5 წელი ლეგენდარული „კლასიკოდან“
დღეს, 2 მაისს, ზუსტად 5 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც "ბარსელონამ" მადრიდის "რეალი" ლეგენდარულ "კლასიკოში" დაამარცხა.
2009 წლის 2 მაისს, პეპ გვარდიოლამ გუნდი "სანტიაგო ბერნაბეუზე" სათამაშოდ პირველად გაიყვანა. პირველ ადგილზე მყოფი "ბარსელონა" მდევარ "რეალს" 4 ქულით უსწრებდა. პრიმერას დასრულებამდე 5 ტური იყო დარჩენილი და მადრიდელთა მოგების შემთხვევაში, საჩემპიონო ბრძოლა უკიდურესად იძაბებოდა.
თამაში მასპინძელთათვის კარგად დაიწყო - მე-14 წუთზე, იგუაინმა თავით ზუსტად დაარტყა და ანგარიში გახსნა. 6 წუთში წინ უკვე "ბარსელონა" იყო. მე-18 და მე-20 წუთებზე გოლები ტიერი ანრიმ და კარლეს პუიოლმა გაიტანეს. კიდევ 16 წუთის გასვლის შემდეგ, თავი ლიონელ მესიმაც გამოიჩინა და "ბარსა" წინ 2 ბურთით გაიჭრა.
მე-2 ტაიმის პირველი გოლიც "რეალმა" გაიტანა. 56-ე წუთზე თავი სერხიო რამოსმა გამოიჩინა. "ბარსამ" ორბურთიანი უპირატესობა 3 წუთში, ანრის გოლით აღადგინა. 75-ე და 83-ე წუთებზე თითო გოლი მესიმ და პიკემაც გაიტანეს და თამაში კატალონიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 6:2 დასრულდა.
ამ მოგების შემდეგ "ბარსელონა" წინ 7 ქულით გაიჭრა, ხოლო სეზონი კატალონიელებმა სამივე ტიტულის მოგებით დაასრულეს.
[media=http://www.youtube.com/watch?v=EbMdpjFn9sI]
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 44 ]