ვინ არის ხერარდო „ტატა“ მარტინო?
ხერარდო დანიელ მარტინო, ზედმეტსახელად "ტატა", დაიბადა 1962 წლის 20 ნოემბერს არგენტინის ქალაქ როსარიოში. სამწვრთნელო კარიერა მან 1998 წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც "ნიუელზ ოლდ ბოიზში" წარმატებული საფეხბურთო კარიერა ჰქონდა. მას შემდეგ, ყველა გუნდში, სადაც მას უმუშავია, მარტინო შემტევ და შემოქმედებით ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას. ტატას მიერ გაწვრთნილი ყველა გუნდი ანგარიშგასაწევი ძალა იყო. მარტინოს გუნდები, თამაშის დროს, მეტოქის ნახევარზე პრესინგითა და ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ნდობის გამოცხადებით გამოირჩევიან.
მარტინოს პირველი გუნდი "ბრაუნ არესიფე" იყო, რომელიც არგენტინის ბ დივიზიონში თამაშობდა. 1999-2000 წლების სეზონში, მარტინომ "პლატენსე" ჩაიბარა, ხოლო 2000-20001 წლების სეზონში, ის "ინსტიტუტო დე კორდობაში" გადავიდა.
წარმატება პარაგვაისა და არგენტინაში
2002 წელს, მარტინო სამუშაოდ პარაგვაიში გადავიდა, სადაც მან თავისი პირველი ტიტული მოიგო. პირველი პარაგვაული კლუბი, რომელსაც ტატა წვრთნიდა, "ლიბერტადი" იყო. ამ გუნდთან ერთად, მარტინომ, 2002 წელს, ტორნეო აპერტურა და კლაუსურა მოიგო. 2003 წელს, ტატამ გუნდს ტორნეო აპერტურა მოაგებინა.
მარტინოს შემდეგი გუნტი "ჩერო პორტენიო" იყო, რომელთან ერთად მან ტიტულები 2003 და 2004 წლებში მოიგო. შემდეგ იყო არგენტინულ "კოლონ დე სანტა ფეში" მცირეხნიანი მუშაობა და "ლიბერტადში" დაბრუნება, რასაც მისი პარაგვაის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშვნა მოჰყვა. ეს 2006 წელს მოხდა.
ხერარდო მარტინომ პარაგვაის ნაკრებს მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე თავკაცობდა. სამხრეთ აფრიკაში გამართულ ტურნირზე, სამხრეთ ამერიკელებმა ჯგუფი (რომელშიც იტალია ასპარეზობდა) მოიგეს, ხოლო მერვედფინალში იაპონიას სძლიეს. 1/4-ფინალში, პარაგვაი მსოფლიოს მომავალ ჩემპიონს, ესპანეთს შეხვდა. თამაშის ერთადერთი გოლი, 83-ე წუთზე, დავიდ ვილიამ გაიტანა.
2011 წელს, ხერარდო მარტინომ პარაგვაის კოპა ამერიკაზე უთავკაცა. გუნდი, რომელმაც გათამაშებიდან ბრაზილია გამოთიშა, ფინალში ურუგვაისთან დამარცხდა.
ამის შემდეგ, მარტინო "ნიუელზ ოლდ ბოიზში" მწვრთნელის რანგში დაბრუნდა. ამ დროს, არგენტინული გუნდი უმაღლესში დარჩენისთვის იბრძოდა. მარტინომ გუნდი გავარდნისგან იხსნა, ხოლო მომდევნო სეზონში, "ნიუელზ ოლდ ბოიზმა" არგენტინის ჩემპიონატი მოიგო. გარდა ამისა, მარტინომ გუნდი ლიბერტადორესის თასის ნახევარფინალში გაიყვანა.
შემტევი ნახევარმცველი
ხერარდო მარტინო "ნიუელზ ოლდ ბოიზის" ლეგენდაა. ამ გუნდის რიგებში მისი დებიუტი 17 წლის ასაკში შედგა. შემტევ ნახევარმცველად მოთამაშე ფეხბურთელმა, "ნიუელზ ოლდ ბოიზის" შემადგენლობაში, 505 თამაში ჩაატარა. მარტინოს ასევე უთამაშია "ტენერიფეში", "ლანუსში", "ო’იგინსსა" და ეკვადორის "ბარსელონაში". ტატამ ფეხბურთელის კარიერა 1996 წელს დაასრულა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]