ბალაგუ: "ვილანოვა მთავარი მწვრთნელის პოსტს შეინარჩუნებს"

ბალაგუ: "ვილანოვა მთავარი მწვრთნელის პოსტს შეინარჩუნებს"

 "skysport"-ის ჟურნალისტმა და ექსპერტმა ესპანურ ფეხბურთში, გუილემ ბალაგუმ საკუთარი აზრი გამოთქვა დღევანდელ "ბარსელონასთან" დაკავშირებით და დაასკვნა, რომ ტიტო ვილანოვას ჯერჯერობით მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვება არ ემუქრება, მაგრამ ასევე დაამატა, რომ კლუბის მესვეურებს ესპანელის სამწვრთნელო შესაძლებლობებში ეჭვი ეპარებათ.

 ტიტო ვილანოვამ, რომელმაც "ბარსელონას" საფეხბურთო მწვერვალზე  ამყვანი პეპ გვარდიოლა შეცვალა, მოახერხა "ლა ლიგას" შენარჩუნება, მაგრამ მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპიდან უშანსოდ გამოაგდო მიუნხენის "ბაიერნმა".

 აღსანიშნავია, რომ 44 წლის სპეციალისტმა სეზონის დიდი ნაწილი ამერიკაში გაატარა, სადაც კიბოს საწინააღმდეგო მკურნალობას გადიოდა. ბალაგუს აზრით, ვილანოვას ჯერ არ გამოულენია რაიმე განსაკუთრებული სამწვრთნელო უნარები, რითაც მისი პროფესიონალიზმი შეიძლება შეფასებულიყო.

 ექსპერტის აზრით, ტიტოს კიდევ ბევრი აქვს დასამტკიცებელი "ბარსელონაში". მისი აზრით, ამის პარალელურად არ არსებობს რაიმე განსაკუთრებული მიზეზი, თუ რატომ უნდა დაითხოვოს როსელმა ესპანელი სპეციალისტი. თუმცა აქვე იგი აღნიშნავს, რომ ესპანელმა, რომელიც წინა წლებში "ბარსა ბ"-ს მთავარი მწვრთნელისა და "ბარსას" მეორე მწვრთნელის პოსტს იკავებდა, სეზონის უმთავრეს ეტაპზე წარუმატებლობა იგემა.

 "სეზონის დაწყებამდე, როდესაც პეპ გვარდიოლამ წასვლა გადაწყვიტა და მისი ადგილი ტიტო ვილანოვამ დაიკავა, თითქოს, გუნდის მდგომარეობა, უკეთესობისკენ თუ არა, უარესობისკენ არ უნდა წასულიყო. მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ტიტო ვილანოვა იცნობდა ფეხბურთელებს და ერთი შეხედვით საუკეთესო შემცვლელი უნდა ყოფილიყო გვარდიოლასთვის. ამავე დროს ის ფაქტიც, რომ ტიტომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო სეზონის დიდი ნაწილი გააცდინა,  მოქმედებს კლუბის მესვეურებზე და მათ გადაწყვეტილებაზე. მათ ჯერ არ იციან მისცენ თუ არა ესპანელს მეორე შენსი და სანამ ეს ასე იქნება, ვილანოვა მთავარი მწვრთნელის პოსტს შეინარჩუნებს." - აცხადებს ბალაგუ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.