ლუის ენრიკეს პრესკონფერენცია მატჩის შემდეგ
"ბარსელონამ" ესპანეთის თასის საპასუხო შეხვედრაში "ბილბაო" ანგარიშით 3-1, ხოლო ორი მატჩის ჯამში 4-3 დაამარცხა და გათამაშების მეოთხედფინალში გავიდა. დაპირისპირების შემდეგ გახარებულმა ლუის ენრიკემ პრესასთან ისაუბრა.
"ჩვენ მეტოქეს ვაჯობეთ. კმაყოფილი ვარ საბოლოო შედეგითა და გუნდის ასპარეზობით. ისე ვითამაშეთ, როგორც დანარჩენ ბოლო მატჩებში. დაცვის ხაზიც და თავდასხმაც მაღალ დონეზე იდგა. ასეთი შეხვედრების დროს არ შეიძლება შეცდომის დაშვება, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვაკონტროლებდით. მეტოქეს ჰქონდა ერთადერთი შესაძლებლობა და გაიტანა, მაგრამ "ბარსელონამ" სიმშვიდე შეინარჩუნა და შექმნა ბევრად მეტი მომენტი. გუნდმა დღეს განსაკუთრებით ზუსტად ითამაშა. შეხვედრის ყოველ ეტაპზე კარგად გამოიყურებოდა: დასაწყისში, როდესაც მეტოქე ენერგიული იყო, მეორე ნახევარში, როდესაც პენალტმა მცირე შვება მოგვიტანა და "ბილბაოს" გოლის შემდეგ, როცა ყველაფერი გათანაბრდა. ვაგრძელებდით ხიფათის შექმნას და თავდაცვასას შეცდომებს არ ვუშვებდით. ეს მერვედფინალი რთული და დაძაბული იყო, მისი შედეგი კი - სამართლიანი. ჩვენ მეოთხედფინალში ვართ და შევხვდებით იმ გუნდს, რომელმაც ამ ეტაპზე თამაში დაიმსახურა. ბოლო დაპირისპირებებში მოწინააღმდეგეები ძალიან ცოტას აკეთებდნენ, მაგრამ მაინც გვიტანდნენ, მაგრამ მჯერა, რომ ჩემი ფეხბურთელების დახმარებით ეს წარსულში დარჩება. ახლა ზედიზედ უნდა გავიმარჯვოთ. გულშემატკივრებმა მხარი დაგვიჭირეს მაშინ, როდესაც თანადგომა ყველაზე მეტად გვჭირდებოდა. დასწრება ძალიან კარგი იყო."
ლუის ენრიკემ შეაქო ლეო მესი: "როგორც ყოველთვის, მესიმ გადამწყვეტი როლი ითამაშა. იმედია აქ დიდხანს დარჩება. ის საუკეთესოა არამარტო გოლების გამო, არამედ იმის გამოც, რომ თამაშს შესანიშნავად კითხულობს, ყოველთვის ზუსტ მომენტს ირჩევს და მოედანზე გარშემომყოფებს აუმჯობესებს."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]