ნეიმარი: "დარწმუნებული ვარ, კანონი არავის დაურღვევია"
"ბარსელონას" ბრაზილიელი თავდამსხმელი ნეიმარი საკუთარ ტრანსფერთან დაკავშირებთ ატეხილ ამბავს ეხმაურება. 23 წლის ფეხბურთელი დარწმუნებულია, რომ "ბარსელონას", ტრანსფერის დროს, კანონი არ დაურღვევია.
"მინდა აღვნიშნო, რომ არცერთ ჩემს მეგობარს და არცერთ იმ ადამიანს, რომელიც ჩემი საქმითაა დაკავებული, ბრალი არაფერში ედება. ასე რომ, ბრაზილიური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლე არაა.
"ნეიმარის საქმე" ესპანეთში დაიწყეს იმ მიზნით, რომ ჩემი ტრანსფერის ადგილობრივ კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხი შეესწავლათ. დარწმუნებული ვარ, რომ ის ადამიანები, რომლებმაც გარიგებაში მონაწილეობა მიიღეს, ესპანეთის, ბრაზილიისა და ფიფა-ს კანონების შესაბამისად მოქმედებდნენ.
დარწმუნებული ვარ, რომ "ბარსელონაში" ჩემი გადმოყვანისთვის განხორციელებული ნებისმიერი ქმედება ლეგალური იყო. ამ საქმით საუკეთესო იურისტები იყვნენ დაკავებულნი და მათ არცერთი ქვეყნის კანონი არ დაურღვევიათ."
როგორც ცნობილია, პროკურატურა სანდრო როსელისა და ხოსეპ მარია ბართომეუს პატიმრობას ითხოვს. გარდა ამისა, სამართალდამცავები "ბარსელონასთვის" ჯარიმის დაკისრებასაც ითხოვენ. ესპანურ პრესაში გავრცელებული სხვადასხვა ინფორმაციის თანახმად, მოთხოვნილი ჯარიმის თანხა 22-დან 33 მილიონ ევრომდე მერყეობს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 16 ]