რა პრობლემას ქმნის არტურის მოსვლა და რატომ მივყავართ მას დე ლიგტის ტრანფერამდე
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ "ბარსელონამ" და "გრემიომ" 21 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველის, არტურის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს.
კატალონიურ კლუბს უფლება ექნება არტური ივლისში 30 მილიონ ევროდ იყიდოს. თუ "ბარსამ" ეს უფლება გამოიყენა, შესაძლოა, კლუბს ერთი მცირე პრობლემა შეექმნას.
საქმე არაევროკავშირელი ფეხბურთელების რაოდენობას ეხება. ამჟამად, "ბარსელონას" არაევროკავშირელების ლიმიტი (სამი არაევროკავშირელი) ამოწურული აქვს. ევროკავშირის პასპორტი იერი მინას, პაულინიოსა და ფილიპე კოუტინიოს არ აქვთ. ამ უკანასკნელს პორტუგალიის მოქალაქეობის მიღებაზე საბუთები უკვე შეტანილი აქვს, მაგრამ არაა გამორიცხული, ყველა პროცედურის გავლა დროულად ვერ მოხერხდეს.
თუ კოუტინიომ ზაფხულში პორტუგალიის მოქალაქეობა ვერ მიიღო, "ბარსას" არაევროკავშირელი 4 ფეხბურთელიდან ერთ-ერთზე უარის დროებით თქმა მოუწევს. აშკარაა, რომ ეს არ იქნება ფილიპე კოუტინიო. თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა - არც პაულინიო.
რჩება ორი ვარიანტი - არტურის ტრანსფერის სამომავლოდ გადაწევა, ან იერი მინას განათხოვრება.
თუ "ბარსამ" მეორე ვარიანტი აირჩია, კატალონიელებს მინას შემცვლელი, მე-4 ცენტრალური მცველი დასჭირდებათ. გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონას" კანდიდატი უკვე ჰყავს შერჩეული - ამსტერდამის "აიაქსის" 18 წლის ცენტრალური მცველი მატიას დე ლიგტი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]