რაკიტიჩი: „4 ნომრით თამაში დიდი პატივია“

რაკიტიჩი: „4 ნომრით თამაში დიდი პატივია“

26 წლის ხორვატმა ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა "ბარსელონასთან" 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. კატალონიელთა ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, "სევილიას" ყოფილი ფეხბურთელი 4-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. რაკიტიჩამდე 4 ნომრით ისეთ ფეხბურთელებს უთამაშიათ, როგორებიც რონალდ კუმანი, პეპ გვარდიოლა, რაფა მარკესი და სესკ ფაბრეგასი არიან.

კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ, რაკიტიჩი ჟურნალისტების წინაშე წარსდგა: "მადლობას ვუხდი "ბარსელონას" ნდობის გამოცხადებისთვის და კომფორტის შექმნისთვის. ამ გუნდისთვის ყველაფერს გავიღებ.

მინდა, "ბარსელონას" ისტორიაში შევიდე და არაერთი ტიტული მოვიგო. ძალიან მოტოვირებული ვარ. მინდა, თამაშს კიდევ უფრო მოვუმატო.

"ბარსელონაში" გადმოსვლაზე ისეთი მტკიცე თანხმობა განვაცხადე, როგორც ქორწილის დროს.

ახლა, ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული. თავდაუზოგავად უნდა ვიმუშავო.

შემიძლია საყრდენ ნახევარმცველადაც ვითამაშო და ნებისმიერ პოზიციაზე, რომელზე თამაშსაც მწვრთნელი დამავალებს.

მსოფლიო ჩემპიონატზე ყოფნის დროს, ლუის ენრიკესთან უკვე ვისაუბრე. ის, ახლა, ჩემი მწვრთნელია და მისი მოსმენა მნიშვნელოვანი იყო.

ლუკა მოდრიჩსაც ვესაუბრე. მას ჩემთან ერთად კლუბში თამაშიც უნდოდა, მაგრამ მე სხვა გადაწყვეტილება მივიღე. მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ლუკამ წარმატებები მისურვა.

დიდი პატივია ვატარო 4-ნომრიანი მაისური. ეს ხომ გვარდიოლას ნომერია, რომელმაც "ბარსელონაში" ისტორია როგორც ფეხბურთელმა და როგორც მწვრთნელმა შექმნა. სწორედ ამიტომ, ეს ნომერი საკმაოდ სწრაფად ავირჩიე.

"ბარსელონაში" ზეწოლა ყოველთვის დიდია. ყველა თამაში უნდა მოიგო და ყოველი ტიტულისთვის იბრძოლო. ეს სასიამოვნო ზეწოლაა.

მესისა და ნეიმარს შეუძლიათ ცუდი გადაცემა კარგად აქციონ. იმედი მაქვს, ერთმანეთს კარგად გავუგებთ.

მხოლოდ ერთი მესი არსებობს. მის მხარდამხარ თამაში დიდი პასუხისმგებლობა და სიამოვნება იქნება.

ლუის სუარესის მობოდიშება? ეს ფაქტი მრავლისმთქმელია. მან თავისი ხასიათი გვიჩვენა. სუარესი მაღალი დონის ფეხბურთელია იმისგან დამოუკიდებლად, რას მოიმოქმედებს კლუბი.

მომქანცველი სეზონის შემდეგ შვებულება მჭირდება. დასვენება და დროის ოჯახთან ერთად გატარება მნიშვნელოვანია. თუმცა, პირად მწვრთნელთან ერთად ვარჯიშს განვაგრძობ."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 27 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.