კარლეს პუიოლი: 15 წელი, 15 მომენტი

კარლეს პუიოლი: 15 წელი, 15 მომენტი

"Barca TV-ს" სპეციალურ პროგრამაში "კარლეს პუიოლი: 15 წელი, 15 მომენტი" პუიოლმა გაიხსენა თავისი დიდებული კარიერის მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი მომენტები.

10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პუიოლმა ლუის ენრიკესგან მიიღო კაპიტნის სამკლაური: "ლუისმა კაპიტნობის ძალიან კარგი მაგალითი მომცა. ის კაპიტანი მძიმე დროს იყო, მაგრამ მისგან ბევრი ვისწავლე და ყოველთვის მადლიერი ვიქნები. ჩემი აზრით, ფანტასტიკური კაპიტანი იყო. სამწუხაროა, რომ ჩვენ ტიტული ენრიკეს წასვლის შემდეგ მოვიგეთ. მან ვერაფერი მოიგო, თუმცა გამარჯვებას იმსახურებდა."

კარლეს პუიოლს პატივს სცემენ არამარტო კულეები, არამედ სხვა კლუბების ფანებიც. ის ყოველთვის იყო იდეალური ლიდერი. "კლუბისა და თანაგუნდელების დაცვას ყოველთვის ვცდილობდი. ყველანაირად დახმარება და საქმის საუკეთესოდ გაკეთება მსურდა. მინდოდა გამეკეთებინა ის, რაც კლუბისათვის საუკეთესოდ მიმაჩნდა."

2006 წელი, პარიზი - კარლესის კარიერის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი. "ეს იყო შესანიშნავი დღე და ერთადერთი თამაში, რომლის სანახავად მამაჩემი მოვიდა. არასდროს მოდიოდა ჩემი თამაშის სანახავად, მაგრამ მანელ სოსტრესმა ის მატჩზე მიიყვანა. ძალიან მიხარია, რომ მან ნახა, თუ როგორ მოვიგე ჩემპიონთა ლიგა, ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტული. ის ჩემს თამაშებს ტელევიზორით უყურებდა, მაგრამ არასდროს მეკითხებოდა ჩემს სამუშაოზე. მხოლოდ და მხოლოდ მკითხავდა, თუ როგორ ვიყავი. ჩემს გვერდით იყო და ამის გამო მადლიერი ვარ."

კიდევ ერთი აღსანიშნავი მომენტია "რეალში" გადასული ფიგუს დაბრუნება "კამპ ნოუზე": "ის "ბარსასთვის" ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო. ფიგუს ტრანსფერი "რეალში" ნიშნავდა, რომ მისი დაბრუნება "კამპ ნოუზე" ყველას დაამახსოვრდებოდა სტადიონზე შექმნილი ატმოსფეროს გამო. ეს საოცარი იყო. რამდენჯერმე თამაში გავაგრძელეთ, რადგან მსაჯის სასტვენის ხმა არ გვესმოდა. მხოლოდ გულშემატკივართა ხმა ისმოდა."

ასევე უნდა გავიხსენოთ "ბერნაბეუზე" ანგარიშით 2-6 გამარჯვება. თავის ცნობილ გოლზე საუბრისას პუიოლმა განაცხადა: "ჩვენ არ გამოვცადეთ ეს მოძრაობა ვარჯიშისას, მაგრამ მასზე ვისაუბრეთ. მოედანზე გასვლამდე ტიტომ გვითხრა გეგმა, რომელიც მხოლოდ სამმა მოთამაშემ იცოდა: ჩავიმ, მე და პიკემ. ხერარდს უნდა დაებლოკა ის ფეხბურთელი, რომელიც მე მმეურვეობდა. კარგად ჩანს, რომ კუთხურამდე მე ჩავის რაღაც ვანიშნე და გეგმა იდეალურად შევასრულეთ."

2011 წლის უემბლის ფინალის დროს ჩემპიონთა ლიგის თასი აბიდალმა აღმართა. "ეს გადაწყვეტილება ფინალამდე 2-3 დღით ადრე მივიღე. რამდენიმე ადამიანს ვუთხარი ამის შესახებ და ვთხოვე, რომ სხვებისთვის არაფერი ეთქვათ. ასეთ დროს ცოტა ცრუმორწმუნე ვარ. მე არ მსურდა საუბარი იმ თასის აღმართვაზე, რომელიც ჯერ არც მოგვეგო. შესანიშნავი თამაში იყო. აბიდალმა ეს პატივი დაიმსახურა თავისი ბრძოლის გამო. ის არ დანებდა და ყველას მისცა მაგალითი."

ტრავმების შემდეგ 'პუიმ' კარიერის დასრულება გადაწყვიტა. "ჩემი ჩანაფიქრი თამაშის გაგრძელება და გაუმჯობესება იყო, მაგრამ სხეულმა ამის საშუალება არ მომცა. ეს ფაქტი უბრალოდ უნდა მიმეღო. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ თუ 100%-ით ვეღარ დავიხარჯებოდი, მაშინ კარიერის დასრულება მომიხდებოდა. მუხლის ტრავმასთან დაკავშირებით შეიძლება ზედმეტი მომივიდა, განსაკუთრებით კი წინა სეზონში. ყველანაირად ვიბრძოდი და მჯეროდა, რომ თამაშსა და ვარჯიშს გავაგრძელებდი. დარწმუნებული ვარ, რომ შორს შევტოპე, მაგრამ გავაკეთე ის, რაც სწორად მიმაჩნდა. გუნდის დახმარება მსურდა, მაგრამ მუხლის გამო აღარაფერი დამრჩა გასაკეთებელი."

"ყველაზე მეტად მაღიზიანებს ის, რომ გუნდს ვჭირდები, მაგრამ დახმარება არ შემიძლია. ამის გამო ვიტანჯებოდი და ეს ჩემი გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზია. ტკივილს გავუძლებდი, მაგრამ ეს გუნდსაც დააზარალებდა, რაც ძალიან მტივნეული იყო."
იხილეთ ვიდეო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 31 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.