მატჩის პრევიუ: "გრანადა" - "ბარსელონა"
დღეს, თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე, "ბარსელონა", ესპანეთის ჩემპიონატის 29-ე ტურის მატჩში, "გრანადას" სტუმრად დაუპირისპირდება. მთავარი არბიტრი ხაიმე ლატრე იქნება.
2-კვირიანი სანაკრებო პაუზის შემდეგ, "ბარსელონა" ანდალუსიურ მეტოქეს გარკვეული დანაკარგებით დაუპირისპირდება.
დღევანდელ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს ალეიშ ვიდალი, რომელიც სერიოზული ტრავმის მოშუშებას ცდილობს. კატალონიური კლუბის ლაზარეთში მასთან ერთად იმყოფება არდა თურანი. თურქმა მარჯვენა ფეხი სანაკრებო პაუზის დროს დაიზიანა და ის დაახლოებით 3 კვირით იუქმებს.
ვიდალისა და თურანის გარდა, ვერ ითამაშებენ ლიონელ მესი (დისკვალიფიკაცია) და ჟერარ პიკე, რომელიც მწვრთნელის გადაწყვეტილებით დაისვენებს. განაცხადი ასეთია:ტერ შტეგენი, სილესენი, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, დ.სუარესი, ინიესტა, ლ.სუარესი, ნეიმარი, ალკანტარა, მასკერანო, ალკასერი, ალბა, დინი, რობერტო, გომეში, უმტიტი, მატიე და ალენია.
სწორედ ეს 18 ფეხბურთელი დაიწყებს აპრილის 9-მატჩიან მარათონს.
"ნუევო ლოს კარმენესზე" გასავარდნ ზონაში მყოფი "გრანადას" წინააღმდეგ, ნეიმარს კატალონიური გუნდის მართვის სადავეების ხელში აღება მოუწევს. ბრაზილიელს დღეს მოედანზე დამატებითი მოტივაცია ექნება. ის "ბლაუგრანას" მაისურით მე-100 გოლის გატანას შეეცდება.
ლუკას ალკარასის გუნდი ძალიან რთულ სიტუაციაშია და ერთადერთი გამოსავალი თითოეულ მატჩში ბოლო წამამდე ბრძოლაა. მე-17 ადგილოსან "ლეგანესთან" სხვაობა 8 ქულაა მომდევნო შეხვედრებს კი ანდალუსიელები "ბარსელონას", "სელტას", "სოსიედადის", "სევილიასა" და "რეალის" წინააღმდეგ გამართავენ. "გრანადამ" კონკურენტებთან მარცხი განიცადა ("სპორტინგი" - 1:3, "ლეგანესი" 0:1).
ახლა მათ ქულების მოპოვება მაღალი დონის გუნდების წინააღმდეგ მოუწევთ. რა თქმა უნდა, ამის გაკეთება წარმოუდგენლად რთული იქნება, რადგან სეზონის ბოლოს ტოპ-კლუბები საკუთარი მიზნის მიღწევისკენ მიისწრაფვიან, გაუთვალისწინებელი ჩავარდნა კი მათ გეგმებში ნამდვილად არ შედის.
დღეს, მოედანზე "ბარსელონა" ოპტიმალური შემადგენლობით არ გამოვა. ანდრეს ინიესტას "ნუევო ლოს კარმენესზე" გამოჩენა ნაკლებად სავარაუდოა. მიუხედავად კადრობრივი დანაკარგისა, ლუის ენრიკეს აქვს საკმარისი რესურსი იმისთვის, რომ მეტოქე დაამარცხოს.
სატურნირო ცხრილში "ბარსელონა" 63 ქულით მე-2 ადგილს იკავებს. "გრანადასთან" ჩავარდნა ლუის ენრიკეს გუნდს, შესაძლოა, ძვირად დაუჯდეს. ლიდერ მადრიდის "რეალთან" სხვაობა 2 ქულაა და მათ კიდევ 1 შეხვედრა აქვთ თადარიგში.
პირველ წრეში გამართული დაპირისპირება ამ ორ გუნდს შორის "ბარსელონას" გამარჯვებით დასრულდა. 49-ე წუთზე რაფინიამ გამოიჩინა თავი, რომელიც კატალონიური კლუბის დატოვების ვარიანტს განიხილავს. სტატისტიკა "ბლაუგრანას" სასარგებლოდ მეტყველებს: ბოლო 45 წლის განმავლობაში ანდალუსიელებმა ისინი მხოლოდ ერთხელ დაამარცხეს.

სავარაუდო შემადგენლობები

წინა მატჩის მიმოხილვა:
[media=https://www.youtube.com/watch?v=C0toNdCZzio]
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]