ჟორდი როურა „ბარსელონას“ სამწვრთნელო შტაბს დატოვებს
ტიტო ვილანოვას ყოფილი თანაშემწე, რომელიც გუნდს მისი არ ყოფნის დროს ერთი წლის წინ ხელმძღვანელობდა, "ბარსელონას" სამწვრთნელო შტაბს ამ სეზონის დასასრულს დატოვებს. ეს გადაწყვეტილება ჟორდი როურამ მთავარ მწვრთნელთან, ხერარდო მარტინოსთან და სპორტულ დირექტორთან, ანდონი სუბისარეტასთან შეთანხმებით მიიღო.
სიახლეს მწვრთნელის წასვლის შესახებ ავრცელებს მადრიდული გამოცემა AS. აღსანიშნავია, რომ როურა თავის ამოცანებს შესრულებულად მიიჩნევს.
ჯერ-ჯერობით უცნობი რჩება, დარჩება თუ არა როურა კლუბის სისტემაში სხვა თანამდებობაზე თუ მუშაობას ახალ გუნდში გააგრძელებს. ასევე, ამ მოვლენებთან დაკავშირებით, გაურკვეველია კიდევ ერთი მწვრთნელის, აურელი ალტიმირას ბედი, რომელიც გასულ სეზონში მესამე მწვრთნელი იყო ვილანოვასა და როურას შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ ჟორდი როურა პეპ გვარდიოლას სამწვრთნელო შტაბში ჯერ კიდევ 2009 წელს შევიდა. პეპთან ერთად ჟორდი სამი წლის განმავლობაში მუშაობდა. 2012 წლის ზაფხულში იგი ახალი მთავარი მწვრთნელის, ტიტო ვილანოვას თანაშემწე გახდა. 2012 წლის დეკემბრიდან 2013 წლის მარტამდე როურა პირველი გუნდის მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი იყო, ვილანოვას ავადმყოფობის გამო.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]