პიკე: "შეტევაში ჩართვა სახალისოა"
"ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა, ხერარდ პიკემ, El Pais-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, მიმდინარე სეზონზე, თავის სათამაშო სტილზე და სხვა ბევრ საინტერესო საკითხზე ისაუბრა. აღნიშნულ ინტერვიუს სრული სახით გთავაზობთ.
- რატომ გაუშვით სეზონის სტარტზე ამდენი გოლი?
- სათანადო ფორმაში ჯერ კიდევ არ ვიყავით და საჭირო იყო კარგად შევთამაშებულიყავით. იყო პესონალური შეცდომებიც, მაგრამ მთავარი პრობლემა კოლექტიური იყო. იოლი არ ყოფილა, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდა.
- გრძნობთ, რომ მეტოქეებს აღემატებით?
- რთულია, მოედანზე ყოფნის დროს, ასეთი შეგძნება გქონდეს, რადგან ცდილობ შენი საქმე კარგად გააკეთო და გუნდს დაეხმარო. თუმცა, ზოგჯერ ვგრძნობ ხოლმე, რომ ვდომინირებთ და ამისგან სიამოვნებას ვიღებ.
- დაბრუნდით მსოფლიო ფეხბურთის მწვერვალზე?
- შესაძლოა. გასულ სეზონში ტრებლი კვლავ მოვიგეთ და მთლიანი ათწლეული შესანიშნავი იყო. გვახსოვს 80-იანი და 90-იანი წლების საკის "მილანი". შესაძლოა, მომავალში, ხალხს ჩვენც ასე ვემახსოვრებით. ღრუბლებში არ უნდა ვიფრინოთ, რადგან ნახეთ, სად იმყოფება ახლა "მილანი". თუმცა, ვუყურებ რა კლუბის წარმატებულ მოდელსა და ფეხბურთელების ნიჭს, ვხვდები, რომ ამ პერიოდის გაგრძელება შესაძლებელია.
- მოკლე და გრძენი პასები, კონტრშეტევები, ბურთის ფლობა... გეხმარებათ თუ არა თამაშში ასეთი დიდი არჩევანი?
- დიახ. ლუის ენრიკემ თავისი იდეები მოიტანა და გარდა ამისა, ახალი ფეხბურთელები დაგვემატნენ. მცველებისთვის თამაში ახლა უფრო ადვილია, რადგან დისკომფორტს არ ვგრძნობთ, თუ ბურთი არ გვაქვს. ადრე, ბურთს იმდენხანს ვაკონრტოლებდით, რომ როდესაც ამას ვერ ვახერხებდით, გვიჭირდა. ახლა უფრო მრავალმხრივი გუნდი გვყავს.
- ჩანდა, თითქოს მწვრთნელის მიერ სიახლეების დანარგვა რთული იქნებოდა.
- ასეთია "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტი. ლუის ენრიკემ დაამტკიცა, რომ ის ამ პოსტს შეეფერება. თუმცა, ჩვენ, ფეხბურთელები, არაფერს ვითხოვთ. ის, რაც ხდება, კრუიფის ფილოსოფიაა, რომელიც რაიკაარდმა და პეპმა განაგრძეს. მან დიდი წარმატება მოგვიტანა და "ბარსელონას" სტილად იქცა.
- "სანტიაგო ბერნაბეუზე" 4:0 მოიგეთ. ხომ არ გაღიზიანებთ ის ფაქტი, რომ თქვენ მიერ გოლის ვერგატანაზე უფრო ბევრს საუბრობდნენ, ვიდრე თავად თამაშზე?
- ამას მივეჩვიე. ფეხბურთის გარდა ყველაფერზე საუბარის ყურადღების გადატანისა და აქცენტის დრამატულ მომენტებზე დასმის საშუალებაა.
- რას გააკეთებდით, გოლი რომ გაგეტანათ?
- აღვნიშნავდი. ბევრი ამბობს, რომ რაღაც მომზადებული მქონდა, მაგრამ ასე არაა. მე კულე ვარ და გოლის გატანა მინდოდა. თუმცა, მინდოდა მომდევნო მატჩში "რომასთვისაც" გამეტანა. ეს თამაშის ჩემი სტილია. როდესაც თამაშის ბედი გადაწყვეტილია, შეტევაში ჩართვა მიყვარს.
