ტიერი ანრი, ანუ იდეალიდან... მაინც იდეალამდე !
"ტიტი" – შეუძლებელია, არაფერი გსმენოდათ ამ მეტსახელის შესახებ, თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ მისი მფლობელი არასდროს მოირგებდა კატალონიის "ბარსელონას" მაისურს. არსებობენ ადამიანები, რომელთა კვალიც სამუდამოდ რჩება საფეხბურთო ისტორიას. ის სწორედ ერთი მათგანია. მშრალი ბიოგრაფიის მოყოლით თავს არ შეგაწყენთ, უბრალოდ, ვეცდები, ღირსეული პატივი მივაგო ადამიანს, რომელიც რიგითი მოთამაშიდან იდეალად იქცა, ხოლო იდეალიდან... ბევრისთვის ისევ რიგითად, უფრო მეტისთვის კი – მაინც იდეალად დარჩა... ამ სტატიის მიზანიც სწორედ ამის აღნიშვნაა... მაშ ასე, 1977 წლის 17 აგვისტოს, პარიზის გარეუბანში, ქვეყანას ტიერი დანიელ ანრი მოევლინა...
მიუხედავად იდეალურისგან ძალზე შორს მყოფი პირობებისა, პატარა, ოროთახიან ბინაში გაზრდილ ბიჭუნას მამა, ანტუანი, ყოველთვის ჩასჩიჩინებდა სპორტის უზარმაზარ მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით კი – ფეხბურთის. დედა, მერილი, კი ნერვიულობდა, რომ მისი ვაჟი სწავლას გაცილებით ნაკლებ დროს უთმობდა, ვიდრე მოედანზე ბურთის გორებას. ტიერიმ ორივე მშობელს დაუჯერა, გახდა ბრწყინვალე სტუდენტი და კიდევ უკეთესი მოთამაშე.
ანტუანს სისტემატიურად დაჰყავდა შვილი სხვადასხვა საფეხბურთო მატჩზე და მალე ნათელი გახდა, რომ მისი ტალანტი თანატოლებისას საოცრად აღემატებოდა. მიაღწია რა თინეიჯერის ასაკს, ტიერიმ ნელ–ნელა იწყო ადგილობრივი სკაუტების ყურადღების მიპყრობა.
13 წლის ბავშვის ნიჭი პირველმა ტიერი პრეტმა შეამჩნია. ანტუანის დაყოლიება იოლი აღმოჩნდა, "ვაირი–ჩატილონში" ჩარიცხულმა ანრიმ კი 26 შეხვედრაში 77 – ჯერ მოახერხა თავის გამოჩენა.
ზუსტად 14 წლის იუბილის აღნიშვნამდე, ტიერი 25 რჩეულ ბავშვს შორის მოხვდა, რომელსაც საყვარელ საქმიანობაზე კონცენტრირება პარიზიდან 30 მილში განთავსებულ ელიტარულ სკოლაში მიეცა. მისი თანანკლასელები, სხვებთან ერთად, უილიამ გალასი, ლუის საა და ნიკოლა ანელკა გახლდნენ.
მწვრთნელებს მოსწონდათ ტიერის სისწრაფე და გონება, მაგრამ ნერვიულობდნენ, რომ მისი ურთიერთობა ბურთთან, გადაცემების კეთებისა და გოლის გატანის უნარი ელიტარულ დონემდე ვერასდროს მიაღწევდა.
და სწორედ ამ დროს, არსენ ვენგერმა, რომელიც "მონაკოს" წვრთნიდა, 16 წლის ახალგაზრდაში გაცილებით მეტი პოტენციალი დაინახა.
1996 წელს ტიერი 18 წლამდელთა ევროპის ჩემპიონობისკენ გაუძღვა ეროვნულ ნაკრებს, მოხვდა 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადში, მაგრამ აბსოლუტურ დონეზე დებიუტისას აშკარად დაეტყო ნერვიულობა, რამაც დიდი ზეგავლენა მაოხდინა მის თამაშზე.
აშკარა იყო, რომ ის საჭიროზე მეტად ღელავდა. ფრანგებმაც ფსონის დადება "ახალ ბატისტუტაზე", დავიდ ტრეზეგეზე არჩიეს.
1998 წლის მუნდიალის ერთპიროვნულ ფავორიტებად ინგლისი და ბრაზილია ითვლებოდნენ. საფრანგეთის ეროვნული ნაკრები კი ძირითადად ერთადერთ ფეხბურთელს, ლეგენდარულ ზინედინ ზიდანს ეყრდნობოდა.
სახმრეთ აფრიკის წინააღმდეგ გამართულ პირველ შეხვედრაში მასპინძლები ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდნენ.
ყველასთვის მოულოდნელად, შეტევის კიდევ უფრო გასაძლიერებლად მოედანზე ანრი გამოჩნდა... მოაწყო შტურმი მეტოქის კართან, საბოლოოდ კი, ბავშვივით მოატყუა მთელი დაცვა, გაარღვია ყველა დაბრკოლება და უზუსტესი დარტყმით გადაუგდო ბურთი თავზე გაოგნებულ მეკარეს.
მეორე თამაშში დუგარიმ უმძიმესი ტრავმა მიიღო, ზიდანმა – ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია და "მამლები" უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნენ.36 – ე წუთზე ანგარიში ტიერიმ გახსნა, მოგვიანებით კი კიდევ ერთხელ დალაშქრა საუდის არაბეთის კარი. საფრანგეთმა ის შეხვედრა 4–0 მოიგო.
