„ბარსა ბ“ ციფრებში
რამდენიმე დღის წინ შემოგთავაზეთ 2012-13 წლების სეზონის ესპანეთის ჩემპიონატში "ბარსელონას" სტატისტიკა. სტატისტიკური მონაცემების ანალიზი გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა და შედეგად, შეგვიძლია გუნდში არსებული ტენდენციები ამოვიკითხოთ. ტენდენციების გაგრძელება ახალგაზრდების საქმეა და ვნახოთ, რამდენად არიან ამისთვის მზად "ბარსელონა ბ"-ს ფეხბურთელები. ამჯერად, სწორედ მათი სეზონის სატისტიკურ მიმოხილვას შემოგთავაზებთ.
პირველი გუნდის მსგავსად, "ბარსა ბ"-ც თავის ლიგაში ყველაზე მხარჯველი გუნდი გამოდგა. კატალონიელებმა ტრანსფერებში 5.5 მილიონი ევრო დახარჯეს, სანაცვლოდ კი არაფერი მიუღიათ. ტრანსფერების შედეგად "ბარსა ბ"-მ 7 ფეხბურთელი დაიმატა. აქედან 5 იყიდა და 2 არენდის წესით აიყვანა. კიდევ 7 მოთამაშე "ხუვენილ ა"-დან დაწინაურდა.
რაც შეეხება უშუალოდ სეზონს. ჩატარებული 42 თამაშიდან "ბარსა ბ"-მ 15-15 მოიგო და წააგო, ხოლო 12 ფრედ ითამაშა. კატალონიელებმა 76 გოლი გაიტანეს და 71 გაუშვეს. დაგროვებული 57 ქულით "ბარსა ბ"-მ მე-9 ადგილი დაიკავა.
"ბარსელონა ბ"-ს ესპანეთის მე-2 დივიზიონში ყველაზე ახალგაზრდა გუნდი ჰყავდა. კატალონიელების საშუალო ასაკი 21 წელი იყო. ამ მხრივ მე-2 ადგილზეა "რეალის" ახალგაზრდული გუნდი, რომლის საშუალო ასაკიც 22.2 წელი იყო. რაც შეეხება კონკრეტულ მატჩში დაყენებული სასტარტო შემადგენლობის ასაკს - პირველ 10 ადგილზე "ბარსელონაა". კატალონიელებმა ყველაზე ახალგაზრდა შემადგენლობა მე-11 ტურში, "რეკრეატივოს" წინააღმდეგ ათამაშეს. იმ მატჩში, ეუსებიოს გუნდის საშუალო ასაკი 19.64 წელი იყო.
განვლილ სეზონში, "ბარსელონა ბ"-ს თამაშს, "მინი ესტადიზე", თვალი 110406-მა ადამიანმა მიადევნა, რაც ჩემპიონატში მე-12 შედეგია. თამაშს საშუალოდ 5.257 ადამიანი ესწრებოდა. ყველა ბილეთის გაყიდვა კატალონიელებმა ეთხელ მოახერხეს. იგივე შედეგი აქვს "ვილიარეალს", ხოლო ამაზე მეტჯერ, ორ-ორჯერ სტადიონის შევსება მხოლოდ "ჟირონამ" და "ლუგომ" მოახერხეს. რაც შეეხება სტადიონის პროცენტულად შევსებას - თამაშში "მინი ესტადი" საშუალოდ 34.4%-ით იყო შევსებული, რაც ჩემპიონატში მე-15 შედეგია.
ეუსებიო საკრისტანის გუნდმა, 42 თამაშში, მეტოქეს ანგარიშის გახსნის საშუალება 26-ჯერ მისცა. ახალგაზრდა კატალონიელებმა 6 ასეთი თამაში მოიგეს, 5 ფრედ დაასრულეს და 15 დათმეს.