- ამდენი წლის განმავლობაში შეტევის სურვილი არ დაგიკარგავთ?
- შეტევა სახალისოა. არის თამაშები, რომლებშიც თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და რომლებშიც გოლი გამაქვს. გამოცდილება მიჩვენებს, როდის და როგორ უნდა გავაკეთო ეს.
- უკნიდან თამაშის დროს, შეტევის მიმართულებას ხშირად ცვლით.
- მართლა? არ ვიცი, ყოველთვის მინდოდა ეს გამეკეთებინა. ეს იმაზეა დამოკიდებული, მოედნის რა მონაკვეთში გვაპრესინგებს მეტოქე. ჩემი მისია თავისუფალ ზონაში პასის გაკეთებაა. თუ ორი თანაგუნდელია გახსნილი, ლოგიკურია, რომ ბურთს მეტოქის კართან უფრო ახლოს მყოფს მივცემ.
- ნუთუ გაქვთ იმის დრო, რომ როდესაც ბურთს ფლობთ, მოედანზე ყველაფერი დაინახოთ?
- წლებია ერთი სტილით ვთამაშობთ. განაპირა მცველები უტევენ, გარემარბები უკან ჩამოდიან, შემტევი ნახევარმცველები იხსნებიან... ასე თუ ისე, როდესაც ბურთს უყურებ, იცი, ვინ სად იმყოფება. თუმცა, საკვანძო მომენტი ისაა, რასაც "ბარსელონაში" გასწავლიან - ესაა ბურთზე შეუხედავად თამაში. ასეთ დროს, თამაშს აკონტროლებ და დროს იგებ.
- ცენტრალური მცველი, რომელიც შეტევის მიმართულებას ცვლის, ფეხბურთი, რომელიც "აიაქსში" "დაიბადა" და "ბარსელონაში" განვითარდა - ეს სტილი გადაშენების პირასაა?
- იმედი მაქვს, არა. საუბარი გვაქვს ფეხბურთელზე, რომელიც ვითარდება, რადგან თავად ფეხბურთი ვითარდება. ცენტრალური მცველი, რომელიც მხოლოდ თავს იცავს, მოძველებულია, რადგან შეტევაში წასვლა უფრო და უფრო ხშირად გვიწევს, თამაშის რითმს ვაკონტროლებთ და მომენტებს ვქმნით. ყველაფერი ბურთის კონტროლის გარშემო ტრიალებს, სანამ რომელიმე თანაგუნდელი არ გაიხსნება. დრიბლინგზე არ მივდივარ, რადგან ეს ჩემი სპეციალიზაცია არაა და გუნდისთვის გაუმართლებელი რისკი იქნებოდა. თუმცა, ბურთს უფრო და უფრო იშვითად ვფლობ, რადგან მეტოქეებმა ჩემი თამაში ისწავლეს.
- ესპანურ სტადიონებზე გულშემატკივრები ხშირად გისტვენენ. რას გრძნობთ ამ დროს?
- ეს ის სიტუაციაა, რომელთან შეგუებაც მომიხდა. ამაზე ბევრს არ ვფიქრობ. ხალხი ამაზე საუბრობს, რადგან საქმე მე მეხება და არაჯანსაღი სიტუაციის შექმნის საშუალებას იძლევა. თუმცა, ზოგჯერ, ამას ვერც ვაცნობიერებ. ცოტა ხნის წინ, ნაკრების თამაშის შესვენების დროს, ბარტრას ვკითხე: "დღეს ჩემთვის არ დაუსტვენიათ, ასე არაა?" მან გაიცინა, რადგან ბევრმა მისტვინა. თუმცა, მე კონცენტრირებული მოედანზე ვარ და სტვენას ვერც კი ვამჩნევ.
- გაწუხებთ ეს სტვენა?
- არა. ერთის მხრივ, 100 ადამიანი გისტვენს და გეჩვენება, რომ ამას მთელი მსოფლიო აკეთებს. მეორეს მხრივ, ვიცი, რომ ისინი მართლები არ არიან. მათ დასკვნებს რეალური საფუძველი არ აქვს. ისინი აცხადებენ: "პიკე ესპანეთს ვერ გრძნობს". მაგრამ როდის ვთქვი ეს? "პიკემ, კევინ როლდანის ხუმრობის დროს, ზღვარს გადააბიჯა." - აცხადებენ ისინი. თუმცა ეს "ბარსელონასა" და "რეალის" დაპირისპირებას ეხება და არა ესპანეთის ნაკრებს. არცერთი არგუმენტი მართებულად არ მიმაჩნია.
