ანტუან გრიზმანი: "ბარსელონასთვის უარის თქმა ძალიან ძნელი იყო
ფრანგულ ტელევიზია "Canal +"-თან ინტერვიუში ანტუან გრიზმანმა გასული ზაფხულის იმ პერიოდზე ისაუბრა, რომელშიც მას არჩევანი მადრიდის "ატლეტიკოში" დარჩენასა და "ბარსელონაში" გადასვლას შორის უნდა გაეკეთებინა.
ფრანგმა შემტევმა, რომელიც ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სატრანსფერო სერიალის მთავარი მოქმედი გმირი გახლდათ, ჟერარდ პიკეს პროდიუსერობით, დოკუმენტური ფილმი ჩაწერა, სახელწოდებით "გადაწყვეტილება", რომელშიც საბოლოო დასკვნის გამოტანამდე თითოეული დღეა აღწერილი.
საბოლოოდ, გრიზმანმა მადრიდულ გუნდში დარჩენა გადაწყვიტა.
"ბარსასთვის უარის თქმა? ეს ძალიან რთული იყო. ერთ მხარეს ბარსელონაა, რომელსაც თავისთან უნდიხარ, გიგზავნიან სხვადასხვა შეტყობინებებს როგორც ფეხბურთელების, ისე ჩემი ოჯახის მეშვეობით, მეორე მხარეს კი კლუბი, რომელშიც თავს ისე გრძნობ, როგორც საკუთარ სახლში და იცი, რომ იმ პროექტის უმნიშვნელოვანესი მონაწილე ხარ, რომელიც მის ირგვლივ შენდება. მათ ჩემს შესანარჩუნებლად ყველაფერი გააკეთეს. რამ გადამაწყვეტინა დარჩენა? ეს იყო ფეხბურთელებისა და მწვრთნელების ჩემდამი დამოკიდებულება იმ მატჩის შემდეგ, რომელშიც გულშემატკივარმა დამისტვინა. სიმეონე მოულოდნელად ჩემს სახლში მოვიდა, მესაუბრა და დამამშვიდა.
მესის დამხმარეობის პერსპექტივა და მის გვერდით თამაშის შესაძლებლობა ძალიან მხიბლავდა, მაგრამ ჩემმა თანაგუნდელებმა ყველაფერი გაიღეს, რომ გადაწყვეტილება მათ სასარგებლოდ მიმეღო. მადრიდელები მესაუბრნენ, ჩემი ხელფასი გაზარდეს, ყველანაირად დამანახეს, რომ "ატლეტიკო" ჩემი სახლია.
ეს ჩემი ოჯახისთვისაც რთული პერიოდი იყო. მახსოვს, ერთხელ ამაზე სასაუბროდ ჩემი მეუღლე ღამის 3 საათზეც კი გავაღვიძე."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]