პიკე: "ჩვენ ყველა გვიტევს"

პიკე: "ჩვენ ყველა გვიტევს"

ხერარდ პიკემ 2013 წლის დასრულებამდე "Sport-თან" ისაუბრა. იხილეთ მისი ინტერვიუ.

რას ფიქრობ კლუბის, მწვრთნელისა და ფეხბურთელების მიმართ განხორციელებულ შეტევებზე? იმსახურებთ მათ?

პრესისათვის ობიექტურობა ძნელია. ისინი სარგებელს დრამისგან იღებენ. ობიექტურობა ჩემთვისაც ძნელია, რადგან მე ფეხბურთელი ვარ. მე ვცდილობ, რომ ამ განცხადებებს პოზიტიურად შევხედო. ხალხის ნაწილი ყოველთვის გვიტევს, მაგრამ მეორე ნაწილი გვიცავს. ეს სამყარო ასეა მოწყობილი. თუ ჩვენ მათ ყურადღებას არ მივაქცევთ და მუშაობას გავაგრძელებთ, სანერვიულოც არაფერი იქნება.

ზოგიერთმა "ატლეტიკოს" ბოლოდროინდელ ასპარეზობას მსოფლიოს მერვე საოცრება უწოდა, მაგრამ "ატლეტიკო" და "ბარსა" თითქმის ყველაფერში თანაბრად არიან...

დიახ, მაგრამ ჩვენ სუპერთასი მოვიგეთ.

უფრო სწორედ, ეს განსხვავებაა.

დიახ, მაგრამ "ატლეტიკო" არის ის, რაც არიან, ჩვენ კი "ბარსა" ვართ. მადრიდელებს სიმეონესთან ერთად ძალიან კარგი 2 წელი ჰქონდათ, მაგრამ ისინი ქვემოდან მოვიდნენ. პირველობა მათთვის სუფთა ჰაერი, დიდი შვებაა, ჩვენ კი ან ვიგებთ, ან ეს ჰაერი გველევა. ჩემს მოსვლამდე გუნდს 2 წლის განმავლობაში არაფერი მოეგო, 3 ან 4 თამაშის ზედიზედ მოგების შემდეგ კი "ბარსა" ყველასთვის სერიოზული მეტოქე გახდა. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ საიდან მოდიხარ. თუ შენ ტოპ გუნდში თამაშობ, მაშინ ან იგებ, ან საშინლად ასპარეზობ.

"მადრიდი" "ბარსელონას" შესაჩერებლად ყველაფერს აკეთებს.

მეტოქეობა ყოველთვის არსებობდა. "ბარსელონადან" "მადრიდის" შეჩერებას შეეცდებიან და პირიქით. ეს ისტორიული დაპირისპირებაა და ორივე მხარე ყოველთვის ეცდება ერთმანეთის შეჩერებას. ეს დიდი ხნის წინ დაიწყო.

ფიქრობთ, რომ "მადრიდი" მესის უმიზნებს?

შემოტევები ყველასგან და ყველა მხრიდან მოდის, რა თმა უნდა, აქედანაც. როდესაც "მადრიდი" ანგარიშით 5-0 მოიგებს, პრესა ამბობს, რომ მათი მეტოქე ძალიან სუსტი იყო, ხოლო წაგების შემდეგ "რეალი" ჩაძირული გემია. თუმცა სიმართლეა ის, რომ მათ ამ სფეროში ჩვენზე დიდი ძალა აქვთ. "რეალი" ყოველთვის იყო ერთ-ერთი უდიდესი კლუბი. ჩვენ ყოველთვის კარგად ვთამაშობდით, მაგრამ ტიტულების მოგება უახლეს წარსულში დავიწყეთ.

მაგრამ, როგორც ჩანს, მათ მესის ტახტიდან ჩამოგდება სურთ.

არსებობს კანონები, წესები და არის ადამიანი, რომელსაც სამართალი მოაქვს. დგება მომენტი, როდესაც უნდა თქვა - საკმარისია. ამდენი ნაგავისა და ტყუილის შემდეგ სიმართლე უნდა ითქვას. არ უნდა მოვატყუოთ საკუთარი თავი.