- რა მოხდა არბელოასთან და თქვენი "ტვიტერის" პოსტთან დაკავშირებით?
- სმაილებთან დაკავშირებით - ტელევიზორში ლეო ჰარლემს ვუყურებდი და ბევრს ვიცინოდი. არა, სერიოზილად - მიმაჩნია, რომ სიტუაციის გაბუქება საჭირო არაა.
- იქნებ ეს იმის ბრალია, რომ ხალხს თქვნი შურს, რადგან თქვენ ყველაფერი გაქვთ.
- ყველაფერი არ მაქვს. ასეც რომ იყოს, რატომ უნდა შეიშალოს ხალხი ჭკუიდან? აშშ-ი, რაც უფრო მეტი აქვს ადამიანს, მით უფრო აღმერთებენ მას. ძალიან გამიმართლა. ბედნიერი ადამიანი ვარ როგორც კარიერის, ასევე პირადი ცხოვრების გათვალისწინებით, მაგრამ რატომ აბოროტებს ეს ხალხს?
- რა არ გყოფნით იმისათვის, რომ ყველაფერი გქონდეთ?
- მეტის მოგება მინდა. 28 წლის ვარ და მოგება მიყვარს. 2-3 წლის წინ, იმისთვის ვთამაშობდი, რომ ვალდებული ვიყავი. ახლა კი, ფეხბურთი უფრო და უფრო მიყვარდება. როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, ვფიქრობდი, რომ კარიერას 30 წლის ასაკში დავასრულებდი. ახლა კი, 35 წლამდე თამაში მინდა. ვიცი, რომ კარიერის "ბარსელონაში" დასრულება ძალიან ძნელი იქნება. ასაკი გეტყობა და სხეული უმაღლეს დონეზე თამაშის საშუალებას არ გაძლევს. თუმცა, რამდენიმე ჩვევა გამომიმუშავდა, რომელიც სიამოვნებას მანიჭებს. მაგალითად, გასახდელში ერთი საათით ადრე შესვლა. ადრე ამას სიჩქარეში ვაკეთებდი. კარგად ვიკვებები, უკეთესად მძინავს... შაკირამ და ოჯახმა ეს მომცეს. ვიცი, რომ 3-4 წლის წინანდელი ჩვევები რომ შემენარჩუნებინა, დღეს "ბარსელონაში" ვერ ვიქნებოდი. თუმცა, როდესაც ახალგაზრდა ხარ, პრიორიტეტებს სწორად ვერ ალაგებ.
- სახლში ვისზე უფრო მეტს საუბრობენ - დედაზე, თუ მამაზე?
- ორივეზე. ბიჭებს ფეხბურთი უფრო უყვართ და ეს მომწონს. შაკირას გაუხარდებოდა, მათ მუსიკა მეტად რომ უყვარდეთ. თუმცა, ეს ძნელია, რადგან მილანი ფეხბურთზე გიჟდება. მან იცის ანგარიშები, ვინ გაიტანა გოლი... მას უნდა, რომ ფეხბურთის მაისურები მოვუტანო.
- 2009 წელს, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის დროს, ტიტო ვილანოვამ თქვა, რომ თქვენ გარეშე არაფერი გამოვიდოდა. ეს თქვენთვის ბევრს ნიშნავს?
- "ბარსელონა" იმ დონის გუნდია, რომ აქ შეუცვლელი არავინაა. ჩვენ ხომ მესი გვყავს. გუნდი განვითარებას განაგრძობს. როდესაც ლეო წავა, წარუმატებლობის რამდენიმე წელი გვექნება, მაგრამ პუი, ჩავი და ვიქტორიც შეუცვლელები იყვნენ და გუნდი მათ შემდეგაც ვითარდება. ჩვენ ლიდერები ვართ, კიდევ ერთი ტრებლი მოვიგეთ. ასე რომ, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ მე თუ აქ არ ვიქნები, სხვა იქნება. ვცდილობთ, მნიშვნელოვანი ფეხბურთელები ვიყოთ, სანამ "ბარსელონაში" ვთამაშობთ, მაგრამ ხალხი ისტორიის წერას განაგრძობს, როდესაც ჩვენ წავალთ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 34 ]