რა უფლებას ფლობს "ბარსელონა" საულ ნიგესზე?
მადრიდის "ატლეტიკოს" ნახევარმცველს, საულ ნიგესს, აქამდეც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ესპანეთის ნაკრებში გაბრწყინების შემდეგ, მის მიმართ ინტერესმა იმატა.
23 წლის ფეხბურთელმა, ინგლისთან და ხორვატიასთან გამართულ გასულ ორ გათამაშებაში ორი გოლი გაიტანა.
გავრცელებული ინფორმაციით, ესპანელი ნახევარმცველის კარგმა თამაშმა "ბარსელონას" ყურადღებაც მიიპყრო.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც საულმა "ბარსას" ინტერესი მიიქცია. მეტიც, კატალონიელებს, "ატლეტიკოსთან", გარკვეული შეთანხმებაც კი აქვთ.
2013 წელს, როდესაც დავიდ ვილია "ბარსელონადან" "ატლეტიკოში" სულ რაღაც 5.1 მილიონ ევროდ გადავიდა, კატალონიელებმა მადრიდელების ორი ახალგაზრდა ფეხბურთელის, 17 წლის საულ ნიგესისა და 19 წლის ხავიერ მანკილიოს უპირატესი შესყიდვის უფლება მოიპოვეს.
უპირატესი შესყიდვა ნიშნავს, რომ როდესაც "ატლეტიკო" ფეხბურთელის გაყიდვას გადაწყვეტს, მადრიდელები ჯერ "ბარსელონას" უნდა დაუკავშირდნენ და მოთამაშე იმავე ფასად კატალონიელებს შესთავაზონ. თუ "ბარსელონა" ტრანსფერს არ ისურვებს, ამის შემდეგ შეუძლია "ატლეტიკოს" ფეხბურთელის სხვა გუნდისთვის მიყიდვა.
მანკილიოს შემთხვევაში "ბარსამ" უფლების გამოყენებაზე უარი თქვა და 24 წლის მარჯვენა მცველი 5 მილიონად "ნიუკასლში" გადავიდა. საულ ნიგესი კი "ატლეტიკოში" რჩება და კატალონიელებიც მისი უპირატესი შესყიდვის უფლებას ინარჩუნებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]