როგორც ჩანს, თუ რონალდუ ოქროს ბურთს არ მოიგებს, კიდევ დიდ დრამას ვიხილავთ.

ვიხილავთ გამარჯვებულს. ხმის მიცემა უკვე დამთავრდა და ნებისმიერი გამარჯვებული ამ ტიტულის ღირსი იქნება, მაგრამ სიმართლეს შეესაბამება ის, რომ მათ ახლა ოქროს ბურთი უფრო აღელვებთ, ვიდრე ადრე.

რას ფიქრობ ხმის მიცემის წესების მოულოდნელ შეცვლაზე?

ეს ფიფასა და ბლატერის არჩევანია. ფიფას ეკუთვნის ეს ტიტული და მათი გადასაწყვეტია, არჩევნის შეცვლა კი უკვე სხვა საკითხია..

"მადრიდის" შეტევები თქვენი წარმატების შედეგია?

მათთვის რთულია ჩვენი გამარჯვების მიღება, წარმატება კი უკვე დიდი ხანი გრძელდება, რაც მაგარია. მათ უნდა მიიღონ რეალობა, ხანდახან მოიგებ და ხანდახან წააგებ. ეს ციკლებად გრძელდება, ახლა კი "ბარსას" დროა.

შეუძლია გუნდს ჩემპიონთა ლიგის მოგება?

დიახ, რა თქმა უნდა. არამგონია, რომ ბევრ გუნდს შეუძლია ჩვენთვის წინააღმდეგობის გაწევა. "ბაიერნის" გარდა ვერავინ იტყვის, რომ ჩვენზე უკეთესია. ახლა მე შემიძლია ვთქვა, რომ "ბაიერნი" ყველაზე ძლიერი მეტოქეა წინა სეზონის გამო. ბევრ კულეს ახსოვს ის მარცხი, მაგრამ, ჩემი აზრით, ევროპაში უპირობო ლიდერი ახლა არავინ არ არის.

ბევრი ფანის აზრით, "მანჩესტერ სიტისთან" შეხვედრა გამოვარდნას ნიშნავს.

სრულიადაც არა, არანაირად! კულეები ყოველთვის პესიმისტები იყვნენ, მაგრამ ჩვენ შევიცვალეთ ბოლო წლებში. ფანების ახალ თაობას ჩვენი გამარჯვება ბევრჯერ უნახავს და ოპტიმისტები არიან.

მარტინოს თქმით, თებერვალში კარგ ფორმაში ყოფნა უმნიშვნელოვანესია. შეიცვალა მზადების პროცესი?

მზადყოფნისათვის ორი მთავარი პირობა არსებობს. შედეგის მხრივ, ჩვენ სამივე გათამაშებაში უნდა ვიბრძოდეთ: ესპანეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა და მნიშვნელოვანია ლა ლიგაში ლიდერობა. მეორე პირობა კარგი ფიზიკური კონდიციებია. ჩემი აზრით, ამ მხრივ წინა სეზონთან შედარებით უკეთესი მდგომარეობაა. ტატას როტაციის უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონდა და ჩვენ უკეთესად ვგრძნობთ თავს. ბოლო 4 თამაშით დაინახავდით, რომ ყველაფერი რიგზეა. ჩვენ ინტენსიურად ვითამაშეთ და მეტოქე წნეხის ქვეშ მოვაქციეთ.

ეს არის მთავარი? ზეწოლა, სურვილი...

პეპთან ერთად ჩვენ შევქმენით რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი. ეს იყო დიდი ზეწოლა მეტოქეზე, ბურთის ჩქარა დაბრუნება და ამის შედეგად სწრაფი გოლის გატანა. ეს უნდა გაგრძელდეს რაც შეიძლება დიდ ხანს. ჩემი აზრით, გუნდს მონდომება არ აკლია. თუ ჩვენ დაცვითი სტილით ვითამაშებთ, მაშინ დავზარალდებით. თუ ავტობუსს ჩავაყენებთ, ყველაფერი ცუდად დამთავრდება. არ შეგვიძლია საჯარიმოში თამაშით თავის დაცვა, ჩვენ მეტოქეზე ზეწოლით ვიცავთ თავს. ბოლო 5 წუთში დაცვაში თამაში არ არის პრობლემა, მაგრამ ჩვენი ნორმა დომინირებაა.

