დიეგო სიმეონე გრიზმანის შენარჩუნებისთვის იბრძოლებს
"ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი, დიეგო სიმეონე იმედოვნებს, რომ მადრიდული კლუბი ანტუან გრიზმანის შენარჩუნებას მინიმუმ ერთი სეზონით მოახერხებს.
ფრანგი შემტევი "ბარსელონას" რადარზეა. თუ გავრცელებულ ინფორმაციას დავუჯერებთ, ფილიპე კოუტინიო 14-ნომრიანი მაისურით იმიტომ ასპარეზობს, რომ ახალი "შვიდიანი" გრიზმანი უნდა გახდეს.
MD-ს ინფორმაციით, "ატლეტიკოს" თავკაცი გუნდის ლიდერის შესაძლო წასვლას არ ეგუება და კლუბს უმტკიცებს, რომ გრიზმანთან თანამშრომლობის გაგრძელება პრიორიტეტული საკითხია.
ცნობილია, რომ ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 100 მილიონ ევროს შეადგენს, ასეთ შემთხვევაში კი ყველაფერი მხოლოდ კლუბზე არ არის დამოკიდებული. ახლო წარსულში, სიმეონეს პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, იბრძოლებდა თუ არა მოთამაშის შესანარჩუნებლად, რაზეც მან დადებითი პასუხი გასცა.
ჯერ კიდევ გასულ ზაფხულში გავრცელდა ინფორმაცია გრიზმანის მოსალოდნელი წასვლის თაობაზე. პრეტენდენტებად "ბარსელონა" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ითვლებოდნენ, მაგრამ მაშინ, სატრანსფერო ბანის მქონე "ატლეტიკომ", რომელსაც სასჯელის გამო შემცვლელის გაფორმება არ შეეძლო, ანტუანი შეინარჩუნა.
მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 36 მატჩში 26 წლის თავდამსხმელმა 16 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 17 ]