ზიდანი შემადგენლობას დაუბრუნდა, თუმცა მომავალმა ჩემპიონებმა ვერაფრით მოახერხეს საკუთარი თამაშის პოვნა. იტალიასთან გამართულ პენალტების სერიაში ანრიმ ზუსტად გამოიყენა საკუთარი შანსი, ლუიჯი დი ბიაჯოს ძელმა კი "სკუადრა აძურას" შინ წასვლა აიძულა.
ფინალური მატჩში ზინედინ ზიდანმა ორჯერ აიღო ბრაზილიელთა კარი, საფრანგეთმა კი პირწმინდად დაჩაგრა მეტოქე და 3–0 იმარჯვა.
ანრიმ დატოვა "მონაკო" და "იუვენტუსში" გადავიდა, თუმცა ვერაფრით მოახერხა ტურინთან შეგუება და საბოლოოდ ისევ ვენგერს, ამჯერად "არსენალში" დაუბრუნდა.
დანარჩენი უკვე ყველამ კარგად იცის... მან სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი "მეთოფეთა" და არამარტო მათ გულებში. ლამაზი, სანახაობრივი ფეხბურთი, უზარმაზარი სისწრაფე, ბრწყინვალე გონება და საფირმო დარტყმა კარის შორეულ, დაბალ კუთხეში. იგი ყოველთვის მზად გახლდათ, დახმარების ხელი გაეწვდინა, როდესაც გუნდს ეს სჭირდებოდა, იტანდა უმნიშვნელოვანეს და ულამაზეს გოლებს, იყო ლიდერობის ნამდვილი მაგალითი.
... ტიერიმ დატოვა "არსენალი" და "კამპ ნოუზე" გადაბარგდა, დღეს კი, საერთოდაც, "ნიუ იორკ რედ ბულზის" მოთამაშეა. მაგრამ არასდროს, არც ერთ კლუბში, მასზე არავის უთქვამს რაიმე ცუდი.
ხელით გასწორებული ბურთი 2010 წლის მუნდიალის პლეი–ოფში, სათადარიგოთა სკამზე მინიჭებული როლი ჯგუფურ ეტაპზე, კონფლიქტი რაიმონ დომენეკთან და აჯანყება მთავარი მწვრთნელის წინააღმდეგ...
ანრის არ დაუმალავს, რომ ხელით ითამაშა, მეტიც, "ფიფას" თავად მისწერა წერილი განმეორებითი მატჩის ჩატარების თხოვნით, მაგრამ ეს უკვე აღარავის ახსოვდა. კრიტიკის ქარიშხალი დაძრული იყო. ერთ დროს იდეალურ ფეხბურთელს ყველა ლანძღავდა, ვისაც პირის გაღება არ ეზარებოდა. მხოლოდ მაშინ, როდესაც სამარცხვინო საფრანგეთის ნაკრები ნაადრევად გამოეთიშა ასპარეზობას, ყველას დასწყდა გული, რომ მან ვერ მოახერხა მუნდიალზე საკუთარი სიტყვის თქმა...
შესაძლოა "ტიტი" არ არის ყველა დროის საუკეთესო თავდამსხმელი, მაგრამ ჩვეულებრივიც არასდროს ყოფილა. შეიძლება ის არ არის უსწრაფესი ფეხბურთელი პლანეტაზე, მაგრამ დღესაც, 32 წლის ასაკში, ბევრი ვერ შეძლებს მის გასწრებას. მხოლოდ საკმარისია, ნახოთ, როგორი გამაოგნებელი სისწრაფით იტოვებს უკან მეტოქის მთელ დაცვას და აუღელვებლად იტანს გოლს გაოცებული მეტოქის კარში, რომ იოლად მიხვდებით, რატომ უწოდებს მას საზოგადოების ნაწილი უსწრაფეს მოთამაშეს, რომელიც ოდესმე შეხებია ბურთს.
ტიერი მაშინვე რთავს სხვა სიჩქარეს, როგორც კი გადაცემას იღებს. მისი აჩქარება და მაქსიმალური სისწრაფე შანსს არ უტოვებს ოპონენტს. მაგრამ თუ სცდიან და ალყაში მოაქცევენ, საოცარი გადაცემით დატოვებს თანაგუნდელს ცარიელი კარის პირისპირ.
იშვიათია ფეხბურთელი, რომლის მიმართაც მეტოქე მცველებიც კი ვერ მალავენ აღფრთოვანებას. ბევრ საქვეყნოდ ცნობილ მოთამაშეს უღიარებია, რომ ანრისთან ჭიდილი ღამის კოშმარს ჰგავს.
დიახ, დღეს შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ ის წავიდა, შესაძლოა ზოგადად დიდი ფეხბურთიდან, მაგრამ დაბრუნდება. დაბრუნდება, როგორც მწვრთნელი, ან თუნდაც წყლის მიმწოდებელი, როგორც ერთხელ თავად თქვა.
"ფეხბურთში ყოველთვის უკანასკნელი თამაშის მიხედვით გაფასებენ. ვინც არ უნდა იყო, როგორი გასაოცარიც არ უნდა იყო, მხოლოდ უკანასკნელი თამაშია, რომელსაც ყველამ უყურა," ეს მისი სიტყვებია. სამწუხაროდ, მართალი აღმოჩნდა და ვერც თავად შეძლო ამისგან თავის დაღწევა...
ეს კი მისი კარიერა სურათებში...













ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]