ფული გვქონდა და გვექნება, მაგრამ ეხლა არ გვაქვს
ერთი შეხედვით, ჩვენს წინაშეა ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი საფეხბურთო სამყაროში. ცოტა ხნის წინ, "ბარსელონამ" გასული სეზონის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, კლუბის სუფთა მოგებამ 11.1 მლნ. ევრო შეადგინა. კატალონიელთა მთლიანი შემოსავალი კი 445,5 მლნ. ევროს გაუტოლდა, რაც შემოსავლიანობის კრიტერიუმით, მსოფლიოს აბსოლუტური რეკორდია.
ბლაუგრანას მთავარმა ფინანსისტმა, ხავიერ სალა მარტინმა აღნიშნა, რომ ბოლო ორ წელთან შედარებით, კლუბის მოგება საგრძნობლად გაიზარდა: "ეს თანხა მხოლოდ "ბარსელონას" ისტორიაში როდია სარეკორდო.
უფრო მეტი ფულის შოვნა ვერც ერთმა სპორტულმა პროექტმა ვერ შეძლო, ამერიკის ჰოკეისა და საკალათბურთო კლუბების ჩათვლით. გასულ წელთან შედარებით, მოგება 16 %-ით გავზარდეთ, რაც შეეხება კლუბის ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილს, 10 %-იანი ზრდა დაფიქსირდა".
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ყველაფერი მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისის დროს ხდება. ამჟამად ესპანეთში უმუშევრობის დონე 11.3%-ია, რაც ევროკავშირში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ბიუჯეტის დეფიციტი კი 11.2%-ია. შედარებისთვის, გერმანიაში ეს მაჩვენებელი 3.1%-ია. და ასეთ პირობებში ბლაუგრანას შემოსავლები მხოლოდ იზრდება.
მომავალ წელს, კატალონიელები 750 მლნ-იანი შემოსავლის მიღებას გეგმავენ. ტელეკომპანია "მედიაპროსთან" გაფორმებულმა 4 წლიანმა კონტრაქტმა ბლაუგრანას 600 მლნ. ევრო უნდა მოუტანოს. ასევე დღის წესრიგშია Herbalife-თან, Turkish Airlines-თან და Etisalat-თან ახალი სპონსორული ხელშეკრულებების გაფორმება, რაც მთლიანობაში "ბარსელონას" ბიუჯეტს 250 მლნ. ევროთი შეავსებს.
ამ ფონზე "ბარსელონას" ახლადგამომცხვარი პრეზიდენტის განცხადება, რომელიც ვალებსა და ნაღდი ფულის დეფიციტს ეხებოდა, ყველას უცნაურად მოეჩვენა. ბლაუგრანას ბოსმა ბრძანა ახალი ხელმძღვანელობის მთავარი მიზანი კლუბის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებააო.
დასახული მიზნის მისაღწევად, კლუბმა 150 მლნ-იანი კრედიტი აიღო და ასევე, სასწრაფო წესით გაასხვისა დმიტრი ჩიგრინსკი. არ უნდა დაგვავიწყდეს ია-ია ტურეს ტრანსფერიც. თუმცა, უკრაინელისგან განსხვავებით, კოტ დ'ივუარელს არ უზარალია. "მანჩესტერ სიტიმ" აფრიკელს იმხელა ჯამაგირი დაუნიშნა, რომ პრემიერლიგაში ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად იქცა. მსოფლიოს მასშტაბით კი, ტურეზე მაღალი ხელფასი მხოლოდ რონალდოსა და მესის აქვთ.
და რაშია საქმე? რატომ დასჭირდა კრედიტორებთან სირბილი ბლაუგრანას ახალ პრეზიდენტს მაშინ, როცა კლუბის შემოსავლიანობის ასეთ შთამბეჭდავ ციფრებს ვხედავთ.
როგორც ცნობილია, სანდრო როსელი დიდი ხანი ილესავდა კბილებს ლაპორტაზე. ხუთი წლის უკან მომხდარი უთანხმოების შემდეგ, სანდრომ პრეზიდენტს დიქტატორი უწოდა და კლუბი სკანდალურად დატოვა. მას შემდეგ, ისინი მხოლოდ ადვოკატების პირით ესაუბრებოდნენ ერთმანეთს.
და სულაც არ არის გასაკვირი, რომ საპატიო პოსტზე დანიშვნის შემდეგ, როსელმა ლაპორტასთვის სამაგიეროს გადახდა გადაწყვიტა. ოღონდ, სამაგიეროცაა და სამაგიეროც. სხვა დანარჩენს რომ თავი დავანებოთ, ახალმა ბოსმა ყველაზე წმინდაზე - მოხუც იოჰან კრუიფზე "გაიწია", წაართვა რა კლუბის საპატიო პრეზიდენტის ტიტული.
მეზიზღება, როცა ფეხბურთი პოლიტიკური თამაშების ინსტრუმენტი ხდება. ეს სპორტია, სანახაობა, ხელოვნება. აქ არ არის პოლიტიკური პროსტიტუციის ადგილი. აბა, სხვა რა შეიძლება ეწოდოს იმას, რასაც ჩვენ ვხედავთ?
ახალი პრეზიდენტი სახელფასო დავალიანებების დასაფარად კრედიტს იღებს და იმავე მომენტში სამხრეთ აფრიკაში მიემგზავრება სესკ ფაბრეგასის ნანინანატრი ტრანსფერის გასაჩარხად. ალბათ, ხვდებით, რომ საუბარი რამდენიმე ათეულ მილიონ ევროზეა (40-60 მლნ).
მოკლედ, ძვირფასო სანდრო გეყოფა მაიმუნობა. "ბარსელონა" არც საქმის გარჩევის ინსტრუმენტია და არც სამაგისო ადგილი, თავი ხელში აიყვანეთ და იყავი ჯენტლმენი. "სოსიოსების" მიერ მოცემული ხმების სარეკორდო რაოდენობა, არამხოლოდ თქვენდამი გამოხატულ სერიოზულ ნდობას, არამედ გაზრდილ პასუხისმგებლობასაც ნიშნავს.
ჩვენ არ გვინდა, რომ მომავალში საფეხბურთო მსოფლიოს წინაშე თქვენს გამო ვწითლდებოდეთ. ჩემი რჩევა იქნება, ერთ საღამოს კიდევ ერთხელ შეიაროთ კლუბის მუზეუმში და ის ჯილდოები დაათვალიეროთ, რომლებიც ბლაუგრანამ ლაპორტას პრეზიდენტობის ჟამს მოიპოვა: ჩემპიონთა ლიგა (2), ესპანეთის ჩემპიონატი (4), სამეფო თასი, ესპანეთის სუპერთასი (3), ევროპის სუპერთასი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და "სანტიაგო ბერნაბეუზე" "რეალის" ბეჭებზე გაკვრა (6:2).
ყოველ კვვირას შეიარეთ იქ და ეს მანამდე გააკეთეთ, სანამ თქვენი წინამორბედის მიღწევებს არ გააუმჯობესებთ, ანაც გაიმეორებთ. ხოლო სანამ ეს დღე დადგება, ლაპორტიზმის ეპოქის ჩრდილქვეშ ყოფნისთვის ხართ განწირული. ჩვენ კი, კვლავაც შეგვეშლება თქვენი გვარის ზუსტად გამოთქმა - ვერ გავიგეთ, ეს კაცი როსელლია თუ როსსელიო.
www.sports.ru
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]