წინასამატჩო მიმოხილვა: "ბარსელონა" - "ატლეტიკო"

წინასამატჩო მიმოხილვა: "ბარსელონა" - "ატლეტიკო"

ოთხშაბათს "კამპ ნოუზე" "ბარსელონასა" და "ატლეტიკოს" შორის გასამართი მატჩი დიდ სანახაობას გვპირდება, ვინაიდან ლა ლიგის საუკეთესო შეტევა საუკეთესო დაცვას დაუპირისპირდება.

გუნდების სიახლეები

სამშაბათს ცნობილი გახდა, რომ სამუელ უმტიტიმ ტრავმა მიიღო, ამიტომ ესპანეთის ჩემპიონატის მე-5 ტურში "ბარსელონას" ვერ დაეხმარება.

მადრიდელებს დაზიანებების გამო ალესიო ჩერჩი, მიგელ ანხელ მოია და მენდეში დააკლდებიან.

მწვრთნელების კომენტარები

ლუის ენრიკე:

"შეცდომები მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ და გეგმას უნდა მივყვეთ. "ატლეტიკოს" წინააღმდეგ არცერთი მატჩი არ არის მარტივი. მისი მთავარი საყრდენი სოლიდური დაცვის ხაზია, მაგრამ ის ასევე გამოირჩევა დინამიურობითა და მაღალი დონის ფეხბურთელებით შეტევაში."

დიეგო სიმეონე:

"ჩვენი მეტოქეები დღესაც დიდებულად ასპარეზობენ. "ბარსას" ჰყავს მოთამაშეები, რომლებსაც შეხვედრის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ როგორც გუნდურად, ისე ინდივიდუალურად. ეს გარემოება მათ განსაკუთრებულს ხდის."

გუნდების ფორმა

"ბარსელონას" ბოლო საშინაო მატჩი ლა ლიგაში "ალავესთან" მარცხით დასრულდა, მაგრამ კატალონიელებმა მოახერხეს რეაგირება და ჯერ "სელტიკი" (7-0), შემდეგ კი "ლეგანესი" (1-5) გაანადგურეს.

"ატლეტიკოს" სეზონი 2 ფრით დაიწყო, მაგრამ ბოლო 3 დაპირისპირებაში გუნდმა კარი მშრალად შეინახა, "სპორტინგს" კი 5 უპასუხო გოლი გაუტანა.

ისტორია

გულშემატკივრებს "ბლაუგრანასა" და "როხიბლანკოს" შორის ჩატარებული არაერთი მატჩი ახსოვთ. მათ შორის არის მადრიდელების მიერ "კამპ ნოუზე" მოგებული მატჩი 2006 წელს, როდესაც ფერნანდო ტორესმა დუბლი გაიფორმა. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ "კამპ ნოუზე" არ მოუგიათ, მათ აქ მაინც მიაღწიეს წარმატებას და 2014 წლის ჩემპიონატის ბოლო, გადამწყვეტ ტურში ფრეც (1-1) ეყოთ ტიტულის მოსაპოვებლად. იმავე წელს "ბარსა" ჩემპიონთა ლიგას გამოთიშეს და ფინალში გავიდნენ. ასეთი წარუმატებლობების შემდეგ "ბარსელონამ" ყველა გათამაშებაში ზედიზედ 7-ჯერ დაამარცხა სიმეონეს გუნდი, რომელმაც წაგებათა სერია გასულ სეზონში შეწყვიტა. შეგახსენებთ, რომ "ვისენტე კალდერონზე" მასპინძლებმა კატალონიელებს 2 უპასუხო გოლი გაუტანეს და კვლავ გამოთიშეს ჩემპიონთა ლიგას.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    L I O N E L MESSI
    სტუმარი [?]
    #1 21 სექტემბერი 2016 20:30
    0
    ჩემ ფეხებს მოგვიგებდნენ ჩავარდნები რომ არ გვქონოდა.