მიზანი მოგებათა სერიის გაგრძელებაა

მიზანი მოგებათა სერიის გაგრძელებაა

დღეს საღამოს, კატალონიური გრანდი მშობლიურ სტადიონს დაუბრუნდება ზედიზედ ორი საგარეო მატჩის ჩატარების შემდეგ, რომლებშიც კატალონიელებმა ასე თუ ისე კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგეს "ვისენტე კალდერონზე" და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი რომში, ალესანდრო ფლორენცის ზღაპრული დარტყმის წყალობით, ფრედ 1-1 ითამაშეს. დღეს კი კატალონიელები თბილისის დროით 22 საათსა და 30 წუთზე, ლა ლიგის მეოთხე ტურის მატჩში "ლევანტეს" დაუპირისპირდებიან.

ლა ლიგის მე-2 ტურის შეხვედრა "ბარსამ" რთულ და დაძაბულ ბრძოლაში, მაგრამ მაინც მოიგო ბოლო 2 სეზონის საკმაოდ უხერხულ მეტოქესთან. ბლაუგრანამ "მალაგა" თომას ვერმალენის გოლის წყალობით მინიმალური სხვაობით - 1-0 დაამარცხა. ლა ლიგის პირველ ტურში ასევე ძალიან დაძაბულ ბრძოლაში კატალონიელებმა შეძლეს "სან მამესზე" რევანშის აღება მას შემდეგ, რაც ესპანეთის სუპერ თასი, ორი მატჩის, ჯამში 1-5 წააგეს. "ბარსას" პირველი გოლი ლა ლიგის 2015/2016 წლების სეზონზე კი სუარესს ეკუთვნის, ამან "ბარსას" პირველი სამი ქულაც მოუტანა.

შესაბამისად, სეზონის ამ მცირე მონაკვეთიდან ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება. მიუხედავად ტრავმებისა, მიუხედავად იმ ურთულესი მეტოქეებისა, რომელთანაც "ბარსას" უკვე მოუწია თამაში, მიუხედავად იმისა, რომ არბიტრთა შეცდომების მსხვერპლი რამდენჯერმე გავხდით, კატალონიელები საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთს თამაშობენ. შესაძლოა გუნდის თამაშში ბევრი წუნია, რაც ჩვეულებრივ სეზონის დასაწყისში ჩვევიათ ხოლმე გუნდებს (გავიხსენოთ წინა სეზონი, როგორ დავიწყეთ და როგორ დავასრულეთ), თუმცა ყველა ფეხბურთელი გოლის გასატანად თავს დებს და ჯერ-ჯერობით ამას შედეგიც მოაქვს. ჯერ-ჯერობით, ლა ლიგაში ბლაუგრანას ანგარიშზე მხოლოდ 4 გოლია, თუმცა 9 ქულის მოსაპოვებლად ეს 4 გოლიც საკმარისი აღმოჩნდა. ცხადია, ამ პრინციპულ მატჩებში გოლის ავტორებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს, თუმცა ასევე "ბარსას" დაცვითი ხაზიც არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, რომლებმაც ჯერ-ჯერობით მხოლოდ ერთხელ დაუშვეს შეცდომა, რასაც გოლი მოჰყვა. (ფერნანდო ტორესი, ატლეტიკო-ბარსელონა 1-0).

მიუხედავად "ლევანტეს" დიდი პატივისცემისა, უნდა ვთქვათ, რომ ეს მატჩი "ბარსასთვის" გარკვეული შესვენებაც იქნება. ამასთან შანსი ლეო მესის, შეამციროს სხვაობა მთავარ კონკურენტთან, კრიშტიანუ რონალდუსთან, რომელმაც გუშინ "გრანადასთან" საშინაო მატჩში გატანა ვერ შეძლო. პორტუგალიელმა "ესპანიოლის" კარი ხუთჯერ დალაშქრა, ლეოს ანგარიშზე კი ჯერ-ჯერობით მხოლოდ ერთი, თუმცა მნიშვნელობით იმ ხუთზე ბევრად დიდი გოლია. ლეოს გარდა, საკუთარი თავის რწმენის დაბრუნების შანსი ნეიმარსაც აქვს, ბრაზილიელი წინა მატჩში, "რომასთან" არც თუ ისე დამაჯერებელი იყო. თუმცა მისი ძალიან მნიშვნელოვანი ჯარიმა რად ღირს, რომელმაც "ატლეტიკოსთან" გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

როგორც ლეოსა და ნეიმარისთვის, ეს მატჩი ასევე მნიშვნელოვანი იქნება ტერ შტეგენისთვის, რადგან ფლორენცის მიერ გატანილ გოლს უმეტესობა მის შეცდომას მიაწერს. "კამპ ნოუზე" კი დღეს მას შანსი აქვს, რათა დაამტკიცოს რომ მსოფლიოს საუკეთესო მეკარეებს შორის მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. კლაუდიო ბრავოს ტრავმამაც წესით მის ფორმაზე დადებითად უნდა იმოქმედოს, რადგან სანამ ჩილელი დაბრუნდება, დიდი ალბათობით "ბარსას" ყველა მატჩში სწორედ გერმანელ მეკარეს ვიხილავთ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.