"რეალმა" ქულები დაკარგა, ჩამორჩენა ერთ ქულამდე შემცირდა
მადრიდულმა კლუბმა კანარის კუნძულებზე ქულები დაკარგა. ზინედინ ზიდანის გუნდი, უკვე ზედიზედ 2 ტურია ვერ ახერხებს მიზნის მიღწევას - ჯერ "სანტიაგო ბერნაბეუზე" "ვილიარეალთან" ნათამაშები ფრით გუნდმა 16 მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა, რითაც ასევე საკუთარ კედლებში პირველი ორი ქულა გაანიავა. ნეგატიური განწყობა კიდევ უფრო გაამძაფრა "რეალის" მიერ გუშინ, "ლას პალმასთან" ჩატარებულმა შეხვედრამ. შეგახსენებთ, რომ მატჩი 2-2 დასრულდა, რამაც საჩემპიონო ბრძოლა, რომელიც ჯერ მხოლოდ საწყის ფაზაზეა, საკმაოდ გაამწვავა. აღსანიშნავია, რომ გუშინ "ლას პალმასმა" "რეალის" წამალი საკუთარ თავზე გამოსცადა, "რეალისვე" წინააღმდეგ - მათ მეორე გოლი მატჩის მიწურულს გაიტანეს, ისევე როგორც მადრიდულ კლუბს სჩვევია ხოლმე.
ამ ყველაფერს დავამატოთ ის, რომ გუშინ "ბარსელონამ" ხიხონში, მესის გარეშე გაილაღა, მეტოქე 5-0 დაამარცხა ნეიმარის, სუარესის, რაფინიასა და არდა თურანის გოლებით, და აქტივში კიდევ ერთი 3 ქულა ჩაიწერა, და საბოლოოდ ვიღებთ შემდეგ მდგომარეობას - "რეალი" ისევ ცხრილის სათავეშია 14 ქულით, თუმცა ახლა მას კატალონიელები მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩებიან, რომლებმაც წინა ტურებში ასევე დასანანი 5 ქულა გაანიავეს "კამპ ნოუზე". მესამე ადგილს ბილბაოს "ატლეტიკი" იკავებს, 12 ქულით, რომლებმაც წუხელ ამჟამად 11 ქულით მეოთხე ადგილზე მყოფი "სევილია" 3-1 დაამარცხეს სან ხოსეს, ბალენსიაგასა და ადურისის გოლებით.
შემდეგ ტურში, მადრიდის "რეალი" "ეიბარს" მიიღებს, "ბარსელონა" კი ვიგოში გაემგზავრება. თუმცა, მანამდე ორივე გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე არც თუ ისე მარტივი გასეირნება ელის, ლუის ენრიკეს შეგირდები მიუნხენგლადბახის "ბორუსიას" ესტუმრებიან, ზინედინ ზიდანის გუნდი კი დორტმუნდის "ბორუსიას".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]