განახორციელა მარტინომ ცვლილებები? როგორც ამბობენ, გასახდელს ფეხბურთელები მართავენ და ყველამ წინასწარ იცის, თუ რა უნდა გააკეთოს მოედანზე.

ხალხი ლაპარაკობს თვითმმართველობაზე, მაგრამ როდესაც გყავს მწვრთნელი, რომელიც დავალებებს გაძლევს, თვითმმართველობა ქრება. ნათელია, რომ მარტინომ განახორციელა გარკვეული ცვლილებები, რადგან ყველა მწვრთნელი განსხვავებულია. პეპი პეპია. გვარდიოლასთან მუშაობის მიუხედავად, ტიტომაც განახორციელა ცვლილებები, ისევე, როგორც ტატამ, მაგრამ ფილოსოფია და საფუძვლები არ შეცვლილა.

აქვს იერარქიას გავლენა სასტარტო შემადგენლობაზე?

სიმართლე რომ ითქვას, ჩემი აზრით, ტატა ყოველთვის ირჩევს ყველაზე ძლიერ შემადგენლობას, ფეხბურთელებს, რომლებიც თამაშისათვის ყველაზე მზად არიან. იერარქიას ზეგავლენა რომ ჰქონოდა, მაშინ მე ვერ გავიგებდი. ყველა მწვრთნელს სურს მოგება ტიტულების, პრესტიჟის, პატივისცემისა და სამუშაოს შენარჩუნების გამო. არავინ არ არის სულელი. მწვრთნელი ათამაშებს იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც გამარჯვება მოაქვთ.

ის მოთამაშეებზეა დამოკიდებული...

პეპისა და ტიტოს მსგავსად მარტინოც ფეხბურთელი იყო. მან იცის, თუ რაზე ვფიქრობთ და ამ მხრივ, ახლის სწავლა არ სჭირდება.

ეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ ტატა "ბარსელონაში" დიდი ხნით არ დარჩება? როგორც ჩანს, ის მალე წავა.

არა, არ ვეთანხმები. ამას ყოველწლიურად უნდა შეხედო. პეპიც ყოველთვის ერთწლიან კონტრაქტს აფორმებდა და მაშინაც იმავეს ფიქრობდნენ. უნდა დავიცადოთ, არ უნდა გავაკეთოთ პროგნოზები. არ ვიცით, თუ რა მოხდება, ვერ ვიტყვით, თუ რამდენი ხნით დარჩება ტატა.

რა მოხდება, თუ გუნდი ვერაფერს მოიგებს?

არ ვიცი, მაგრამ თუ გადავხედავთ, რა მოხდა პირველ წრეში... ჩვენ არცერთი თამაში არ წაგვეგო და შემდეგ მოხდა "chup-chup" (ზედიზედ რამდენიმე წაგება). ბევრი ტიტულის მოგება გვინდა. რა თქმა უნდა, წაგების შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ ჩვენ გამარჯვების იმედი გვაქვს.

რა პოზიცია აქვს კლუბს ვეტერანებთან, ჩავისა და პუიოლთან დაკავშირებით?

ასე არ უნდა ფიქრობდეთ ამ ფეხბურთელებზე. გუნდში ყოველთვის არის თაობათა ცვლა და მათ შორის პერიოდი მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი. გასახდელი ოთახის ნელ-ნელა გადახალისებაა საჭირო, რათა თაობათა ცვლამ ზიანი არ მოგვაყენოს. ეს "ბარსელონას" იდეაა ბოლო წლების განმავლობაში და საუკეთესო გამოსავალს წარმოადგენს - სტრუქტურის შენარჩუნება და ეტაპობრივი ცვლილებები. ეს მეთოდი უსასრულოა. რა თქმა უნდა, ადრე თუ გვიან სრულდება კარიერა, მაგრამ ეს დრო ჯერ არ მოსულა.

