სტივენ ჯერარდი: "იმედი მაქვს, კოუტინიო დარჩება"
როცა "ლივერპული" ყოველგვარ ღონეს ხმარობს ფილიპე კოუტინიოს შესანარჩუნებლად, კლუბის ლეგენდა სტივენ ჯერარდი ბრაზილიელს ურჩევს, რომ საქმე არ გაართულოს და გუნდის დატოვებისთვის "ომი არ გააჩაღოს".
მიუხედავად იმისა, რომ მერსისაიდელებმა კატალონიელთა შეთავაზება რამდენჯერმე დაბლოკეს, გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, თავად კოუტინიოს "ბარსელონაში" გადასვლის სურვილი აქვს.
"ყველაზე კარგი ისაა, რომ გუნდი და მწვრთნელი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კოუტინიომ გუნდი არ დატოვოს. "ლივერპულის" მფლობელებს მისი დარჩენა უნდათ და ახლა ის სიტუაცია არაა, როცა ფული გუნდის ლიდერზე მნიშვნელოვანია და არც "ლივერპულია" ფეხბურთელების მაღალ ფასად გაყიდვაზე ორიენტირებული გუნდი," - აცხადებს ჯერარდი.
მან ასევე ისაუბრა იმაზე, რომ როცა "ბარსელონას" დონის გუნდი კონტრაქტს გთავაზობს, უარის თქმა რთულია, განსაკუთრებით კი სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელებისთვის. ის იხსენებს რამდენიმე შემთხვევას, როცა სამხრეთ ამერიკელებმა "ლივერპული" დატოვეს და კატალონიელებს შეუერთდნენ, გუნდმა კი მათ შესანარჩუნებლად ვერაფერი გააკეთა.
"მსგავსი სიტუაცია ადრეც ყოფილა. თუნდაც ხავიერ მასკერანოსა და ლუის სუარესის შემთხვევა. ეს "ლივერპულისთვის" მძიმე გამოცდა იქნება, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ კოუტინიო ენფილდზე დარჩენას გადაწყვეტს." - განაცხადა მერსისაიდელთა ლეგენდამ და ყოფილმა კაპიტანმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]