ნეიმარი "ბარსელონას" მოთხოვნას არ შეასრულებს, მხარეები სასამართლოში იდავებენ
"ბარსელონას" ყოფილი ვარსკვლავის, ნეიმარის მიერ გაკეთებული ოფიციალური განცხადებიდან ირკვევა, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი კატალონიელთა მოთხოვნის შესრულებას და მათთვის 8.5 მილიონი ევროს გადახდას არ აპირებს.
ცოტა ხნის წინ, "ბარსელონამ" გაავრცელა ოფიციალური განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ კლუბი ნეიმარისგან კონტრაქტის გაფორმების დროს მიღებული 8.5 მილიონსა და ამ თანხის 10%-ს ითხოვს. თუ ფეხბურთელს ამ თანხის გადახდა არ შეუძლია, კატალონიელები პასუხისმგებლობას მის ამჟამინდელ კლუბს, "პარი სენ-ჟრმერნს" აკისრებენ. გუშინ, ოფიციალური განცხადება პსჟ-მ გააკეთა და განმარტა, რომ კლუბიც და ფეხბურთელიც კანონის ფარგლებში მოქმედებდნენ, დღეს კი, ნეიმარის ჯერი დადგა.
ბრაზილიელის განცხადების მიხედვით, ის თავის სიმართლეს სასამართლოში დაამტკიცებს. ნეიმარის განცხადებით, გარდა იმისა, რომ მას "ბარსელონასთვის" არაფერი აქვს დასაბრუნებელი, პირიქით - კატალონიელებს მისთვის თანხა სრულად არ გადაუხდიათ და ის ამ თანხის მისაღებადაც სასამართლოში იბრძოლებს. სავარაუდოდ, საუბარი 26 მილიონ ევროზეა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]