შეუჩერებელნი!
მოგეხსენებათ გუშინ, კატალონიის "ბარსელონამ" "ლა ლიგას" მორიგი ტურის შეხვედრა გამართა, რომელშიც მესამე ადგილზე მყოფ "ვილიარეალს" დაუპირისპირდა. მატჩში ანგარიში 21–ე წუთზე გაიხსნა, როდესაც ვილიამ დიეგო ლოპესის კარში გოლის გატანა შეძლო. გოლიდან 5 წუთში კი ანგარიში გათანაბრდა. გუნდები შესვენებაზე სწორედ ამ ანგარიშით გავიდნენ, მაგრამ მეორე ტაიმში "ბარსას" ფეხბურთელების შეჩერება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო...
"ბარსელონამ" მატჩი შეტევებით დაიწყო, ამან კი "ვილიარეალის" ფეხბურთელები აიძულა, რომ უკან დახეულიყვნენ. უკვე მეცამეტე წუთზე "ბარსას", კერძოდ კი ლეო მესის ანგარიშის გახსნა შეეძლო, მაგრამ დიეგო ლოპესს ვერ აჯობა. რაღა თქმა უნდა ამის შემდეგ "ბარსა" შეტევებითა და თავისი ულამაზესი კომბინაციებით კიდევ გვანებივრებდა, რამაც შედეგი 21–ე წუთზე გამოიღო. კონტრ–შეტევაზე ულამაზესი გოლის გატანა დავიდ ვილიამ შეძლო.
ამ მომენტიდან მალევე მესი–პედროს კომბინაციის შემდეგ ანგარიში 2–მდე გაიზარდა, მაგრამ გვერდითა არბიტრმა როგორღაც მოახერხა და თამაშგარე მდგომარეობა შენიშნა. ყველამ პროტესტი გამოხატა, მაგრამ ნელ–ნელა დამშვიდნენ და თავის ადგილებს დაუბრუნდნენ, მაგრამ 25–ე წუთზე ნილმარის მიერ გატანილმა გოლმა ყველაფერი შეცვალა.
შესვენებამდე 20 წუთი იყო დარჩენილი. ამ 20 წუთში კი თამაში აირია და "ვილიარეალმა" შეტევების წამოწყება დაიწყო, მაგრამ საწადელს ვერ მიაღწიეს და გუნდები შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გავიდნენ. მეორე ტაიმი კი გვარდიოლას შეგირდებმა ჩვეული რიტმით დაიწყეს. გუნდი მოედანზე ისევ დომინირებდა და ისევ გვაოცდებდა თავისი პატარა სასწაულებით. 58–ე წუთზე ჩავიმ ბურთი მესის გადასცა, რომელმაც თავის მხრივ ურთულეს ვითარებაში პედროსთან ბურთი გაითამაშა, მეკარეს ბურთი მარჯვენა ფეხით თავზე გადაუგდო და "ბარსა" წინ გავიდა.
სტადიონი ახმაურდა, ხალხი "ბარსას" გამარჯვებას ნაადრევად ზეიმობდა და ამ ზეიმ–ზეიმში ლეო მესიმ დუბლის შესრულება შეძლო. ჩავის გადაცემის შემდეგ პედრომ ბურთი საჯარიმოში ჩააგდო და რიკოშეტით ბურთი ლეო მესის მიუვიდა, რომელსაც გოლის გატანა არ გასჭირვებია. მეორე ტაიმში ჩვენ რამდენიმე ცვლილების მომსწრენნიც გავხდით. 72–ე წუთზე, ძალების დაზოგვის მიზნით, მოედნიდან პირველი გოლის ავტორი, ვილია გავიდა და მოედანზე "შავი მუშა" შემოვიდა. 85–ე წუთზე ადრიანომ მაქსველი შეცვალა, ხოლო 4 წუთში მოედნიდან ჩავი გავიდა და მის ნაცვლად "ბარსას" ახალწვეული, მაშერანო შემოვიდა.
ახლა "ბარსა" 28 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება და მის შემდეგ მადრიდის "რეალი", 26 ქულით მოდის, მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მადრიდელებს ერთ მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული. ისინი დღეს, გასვლით მატჩს ხიხონში, ადგილობრივი "სპორტინგის" წინააღმდეგ გამართავენ.
[media=http://www.youtube.com/watch?v=SRtq9dfU4Yc]
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]