გერმანელთა თვალით დანახული ტერ შტეგენი

გერმანელთა თვალით დანახული ტერ შტეგენი

იან ლუსთიგი არის გერმანული ჟურნალის, "კიკერის", ჟურნალისტი და ის ძირითადად მიუნხენგლადბახის "ბორუსიაზე" წერს. "ბარსას ჟურნალის" ("BARÇA MAGAZINE") ბოლო ნომერში მან დაახასიათა კატალონიელთა ახალი მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი.

გთავაზობთ იან ლუსთიგის სტატიას სახელწოდებით "ტალანტი და ძლიერი პიროვნება ძელებს შორის".

ცოტა საეჭვო იყო მარკ-ანდრე ტერ შტეგენის სიტყვები 2011 წელს. მეკარე ახალი გადასული იყო მიუნხენგლადბახის "ბორუსიას" პირველ გუნდში და ძალიან მცირე გამოცდილება ჰქონდა ბუნდესლიგაში, როდესაც ჰკითხეს, თუ რომელი ევროპული კლუბი ხიბლავდა. "ეჭვგარეშეა, "ბარსელონა" "- ტერ შტეგენის პასუხი სიყვარულის დეკლარაციას ჰგავდა. კატალონიურ კლუბში გადასვლაზე საუბრისას ეს მინიშნება აუცილებლად უნდა გავიხსენოთ. "ოცნება ამიხდა. სხვა ვარიანტები არ განვიხილე, მხოლოდ "ბარსელონაში" მინდოდა." ეს სიტყვები გულიდან მოდიოდა.

თავდამსხმელიდან მეკარემდე

ესპანეთში გადასვლა გარდამტეხი მომენტია ახალგაზრდა გერმანელისათვის. აქამდე მისი ცხოვრება იყო "ბორუსია" და მიუნხენგლადბახი, შესაბამისად კლუბი, სადაც 18 წელი თამაშობდა და ქალაქი, სადაც დაიბადა. 1996 წელს 4 წლის ტერ შტეგენი ბაბუამ კლუბში დაარეგისტრირა. მაშინ არავინ იცოდა, თუ რამდენად კარგი მეკარე გახდებოდა ტერ შტეგენი, რომელსაც თავიდან შეტევის ხაზში თამაში სურდა. 17 წლამდე ის მოედნის მოთამაშე იყო, მაგრამ თუ მატჩის დროს გუნდში რეგულარული მეკარე ვერ მოიძებნებოდა, მაშინ ტერ შტეგენი კარში დგებოდა. ის შეცვლაზე იმდენად კარგი იყო, რომ საბოლოოდ პოზიცია შეიცვალა. "ეს ჩემი საუკეთესო გადაწყვეტილებაა"- განაცხადა გერმანელმა.

ტერ შტეგენმა შეინარჩუნა თავისი ყოფილი პოზიციის რამდენიმე ასპექტი. ის ხშირად გვევლინება ლიბეროს როლში, ფეხით თამაშისა და გადაცემების დროს კი ძალიან საიმედოა. ამ ფაქტორებით გამოირჩევა ახალგაზრდა მეკარე. "შესამჩნევია, რომ ადრე მარკ-ანდრე მოედნის მოთამაშე იყო", ამბობს მისი მწვრთნელი უვე კამპსი, რომელიც "ბარსას" ახალ მოთამაშესთან ერთად მუშაობდა პირველ და ახალგაზრდულ გუნდებში. "მას სიტუაციების შეფასების საოცარი უნარი აქვს, მაგრამ ეს მარკ-ანდრეს მხოლოდ ერთ-ერთი თვისებაა." მეკარეთა ერთ-ერთი საუკეთესო ექსპერტის თქმით, ტერ-შტეგენს არ აქვს განსაკუთრებული სუსტი წერტილი. ის საიმედოა, არის კარგი სტოპერი და ერთი-ერთზე ძალიან კარგად თამაშობს. ტერ შტეგენი ძლიერია ფეხით თამაშისას და აქვს მეკარეს შესაფერისი პიროვნული თვისებები.

