1991: ვიტჩგე - ევროპის საუკეთესო „ათიანი“

1991: ვიტჩგე - ევროპის საუკეთესო „ათიანი“

1991 წლის ზაფხულში, პრეზიდენტმა ხოსეპ ლუის ნუნიესმა ტრანსფერებში 700 მილიონი პესეტა დახარჯა. გუნდში მოვიდნენ ვიტჩგე, ნადალი, კრისტობალი და ხუან კარლოსი. გარდა ამისა, პირველ გუნდში რეგულარულად თამაში დაიწყო პეპ გუარდიოლამ.

გუნდში მოვიდნენ:

  • ხუან კარლოს როდრიგესი ("ატლეტიკო", თავისუფალი აგენტი)
  • მიგენ ანხელ ნადალი ("მალიორკა", 200 მილიონი პესეტა)
  • რიხარდ ვიტჩგე ("აიაქსი", 450 მილიონი პესეტა)
  • კრისტობალ პარალო ("ლოგრონესი", 50 მილიონი პესეტა)

გუნდი დატოვეს:

  • მიგელ სოლერი ("ატლეტიკო")
  • ლოპეს რეკარტე ("დეპორტივო")
  • ურბანო ორტეგა ("ესპანიოლი")
  • ხულიო ალბერტო მორენო (კარიერა დაასრულა)

1991 წლის ზაფხულის ტრანსფერებზე უნდა ითქვას, რომ მიგელ ანხელ ნადალი და ხუან კარლოსი იყვნენ ის ფეხბურთელები, რომლებმაც იოჰან კრუიფის "ოცნების გუნდის" დაკომპლექტება დაასრულეს. ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა რიხარდ ვიტჩგემ, რომელიც იმ დროისთვის ევროპის საუკეთესო "ათიანად" ითვლებოდა, იმედები ვერ გაამართლა. ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერც კრისტობალმა დაიმკვიდრა.

1991-92 წლების სეზონი დაუვიწყარი გამოდგა. "ბარსელონას" ევროპის ჩემპიონთა თასი, ესპანეთის ჩემპიონატი და ქვეყნის სუპერთასი მოიგო. ესპანეთის ჩემპიონატში, კატალონიელებმა "რეალთან" არსებული 8-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა მოახერხეს.

ლა ლიგის სტარტი საკმაოდ არასტაბილური გამოდგა. საწყისი 13 ტურიდან, კატალონიელებმა 3 წააგეს და სამიც ფრედ დაასრულეს. შედეგად, "ბარსა" მე-13 პოზიციაზე აღმოჩნდა, "რეალი" კი 8 ქულით წინ იყო. ეს მაშინ, როდესაც გუნდს მოგებისთვის არა 3, არამედ 2 ქულა ენიჭებოდა.

სეზონის დასაწყისი ესპანეთის სუპერთასზე მადრიდის "ატლეტიკოსთან" მოგებამ გაალამაზა. "ბარსამ" "ვისენტე კალდერონზე" 1:0 იმარჯვა, ხოლო "კამპ ნოუზე" გამართული შეხვედრა 1:1 დასრულდა.

ესპანეთის ჩემპიონატის მიწურულს, "ბარსამ" ზედიზედ 4 თამაში მოიგო და ბოლო ტურის წინ, კატალონიელები "რეალს" 1 ქულით ჩამორჩებოდნენ. ლა ლიგას ბედი "კამპ ნოუსა" და "ელიოდორ როდრიგესზე" უნდა გარკვეულიყო. ამ უკანასკნელ სტადიონზე, "ტენერიფე" "რეალს" მასპინძლიბდა. მოგვიანებით, ამ საღამოს "რადიომიმღებების კვირა" უწოდეს, რადგან გულშემატკივრები პარალელურ თამაშებში მიმდინარე მოვლენებს რადიომიმღებებით ეცნობოდნენ. "ბარსამ" ბილბაოს "ატლეტიკი" 2:0 დაამარცხა, ხოლო "რეალმა" 2:3 წააგო და შედეგად, კატალონიური კლუბი ესპანეთის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა.

