15 წელი „ახალგაზრდული“ 5:0-ის შემდეგ

15 წელი „ახალგაზრდული“ 5:0-ის შემდეგ

სანამ "ბარსელონასა" და "რეალის" პირველი გუნდები ესპანეთის თასზე ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, "ბარსა ბ" და "რეალ კასტილია" ურთიერთობას ესპანეთის მე-2 დივიზიონში გაარკვევენ. "მინი კლასიკო" დღეს, თბილისის დროით 20 საათზე გაიმართება.

ქალაქმა ბარსელონამ, "მინი კლასიკოს" ბოლოს 15 წლის წინ, 1998 წლის 21 ივნისს უმასპინძლა. იმ შეხვედრაში, ახალგაზრდა კატალონიელებმა თანატოლი მადრიდელები 5:0 გაანადგურეს. შეხვედრაში ანგარიში თმახუჭუჭა ბიჭმა, გვარად პუიოლმა გახსნა.

სულ, "ბარსელონასა" და "რეალის" ახალგაზრდულ გუნდებს, ბარსელონაში, 16-ჯერ უთამაშიათ. 7-ჯერ კატალონიელებმა მოიგეს, 4 თამაში ფრედ დასრულდა, ხოლო 5-ჯერ გამარჯვება მადრიდელებს დარჩათ.

პირველად, გუნდები ერთმანეთს 1975 წელს, თასზე დაუპირისპირდნენ. ბარსელონაში გამართული შეხვედრა მასპინძლებმა 2:0 მოიგეს და მართალია განმეორებითი მატჩი 2:3 წააგეს, მაგრამ შემდეგ ეტაპზე მაინც გავიდნენ.

"მინი კლასიკოში" უთამაშიათ ტიტო ვილანოვას, ხორდი როურასა და "რეალ კასტილიას" ამჟამინდელ მწვრთნელს, ალბერტო ტორალს. სამივეს შემთხვევაში, "მინი კლასიკოში" დებიუტი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩართვით შედგა.

1987 წლის 10 ოქტომბერს, "მინი კლასიკოს" შესვენებაზე, ხორდი როურამ ხუან კარლოს როხო შეცვალა. იმ მომენტისთვის, მადრიდელი ახალგაზრდები 1:0 იგებდნენ და თამაში მათივე გამარჯვებით, ანგარიში 3:2 დასრულდა.

1989 წლის 10 ივნისს, ტიტო ვილანოვას ჯერი დადგა. იგო მოედანზე შეხვედრის დასრულებამდე 17 წუთით ადრე გამოჩნდა. იმ მატჩში მარცხისგან "კასტილიამ" თავი ბოლო წუთებზე გატანილი გოლით იხსნა.

1994 წლის 12 მარტს, "მინი კლასიკოში" უკვე ალბერტო ტორალის ჯერი დადგა. ის თამაშიც ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა, ხოლო ტორალი შეხვედრაში 62-ე წუთზე ჩაერთო.

"ბარსა ბ"-ს ამჟამინდელ მწვრთნელს, ეუსებიო საკრისტიანს "მინი კლასიკოში" არასდროს უთამაშია. სამაგიეროდ, 1988-1994 წლებში, ნამდვილ "კლასიკოში" მან 16-ჯერ ითამაშა. ბარსელონაში ჩატარებული 7 თამაშიდან, საკრისტიანის გუნდმა მხოლოდ 1 წააგო.

ამჟამინდელი მდგომარეობით, "ბარსელონა ბ" გამოკვეთილი ფავორიტია. კატალონიელებს უკვე 8 თამაშია არ წაუგიათ. მასპინძელთა ძლიერი მხარე შეტევაა. კატალონიელებს ყველაზე მეტი, 49 გოლი აქვთ გატანილი. ამ მხრივ ლიდერი ჟერარ დეულოფეუა, რომელიც გათამაშების საუკეთესო ბომბარდირიცაა. "ბარსა ბ"-ს სუსტი მხარე დაცვაა. 22 თამაშში გაშვებული 36 გოლი - ამ მხრივ, ეუსებიოს შეგირდები მხოლოდ დღევანდელ მეტოქეს, "კასტილიას" ჩამორჩებიან, რომელმაც 38 ბურთი გაუშვა. ამჟამად, "ბარსა ბ" მე-5 ადგილზეა და მე-15 ადგილზე მყოფ "კასტილიას" 11 ქულით უსწრებს. მადრიდელთა მთავარი საზრუნავი ლიგა ადელანტეში ადგილის შენარჩუნებაა. მე-19 ადგილთან, რომელიც გასავარდნი ზონაა, "კასტილიას" 5 ქულა აშორებს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.