ვინ არის მარლონ სანტოსი?
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ "ბარსელონამ" ახალგაზრდა ბრაზილიელი ცენტრალური მცველი მარლონ სანტოსი გამოისყიდა. ტრანსფერი 5 მილიონი ევრო დაჯდა, მაგრამ კატალონიელებმა, ამ ეტაპზე, მხოლოდ 1.8 მილიონი გადაიხადეს, ვინაიდან მათ, მარლონის უპირატესი შესყიდვის უფლების გამო, 3.2 მილიონი უკვე გადახდილი ჰქონდათ.
მარლონს ლა ლიგაში დებიუტი 2016/17 წლების სეზონის მიწურულს ჰქონდა. ბოლო ორ შეხვედრაში, მან ჟერარ პიკე შეცვალა, რომელიც ავად იყო. ბრაზილიელმა თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა და კლუბმა მისი გამოსყიდვა გადაწყვიტა.
თუმცა, ვინ არის მარლონ სანტოსი?
საიდანაა ის?
მარლონ სანტოს და სილვა ბარბოსა რიო დე ჟანეიროს ჩრდილოეთით დაიბადა. რამდენიმე საფეხბურთო სკოლაში ბედის მოსინჯვის შემდეგ, ის "ფლუმინენსეს" ცნობილ აკადემიას შეუერთდა. ის საკმაოდ პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლებოდა, მაგრამ იმდენადაც არა, რომ ევროპულ გრანდებს შეემჩნიათ.
ამის წყალობით, მარლონი მშვიდად განვითარებას განაგრძობდა. მას ხომ არც სატრანსფერო ჭორები აწუხებდა და წინ არც ისეთი ცვლილება ელოდა, როგორიც "ბენფიკაში" ან "პორტუში" (როგორც წესი, სწორედ ეს გუნდები ყიდულობენ ახალგაზრდა ბრაზილიელ ფეხბურთელებს) გადასვლაა. მარლონი ბრაზილიის 20-წლამდელთა ნაკრების წამყვან ფეხბურთელად იქცა და გუნდთან ერთად მან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე გასვლა მოახერხა, სადაც სერბეთთან დამარცხდა. ეს 2015 წელს მოხდა.
გარდა ამისა, მარლონმა "ფლუმინენსეს" პირველ გუნდში თამაშიც მოასწრო, რომელთან ერთადაც, 2016 წელს, ბრაზილიის პრიმეირა ლიგა მოიგო. მან თავი საკმაოდ კარგად გამოიჩინა როგორც "ფლუმინენსეში", ასევე ნაკრებში, რის შედეგადაც, ფეხბურთელი კატალონიელებმა შეამჩნიეს. "ბარსამ" მარლონი მე-2 გუნდისთვის ინათხოვდა, ხოლო პირველ გუნდში რამდენიმე თამაშის მაღალ დონეზე ჩატარების შემდეგ, ის გამოისყიდეს კიდეც.
როგორ გამოიჩინა მან თავი აქამდე?

მარლონს "ბარსელონაში" დებიუტი 2016 წლის ზაფხულში, წინასასეზონო მზადების დროს ჰქონდა. "სელტიკთან" გამართული ამხანაგური თამაშის მე-2 ტაიმში მან თავი კარგად წარმოაჩინა. ამის შემდეგ, "ლესტერთან", ის სასტარტო შემადგენლობაში ვიხილეთ. ის მატჩი სანტოსმა კვლავ კარგად ჩაატარა და გუნდს ინგლისის ჩემპიონთან 4:1 მოგებაში დაეხმარა. საერთაშორისო ჩემპიონთა თასის დასკვნით შეხვედრაში, რომელშიც "ბარსა" "ლივერპულთან" 0:4 განადგურდა, ბრაზილიელს მონაწილეობა არ მიუღია.
