემებს გაუმკლავდება."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.