ხორხე მესი ხელმძღვანელობას საშობაო არდადეგებამდე შეხვდება
ხორხე მესიმ კატალონიის "ბარსელონას" ხელმძღვანელობასთან, თავისი ვაჟის კონტრაქტის თაობაზე, მოლაპარაკების წარმოება დაიწყო.
ლიონელ მესის პროფესიონალური კარიერა "ბარსელონას" რიგებში 13 წლის ასაკში დაიწყო და მას შემდეგ "ოქროს ბურთის" ხუთგზის ლაურეატი "ლურჯ-ბროწეულისფრებს" მრავალი ტიტულის მოგებაში დაეხმარა.
არგენტინელის მიმდინარე კონტრაქტი 18 თვეში იწურება, მაგრამ კატალონიელები ჯერ კიდევ ახლა ცდილობენ მესის შენარჩუნებას მინიმუმ 2022 წლის ზაფხულამდე.
Mundo Deportivo იტყობინება, რომ ლიონელ მესის მამა ხორხე მესი კატალონიის დედაქალაქში ჩავიდა, რათა "ბარსელონასთან" გრძელვადიანი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები აწარმოოს.
"ბარსელონას" პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბართომეუმ ხორხე მესისთან (ლიონელის მამა) სატელეფონო მოლაპარაკება უკვე აწარმოა. საშობაო არდადეგებამდე მათ შეხვედრა აქვთ დაგეგმილი, სადაც სწორედ ლიონელის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საკითხები იქნება განხილული
ხორხე ბარსელონაში ოთხშაბათს ჩაფრინდა. მან და კლუბმა გადაწყვიტეს, რომ არგენტინელი ლეგენდა მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქციონ. "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ლიდერი მადრიდის "რეალის" ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუს კვლავ აჯობებს, რომელმაც სამეფო კლუბთან ახლახანს 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა. ხელშეკრულების თანახმად პორტუგალიელი კვირაში 365 ათას ფუნტს გამოიმუშავებს.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2021 წლამდე გაახანგრძლივა და ის კვირაში 289 ათას ფუნტს გამოიმუშავებს. ბართომეუს განცხადებით, ახალი ხელშეკრულება ლუის სუარესთანაც გაფორმდება (2022). ურუგვაელი ფორვარდის შემდეგ, სერხიო ბუსკეტსისა და ხავიერ მასკერანოს ჯერი მოვა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]