ნეიმარის ტრანსფორმაცია
მუდმივად გაღიმებული, არასერიოზული გამომეტყველების და სოციალურ ქსელებში მუდმივი აქტიურობის უკან, იმალება ბრაზილიელი ახალგაზრდა და საკმაოდ ამბიციური ნეიმარი, რომელიც თავს არ ზოგავს იმისათვის, რომ ოდესღაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად ჩამოყალიბდეს.
ფაქტია, რომ ნეიმარმა სრულად გაამართლა მასზე გაცემული ავანსები და ნამდვილად დაუმტკიცა მოძულეებს, რომ ევროპაშიც შეუძლია მაღალ დონეზე თამაში. თუნდაც შეხედეთ მის გარეგნულ მონაცემებს და მიხვდებით, რომ იგი ძალიან განსხვავდება იმ ფეხბურთელისგან, რომელიც "სანტოსიდან" გადმოვიდა.
სანამ მას "აუზის მწმენდავს" უწოდებთ, როგორც ეს ერთ-ერთმა ფანმა გააკეთა, კარგად დააკვირდით მის თამაშს და იმას, რასაც მოედანზე ყოველ თამაშში გვიჩვენებს. ლუის სუარესს თუ არა, ფიზიკური მონაცემებით ნეიმარი მესის დიდად არ ჩამოუვარდება და თუ დავამატებთ იმას, რომ ნეიმარი ორივე თანაგუნდელზე უმცროსია, მივიღებთ უკვე სხვებისგან არაფრით ნაკლებ ფეხბურთელს, მაშინ, როცა "ბარსელონაში" თავის პირველ სეზონში ბრაზილიელს ანემიაც კი აწუხებდა. ამ დროს იგი 64.5 კილოგრამს იწონიდა, ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით კი ამჟამად მისი წონა 68 კილოგრამს შეადგენს.
3 კილოგრამზე მეტის მომატება, რომელიც დიდი ალბათობით მისი კუნთების მასაა, იმ ინტენსიური და დაუღალავი შრომის შედეგია, რასაც ნეიმარი ყოველდღე დებს სავარჯიშო დარბაზში. მიზანი კი 5 კილოგრამია, რომელიც ფეხბურთელთან ერთად მისმა ორმა მწვრთნელმა, რიკარდო როსამ და ანტონიო გომესმა დაისახეს.
თავის მხრივ, ამ ყველაფერს გარკვეული რისკებიც ახლავს თან, თუ მიზანს გადააჭარბებს, შესაძლოა ამან მის სისწრაფეზე და იმ უამრავ მონაცემზე, რის გამოც ნეიმარი "ბარსელონას" ძირითადი შემადგენლობის წევრია, უარყოფითი გავლენა მოახდინოს, რაც თავის მხრივ კლუბის ინტერესებშიც არ შედის. მიუხედავად ამისა, ნეიმარს მკაფიოდ დასახული მიზანი აქვს, რომლის მიღწევაშიც მას კლუბიც და საკუთარი მიზანდასახულობა დაეხმარება.
ახალგაზრდა ბრაზილიელი ყოველდღე მიიწევს იმისკენ, რომ "ბარსელონასთვის" უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ფიგურა გახდეს. მისი გარეგნული პროგრესის გარდა, ნეიმარი მენტალურადაც გაძლიერდა.
როცა რაიმე არ გამოსდის, არ ნებდება და ცდილობს მოედანზე თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინოს, მით უფრო, რომ მას გათავისებული აქვს საკუთარი როლი როგორც ბრაზილიის ნაკრებში, ასევე "ბარსაშიც", მით უფრო, როცა მესის ტრავმა აქვს და ძირითად შემთხვევებში ლიდერად სწორედ იგი გვევლინება.
ამის კარგ მაგალითად თუნდაც შარშანდელი სეზონი რად ღირს, როცა მესის ტრავმის დროს ნეიმარმა თავისი თავის საუკეთესო ვერსია შემოგვთავაზა. 11 გოლი 10 მატჩში - განა ვინმე წარმოიდგენდა, რომ ამას "ბარსელონაში" მესის გარდა სხვაც გააკეთებდა? (2014/15 წლების სეზონში ნეიმარი ამდენივე გოლით ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირიც გახდა.) იმ 2 თვიან მონაკვეთში, როცა "ბარსელონას" არგენტინელი სუპერვარსკვლავი არ ჰყავდა, კატალონიელებმა ყველას მოუგეს, გარდა "სევილიისა". მათ შორის კი, "რეალსაც", "სანტიაგო ბერნაბეუზე", გამანადგურებელი ანგარიშით, 4-0. აღსანიშნავია, რომ ტრავმის შემდეგ მესი სწორედ ამ მატჩში დაბრუნდა, თუმცა მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო.
ახლაც იგივე მეორდება, მესის არყოფნაში ნეიმარს ლიდერობა მოუწევს, რა თქმა უნდა სუარესთან ერთად. და როგორც ჩანს, ეს მას კვლავ არ გაუჭირდება, იმის გათვალისწინებით, რომ 5 ოქროს ბურთის მფლობელის არყოფნის პირველ მატჩში, "ბარსელონამ" მეტოქეს 5 უპასუხო გოლი გაუტანა, მათგან 2 კი სწორედ ბრაზილიელი შემტევის ანგარიშზეა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]