ივან რაკიტიჩი - მეხუთე მე-4 ნომერი
მას შემდეგ, რაც ესპანეთის ჩემპიონატის ფეხბურთელების ნომრები ფიქსირებული გახდა (1995-96 წლების სეზონიდან), ივან რაკიტიჩი "ბარსელონას" მე-5 ფეხბურთელია, რომელიც მე-4 ნომრით ითამაშებს. აქამდე, ამ ნომრით პეპ გვარდიოლა, პატრიკ ანდერსონი, რაფაელ მარკესი და სესკ ფაბრეგასი თამაშობდნენ.
პეპ გვარდიოლა (1995-2001)
პირველი ფეხბურთელი, რომელმაც 4-ნომრიანი მაისურით თამაში აირჩია, პეპ გვარდიოლაა. გვარდიოლამ ეს ნომერი რონალდ კუმანის საპატივცემულოდ აირჩია, რომელიც, 1989-1995 წლებში, როგორც წესი, სწორედ 4 ნომრით თამაშობდა. გვარდიოლა გუნდის გამთამაშებელი იყო, რომელიც დაცვის წინ მოქმედებდა. ის ჰოლანდიური ფილოსოფიის მიმდევარი იყო, რომლის თანახმადაც გამთამაშებელი 4 ნომრით თამაშობდა. გვარდიოლამ ნომერი გუნდის დატოვებამდე შეინარჩუნა, ეს კი 2001 წელს მოხდა. ივან რაკიტიჩი გამოტყდა, რომ მან 4 ნომერი სწორედ გვარდიოლას გამო აირჩია.
პატრიკ ანდერსონი (2001-2003)
შვედი მცველი "კამპ ნოუზე" "ბაიერნში" წარმატებით თამაშის შემდეგ მოვიდა. მისთვის დიდი გამოწვევა იყო ისეთი ფეხბურთელის ნომრის აღება, როგორიც პეპ გვარდიოლაა. ცენტრალური მცველი ელეგანტური მოთამაშე იყო, რომელიც მე-2 სართულზე კარგად თამაშობდა, მაგრამ ტრავმებმა მას შესაძლებლობების სრულად წარმოჩენის შანსი არ მისცა. 3 წლის განმავლობაში, მან ესპანეთის ჩემპიონატში მხოლოდ 19 თამაში ჩაატარა.
რაფაელ მარკესი (2003-2010)
პატრიკ ანდერსონმა თავისი ნომერი რაფა მარკესს დაუთმო, როდესაც მექსიკელი "ბარსელონაში" გადმოვიდა. მარკესმა თამაში ნახევარდაცვაში დაიწყო, მაგრამ მოგვიანებით ის დაცვაში გადავიდა, სადაც პუიოლთან და პიკესთან ერთად ბწყინვალედ თამაშობდა ხოლმე. მარკესს შესანიშნავი გრძელი პასი და პოზიციის არჩევის უნარი ჰქონდა. 7 წლის განმავლობაში მან 4-ჯერ ლა ლიგა და 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მარკესმა 242 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა.
სესკ ფაბრეგასი (2011-2014)
მარკესის წასვლის შემდეგ, 4 ნომერი ერთი წლის განმავლობაში არავის ცმია. მას შემდეგ, რაც გუნდმა სესკ ფაბრეგასი დაიბრუნა, მან 4 ნომერი თავისი ბავშვობის კუმირის, პეპ გვარდიოლას გამო აირჩია. ბოლო წლების განმავლობაში 4 ნომრით მოთამაშე ფეხბურთელთა შორის ფაბრეგასი ყველაზე მეტად შემტევი იყო. ის ხან შემტევ ნახევარმცველად მოქმედებდა, ხანაც ცრუ ცხრიანის პოზიციაზე. ფაბრეგასის "ბარსელონაში" მოღვაწეობა რამდენიმე დღის წინ დასრულდა. მან კატალონიელთა პირველი გუნდის მაისურით 151 თამაში ჩაატარა და 42 გოლი გაიტანა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 22 ]