სტატისტიკა გვიჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო მარკ-ანდრე "ბორუსიასთვის". ბუნდესლიგაში დებიუტის (2011 წლის აპრილი, "კიოლნის" წინააღმდეგ, 5-1) შემდეგ, მეკარე თამაშში 6500-ჯერ ჩაერთო - მატჩში 60-ზე მეტი ინტერვენცია და მომდევნო მეკარეზე 1000 ინტერვენციით მეტი. გვარდიოლას განცხადებით, "ტერ შტეგენი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და ძლიერია ფეხით თამაშის დროს." ლუსიენ ფავრე ეთანხმება პეპს: "მარკ-ანდრე თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა, ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა და მომავალი მის ხელშია."

სწავლის პროცესში ახალგაზრდა მეკარეები შეცდომებს უშვებენ. ტერ შტეგენის უდიდესი შეცდომა იყო ავტოგოლი გერმანიისა და ა.შ.შ-ს მატჩის დროს. იგივე შეცდომა დაუშვა ბუნდესლიგაში "ბრაუნშვაიგის" წინააღმდეგ თამაშისას, მაგრამ მარკ-ანდრეს ძლიერი მხარეა მენტალური სიმტკიცე. ამ შეცდომებმა გერმანელზე გავლენა კი არ მოახდინეს, არამედ მათი საშუალებით ის გაუმჯობესდა. "მარკ-ანდრეს გააჩნია უდიდესი მენტალური სიმტკიცე, რომელიც ყველა მეკარეს მოეთხოვება", ამბობს უვე კამპსი. "როდესაც ჩემს შეცდომებს ვიხსენებ, მიხარია, რომ ასეთი გამოცდილება მივიღე. ვიცი, რომ შეცდომებმა ვერ გამტეხეს და ყოველთვის შემეძლო ისევ თამაში. მომწონს ის, თუ როგორ გადავლახე დაბრკოლებები და მომავალს პოზიტიურად ვუყურებ", განაცხადა ტერ შტეგენმა.

მარკ-ანდრეს პირადი ცხოვრება

ნიჭიერი, შრომისმოყვარე, დისციპლინირებული, ამბიციური, თავდაჯერებული, თვითკრიტიკული - ასეთი სიტყვებით ახასიათებენ ტერ შტეგენს მწვრთნელები. მარკ-ანდრეს არ მოსწონს საკუთარ თავზე საუბარი და პირად ცხოვრებაზე დუმილი ურჩევნია. "ვცდილობ, რომ ფეხბურთი და პირადი ცხოვრება ერთმანეთისგან გამოვყო. ეს მნიშვნელოვანია ჩემთვის". გერმანელი თავს არიდებს კლუბებსა და წვეულებებს. ამჯობინებს კინოში სიარულს, ფლეისთეიშენის თამაშსა და ესპანურის სწავლას. ის თითქმის ყოველთვის იყენებს ახალ ხელთათმანებს თითოეულ მატჩში. 2012 წლის შობის დღესასწაულზე ტერ შტეგენი 'ფეისბუქზე' დარეგისტრირდა, რათა ეპოვა დაკარგული ძაღლი ბალი, რომელსაც მანქანამ დაარტყა და ძაღლიც გაიქცა. გულშემატკივრები ძებნაში ეხმარებოდნენ. ამ შემთხვევიდან 1 დღის შემდეგ ბალი დაუბრუნდა მარკ-ანდრესს და მის შეყვარებულს, დანიელას. სწორედ დანიელასთან ერთად ჩავიდა ფეხბურთელი ბარსელონაში. ერთი შეხედვით ტერ შტეგენი სერიოზული, მკაცრი, გაწონასწორებული და თავშეკავებულია, მაგრამ რეალურად ის არის სასიამოვნო ადამიანი იუმორის გრძნობით. "ბორუსიაში" თანაგუნდელები მას დიდ პატივს სცემდნენ. "გუნდი კარგავს ძალიან მნიშვნელოვან წევრს, არა უბრალოდ კარგ მეკარეს, არამედ შესანიშნავ პიროვნებას", განაცხადა ლუსიენ ფავრემ.

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 23 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.