"ბარსელონამ" ეუსებიო დაითხოვა
"ბარსელონას" ხელმძღვანელობამ "ბარსა ბ"-ს მთავარი მწვრთნელი, ეუსებიო საკრისტანი თანამდებობიდან დაითხოვა. კლუბმა ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.
მიმდინარე სეზონში "ბარსა ბ"-ს თამაში კრიტიკას ვერ უძლებს. ახალგაზრდა კატალონიელებმა, ლიგა ადელანტეს წინა ტურში, "სარაგოსასთან" 0:4 წააგეს. 24 ტურის შემდეგ, "ბარსა ბ"-ს 26 ქულა და ბურთების სხვაობა -11 აქვს. გუნდს გასავარდნ ზონასთან მხოლოდ 2 ქულა აშორებს. აქედან გამომდინარე, 50 წლის ეუსებიოს დათხოვნა მოულოდნელი არ ყოფილა. ირკვევა ისიც, რომ ეუსებიოს გარდა თანამდებობა მისმა თანაშემწემ, კარლოს უგომაც დატოვა.
"ბარსა ბ"-ს მთავარი მწვრთნელის პოსტს "ჟუვენილ ა"-ს დამრიგებელი ხორდი ვინიალსი დაიკავებს, მის ადგილზე კი 19-წლამდელთა ბ გუნდის მწვრთნელი ფრანცესკ ხავიერ გარსია პიმიენტა იმუშავებს.
ეუსებიო საკრისტანი "ბარსა ბ"-ს 2011 წლის 7 ივლისიდან წვრთნიდა. მან გუნდს 150 მატჩში უთავკაცა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 89 ]