"უემბლის" დაუვიწყარი ფინალი

1992 წლის 20 მაისს, ლონდონში, "უემბლის" სტადიონზე, "ბარსელონამ" ევროპის ჩემპიონთა თასი მოიგო. ფინალურ მატჩში, კატალონიელებმა "სამპდორია" დაამარცხეს. ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა, ხოლო 112-ე წუთზე, რონალდ კუმანმა, საჯარიმო დარტყმის შემდეგ, ჯანლუკა პალიუკას შანსი არ დაუტოვა და "ბარსას" ჩემპიონთა თასი პირველად მოაგებინა. გარდა ამისა, ჰოლანდიელის ამ დარტყმის შემდეგ, იოჰან კრუიფის "ოცნების გუნდი" ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო კოლექტივად იქცა. სუბისარეტა, ფერერი, კუმანი, ნანდო, ხუან კარლოსი, ეუსებიო, ბაკერო, გვარდიოლა, ლაუდრუპი, სალინასი და სტოიჩკოვი - ასეთი იყო "ბარსელონას" სასტარტო შემადგენლობა იმ ისტორიულ შეხვედრაში.

ლონდონში მოპოვებული გამარჯვების გუნდთან ერთად საზეიმოდ ქალაქის ქუჩებში მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა. ახალგაზრდა გუარდიოლამ, სან-ჟაუმეს მოედანზე მდებარე მერიის შენობის აივანზე თასი აღმართა და წარმოთქვა სიტყვები: "და აი, ჩვენ აქ ვართ!". პეპმა ცნობილი კატალონიელი ლიდერის, ხოსეპ ტარადელასის სიტყვები გაიმეორა.

1991-92 წლების სეზონში, ჩემპიონთა თასის გათამაშება ფლეი ოფი 2 ეტაპით იწყებოდა. ამის შემდეგ, 8 საუკეთესო გუნდში, ორ ჯგუფში ნაწილდებოდა. ჯგუფების გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალში ხვდებოდნენ. ჩემპიონთა თასის მე-2 ეტაპის დროს, "ბარსელონა" გავარდნასთან ძალიან ახლოს იყო. "კაიზერსლაუტერნთან" საშინაო შეხვედრის 2:0 მოგების შემდეგ, განმეორებით მატჩში, კატალონიელები 0:3 მარცხდებოდნენ, მაგრამ ბაკეროს კარგი თამაშის წყალობით, "ბარსამ" ჯგუფურ ეტაპზე გასვლა მოახერხა. ჯგუფში, კატალონიელებმა "ბენფიკას", კიევის "დინამოსა" და პრაღის "სპარტას" აჯობეს.

სეზონის ერთადერთი იმედგაცრუება ესპანეთის თასის 1/8-ფინალში "ვალენსიასთან" წაგება იყო. "ბარსა" თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდა.

1991-92 წლების სეზონის შედეგები

  • ჩემპიონთა თასი - ჩემპიონი
  • ესპანეთის სუპერთასი - ჩემპიონი
  • ესპანეთის ჩემპიონატი - ჩემპიონი
  • ესპანეთის თასი - 1/8-ფინალი

1991-92 წლების სეზონში "ბარსელონას" შემადგენლობა

1982: მარადონას წელი

1983: როხო - იმპულსი კანტერადან

1984: არჩიბალდი მარადონას ნაცვლად

1985: ამარილიას მოსვლა და "ვერცხლის" წელი

1986: სუბისარეტასა და ლინეკერის მოსვლა

1987: შუსტერის დაბრუნება და მორიგი სკანდალი

1988: "ოცნების გუნდის" დასაწყისი

1989: კუმანი და ლაუდრუპი - დიდი ხნის ნანატრი ტრანსფერები

1990 - სტოიჩკოვის მოსვლა

გაგრძელება იქნება...

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.