"ბარსელონას" ფეხბურთელებმა სულ 76 გოლი გაიტანეს (4 გოლით ნაკლები ვიდრე ამ მხრივ ლიდერმა "რეალ კასტილიამ"). კატალონიელებმა მეტოქის კარი 37-ჯერ მარჯვენა ფეხით აიღეს, 13-ჯერ - მარცხენა ფეხით, ხოლო 6-ჯერ თავით. თავით გატანილ გოლებში "ბარსა ბ"-ს საქმე ცუდად აქვს. ამ კომპონენტში, კატალონიელებს მხოლოდ 3 გუნდი ჩამორჩება, ხოლო საუკეთესო შედეგი 20 გოლია. სამაგიეროდ, კატალონიელები გამოირჩევიან პენალტების კარგად შესრულებით. "ბარსა ბ"-მ გოლად 8 თერთმეტმეტრიანი აქცია, რაც "ჟინორას" შედეგთან ერთად საუკეთესოა. ჯარიმიდან "ბარსელონა ბ"-მ 3-ჯერ გაიტანა. საუკეთესო მაჩვენებელი 4 გოლია.
"ბარსელონას" ახალგაზრდული გუნდისთვის ყველაზე შედეგიანი თამაშის ბოლო ნახევარი საათია. 61-75 და 75-90-ე წუთებს შორის, კატალონიელებმა შესაბამისად 18 და 19 გოლი გაიტანეს. ყველაზე ნაკლებად შედეგიანი თამაშის სტარტია - პირველ 15 წუთში, ეუსებიოს გუნდმა მეტოქის კარი მხოლოდ 8-ჯერ აიღო.
ის ფაქტი, რომ "ბარსა ბ"-ს ფეხბურთელებს თამაშის სტარტი არცთუ კარგი აქვთ, მაგრამ ისინი ნელ-ნელა უმატებენ, მთავარი მწვრთნელის პლიუსად უნდა ჩაითვალოს. როგორც ჩანს, ეუსებიო საკრისტანს თამაშის წაკითხვა და საჭირო დასკვნების გამოტანა ხელეწიფება. იგივეს ამტიკიცებს ის ფაქტიც, რომ 42 თამაშში განხორციელებული 123 ცვლილებიდან ეუსებიოს თერთმეტმა ძალიან გაუმართლა. შეცვლაზე შესულმა სწორედ ამდენმა ფეხბურთელმა მოახერხა გოლის გატანა. ამ მაჩვენებლით ეუსებიო მე-2 ადგილს იკავებს. პირველზე "ჟირონას" დამრიგებელი რუბია, რომელმაც 126 ცვლილება განახორციელა და მისმა შეგირდებმა გოლი 13-ჯერ გაიტანეს. შედარებისთვის - "რეალ კასტილიას" ფეხბურთელებმა, თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩართვის შემდეგ, მხოლოდ 4-ჯერ გაიტანეს.
პირველი გუნდის მსგავსად, შედეგიანობით გამოირჩევიან "ბარსა ბ"-ს მცველებიც. კატალონიელთა უკანახაზელებმა 13 გოლი გაიტანეს და 15 შედეგიანი გადაცემა გააკეთეს. არცთუ შედეგიანები არიან ეუსებიოს გუნდის ნახევარმცველები. მათ ანგარიშზე 18 გოლი და 17 საგოლე პასია. სამაგიეროდ, მცველების მსგავსად, ლიდერობენ "ბარსა ბ"-ს თავდამსხმელები, რომლებმაც 42-ჯერ გაიტანეს და თანაგუნდელებს 30-ჯერ გაატანინეს.
2012-13 წლების სეზონში, "ბარსა ბ"-ს გამოკვეთილი ლიდერი ჟერარ დეულოფეუ იყო. ახალგაზრდა შემტევმა 33 თამაში ჩაატარა, აქედან მხოლოდ 11 სრულად. ჟერარმა 18 გოლი გაიტანა (მე-4 შედეგი) და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. გათმაშების საუკეთესო ბომბარდირი 40 თამაშში 27 გოლის გამტანი შარლესი ("ალმერია") გახდა.
კატალონიური კლუბის მხრიდან, შეცვლებზე ყველაზე კარგად სერხიო არაუხო ერთვებოდა. არგენტინელი შემტევი მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან 19-ჯერ შევიდა და თავი 4 გატანილი გოლით გამოიჩინა. ჩემპიონატის საუკეთესო შედეგი 6 გოლია.
სეგუნდა დივიზიონში ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი წყვილი რაფინიასა და ლუის ალბერტოს დუეტი იყო. ბრაზილიელის პასით ესპანელმა 5 გოლი გაიტანა. მთელს გათამაშებაში საუკეთესო წყვილი ორიოლ რიერა-ჟული არის. "ალკორკონის" თავდამსხმელმა თანაგუნდელს 8-ჯერ გაატანინა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]