მარლონს, სამუშაო ვიზის არქონის გამო, "ბარსელონა ბ"-ს შემადგენლობაში დებიუტი გაუჭიანურდა. მან პირველი ოფიციალური თამაში სექტემბრის ბოლოს ჩაატარა.
პირველ გუნდში ოფიციალური დებიუტი სანტოსს ჩემპიონთა ლიგაზე, "სელტიკთან" მატჩში ჰქონდა. პრიმერაში კი, მან პირველად 37-ე ტურში, "ლას პალმასის" წინააღმდეგ ითამაშა. მას ძირითად შემადგენლობაში არ ველოდით, მაგრამ ხავიერ მასკერანოს ტრავმის გამო, ბრაზილიელი სასტარტო თერთმეტეულში ვიხილეთ. ახალგაზრდა ფეხბურთელმა თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინა: მისი პასების 94% ზუსტი გამოდგა, მან მეტოქეს ბურთი 3-ჯერ აართვა, 2-ჯერ ბურთი ჩაჭრა, ხოლო ორთაბრძოლებისა და საჰაერო ბრძოლების 100% მოიგო.
მარლონმა მონაწილეობა კატალონიელთა პირველ გოლშიც მიიღო. სწორედ მისი პასის შემდეგ დაიწყო ბუსკეტსმა საგოლე შეტევა. სანტოსი მშვიდად და დამაჯერებლად გამოიყურებოდა. ეს ერთ-ერთი მიზეზი იყო, რის წყალობითაც კატალონიელებმა მეტოქე გაანადგურეს.
პრიმერას ბოლო ტურში, "კამპ ნოუზე" "ეიბართან" გამართულ მატჩში, რომელიც "ბარსამ" 4:2 მოიგო, ბრაზილიელმა თავი კვლავ კარგად დაგვამახსოვრა.
რა შეიცვლება ბრაზილიელის მოსვლით?
მარლონი ყოველთვის მარჯვენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობდა. მას შეუძლია მეწყვილეობა გაუწიოს როგორც უმტიტის, ასევე მასკერანოს. მას შეუძლია გუნდს დაცვის ხაზში ბალანსის მიღწევაში დაეხმაროს.

გარდა ამისა, ის დაცვას ფიზიკურ სიძლიერეს შემატებს. რა თქმა უნდა, პიკე და მატიე ფიზიკურად ძლიერები არიან, უმტიტი კი ისე თამაშობს, თითქოს ის რეალურზე მაღალი იყოს. თუმცა, "ბარსელონა" მაინც ხშირად წვალობს ისეთ გუნდებთან, რომლებიც მე-2 სართულზე კარგად თამაშობენ. მარლონი სიმაღლეში 182 სანტიმეტრია, ხოლო მისი განიერი მხრები გუნდს საჰაერო ორთაბრძოლებში დაეხმარება.
რაც შეეხება მიწაზე თამაშს - მარლონი ძლიერია ართმევაზე და პოზიციურად თამაშის დროს. მან კარგი შთაბეჭდილება დატოვა ბურთით თამაშის დროსაც. ბრაზილიელმა პრესინგის ქვეშ თამაშს თავი კარგად გაართვა და ის ბურთს ხაზებს შორისაც კარგად ანაწილებდა. მის მიერ გაკეთებული 172 გადაცემიდან 164 ზუსტი გამოდგა, რაც 95%-ს უდრის. ეს ნიშნავს, რომ სანტოსი ბურთს კარგად ფლობს.
მარლონს ეტყობა, რომ კარგი შესაძლებლობების მცველია, რომელიც ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა. "ლას პალმასთან" და "ეიბართან" თამაშების შემდეგ, კლუბმა მასზე იმედების დამყარება დაიწყო და როგორც ჩანს, ბრაზილიელი, პირველ გუნდში, ჟერემი მატიეს შეცვლის. ეს ნაბიჯი კი კატალონიელთა დაცვას გააახალგაზრდავებს და გააძლიერებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]