როსელი: "ჩემი დრო დასრულდა"
დირექტორთა საბჭოს კრების შემდეგ სანდრო როსელმა დატოვა პრეზიდენტის თანამდებობა. პირველი ვიცე-პრეზიდენტი ბართომეუ იქნება კლუბის პრეზიდენტი 2016 წლამდე. გთავაზობთ როსელის პრესკონფერენციას.
"დაახლოებით 4 წლის წინ, 2010 წლის არჩევნებისას, "ბარსელონას" ძალიან ბევრი წევრი მივიდა საარჩევნო ყუთებთან, რათა აერჩიათ, თუ ვინ დაიჭერდა კლუბის სადავეებს ხელში. დაუვიწყარი დღე იყო, ეს იყო დემოკრატიის ფესტივალი, რომელმაც "ბარსელონას" დიდება აღადგინა.
იმ დღეს, ხმების 61% მიიღო იმ გუნდმა, რომლის სათავეში მე ვიყავი.
ვინაიდან "ბარსელონისტები" ვართ, ამ 4 წლის განმავლობაში ჩვენც განვიცდიდით და სიამოვნებას ვიღებდით ისევე, როგორც "ბლაუგრანას" თაობები.
ამ წლების განმავლობაში ვნახეთ, რომ ჩვენი წარმატების მიზეზი არის მოედანზე გამარჯვება და მოედნის გარეთ უამრავი დაბრკოლების გადალახვა: იყო პოლიტიკური, საგარეო სირთულეები და, რაც ყველაზე ცუდია, ხანდახან ზეწოლა ჩვენი საკუთარი გარემოდან მოდიოდა. ბოლო 4 წლის განმავლობაში მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, ლა ლიგის ორი თასი, ესპანეთის თასი, ევროპის სუპერთასი, 3 ესპანეთის სუპერთასი და კატალონიის თასი. ასევე, სხვა სპორტულმა გუნდებმა ტრიუმფით წარმოაჩინეს ჩვენი მულტი-სპორტული კლუბის ხასიათი.
დღეს "ბლაუგრანას" მთელ მსოფლიოში შეიგრძნობენ, რაც მომავალშიც გაგრძელდება.
სპორტში ჩვენი გლობალური ლიდერობა, რომელიც პარიზში რონალდინიოთი დაიწყო, ხოლო რომსა და ლონდონში მესით გაგრძელდა, კარგად ერწყმოდა ეკონიმიკის ეფექტურ მართვას, რამაც ჩვენ კონკურენტუნარიანობის, ვალის შემცირებისა და კლუბის ქონების გაფართოების შესაძლებლობა მოგვცა. გარდა ამისა, ჩვენ გვეამაყება, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობდნენ ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით.
ამ ყველაფერს აღელვებით ვამატებთ ლეგენდარული "კამპ ნოუს" საფუძველზე ახალი სტადიონის მშენებლობას, რომელიც აპრილში რეფერენდუმზე უნდა დაადასტურონ კლუბის წევრებმა.
თუმცა წარმატების პერიოდში ბევრი რთული მომენტიც იყო. გარკვეული დროის განმავლობაში მე და ჩემმა ოჯახმა მუქარები და თავდასხმები მივიღეთ. მე დავფიქრდი, ნიშნავდა თუ არა პრეზიდენტობა ოჯახისათვის საფრთხის შექმნას.
ბოლო დღეების უსამართლო ბრალდებებს მითვისებაზე მოჰყვა სასამართლოში სარჩელი ჩემს წინააღმდეგ. ყოველთვის ვამბობდი, რომ ნეიმარის ტრანსფერი იყო სწორი და მისმა შეძენამ ჩვენ მოწინააღმდეგეებში სასოწარკვეთა და შური გამოიწვია. კლუბის წევრების ინფორმირებულობა უნდა იყოს თავსებადი კლუბის თავდაცვასა და გარკვეული საკითხების, ფაქტების კონფიდენციალურობასთან. ფეხბურთის სამყაროში კონფიდენციალურობა სასიცოცხლოდ მნიშვმელოვანია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში კლუბის დაზარალებაა შესაძლებელი.
დირექტორთა საბჭო არის გუნდი. ის უძღვება იმ პროექტს, რომელმაც კლუბს უამრავი წარმატება მოუტანა. მე არ მინდა, რომ უსამართლო თავდასხმებმა გავლენა მოახდინონ კლუბის მართვასა ან იმიჯზე, ამიტომაც ვფიქრობ, რომ აქ ჩემი დრო დასრულდა. "ბარსელონას" წესდების შესაბამისად, მე დირექტორთა საბჭოს გადადგომის შესახებ ვაცნობე.
კლუბის წესდების შესაბამისად, ამ მომენტიდან პირველი ვიცე-პრეზიდენტი ბართომეუ იქნება "ბარსელონას" პრეზიდენტი 2016 წლამდე, ვადის დასრულებამდე. ეს საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა.
დიდი პატივი იყო "ბარსელონისტების" სამსახურში ყოფნა. ჩემთვის პრივილეგია იყო "ბარსელონას" პრეზიდენტობა. ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ ახალ პრეზიდენტს და კლუბის წევრებისაგან მხარდაჭერას ვითხოვ. მადლობას ვუხდი თანამშრომლებს, მოთამაშეებსა და მწვრთნელებს. დიდი მადლობა იმ დირექტორებს, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში ჩემ გვერდით იყვნენ.
ასევე მადლობას ვუხდი ჩემს ოჯახს. ბოლოს და ბოლოს, ის ჩემი ცხოვრების აზრია, ის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.
ყველას დიდი მადლობა.
ვისკა ბარსა და ვისკა კატალონია."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]