გესაუბრათ პუიოლი კარიერის დასრულებაზე?

არ ვიცი, ეს ამბავი საიდან გავრცელდა. ვხედავ, თუ როგორ ვარჯიშობს. მას არ სურს კარიერის დასრულება. პუიოლს დანარჩენებივით თამაში უნდა, მაგრამ ყველა ვერ მიიღებს სასურველ სათამაშო დროს. ასეთია ცხოვრება. გააგრძელე მუშაობა და შენი დროც მოვა.

რთულია ფეხბურთელისთვის სათამაშო პრაქტიკის შემცირება?

დიახ, ეს ნორმალურია. ბოლოს, ფეხბურთში ყველას უხდება გადაწყვეტილების შეცვლა, რადგან ან არ თამაშობ, ან ძველებურად ვეღარ ვარჯიშობ. ყველა ყოფილმა ფეხბურთელმა იცის ეს. პუიოლისათვის ჯერ ადრეა. ჩემი აზრით, კარიერის დასრულება არ უნდა იყოს დრამატული. ყველამ ვიცით, რომ ეს დღეც მოვა.

ფეხბურთელი თვითონ მიხვდება, არა?

დიახ, პუიოლი ყოველთვის პატიოსანი იყო. გადახედეთ მის კარიერას, სუფთა და სრულყოფილია.

გრძნობთ ზეწოლას ახალგაზრდა ფეხბურთელების გამო?

მათი ხარისხი ძალიან მაღალია. ლა მასია კლუბის რელიქვიაა, ამას პატიცი უნდა ვცეთ, რადგან ახალგაზრდული სისტემა "ბარსას" დაეხმარა. პირველი გუნდის ფეხბურთელთა უმეტესობა აქ გაიზარდა. ახალგაზრდა ფეხბურთელები მოდიან დიდი სურვილით და მაღალი ხარისხით. ეს ჩვენთვის კარგია, რადგან კონკურენცია და გუნდის დონე იზრდება. "ბარსას" მაქსიმუმი სჭირდება.

პეპისგან განსხვავებით, ტატას არ მოსწონს გამოცდილი მოთამაშეების უთამაშებლობა. ახალგაზრდა ფეხბურთელებს არ აქვთ ავტორიტეტი და ლოდინი უხდებათ იერარქიის გამო. ნორმალურია ახალგაზრდისათვის, მაგალითად ტელიოსათვის, მოუთმენლობა?

თითოეული მწვრთნელი განსხვავებულად ფიქრობს, თუმცა შეხედეთ მონტოიას, რომელმაც ბევრჯერ ითამაშა. იგივე ეხება სერხი რობერტოსაც, რომელმაც ბოლო თამაშები სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო... უნდა დავაცადოთ. როდესაც გადმოდიხარ კლუბში, სადაც ძალიან დიდი ზეწოლაა, მარტო მოგება არ არის საკმარისი. შენ უნდა გაეცნო კლუბს, სამუშაო სისტემას. ჩემი აზრით, უნდა დავაცადოთ.

შენც გრძნობ ზეწოლას?

ხომ იცი, რომ არც ისე, მაგრამ ჩემი აზრით, კრიტიკა უსამართლოა. შედეგი კარგია, თამაშის დონე არ არის ცუდი, არც სრულყოფილია, მაგრამ კარგი შედეგი გვაქვს.

ძველი გზა, რომლითაც "ბარსა" თამაშობდა, არასდროს დაბრუნდება?

არ ვიცით. შეიძლება დაბრუნდეს, მაგრამ ეს ძალიან რთულია. არ გვჭირდება ჩვენი თამაშის იმ დონემდე აწევა, რადგან დავმარცხდებით, ჩვენ ხომ სრულყოფილებაზე ვსაუბრობთ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.