ინტერვიუ ანდრეს ინიესტასთან

ინტერვიუ ანდრეს ინიესტასთან

"ბარსელონას" ლეგენდამ, ანდრეს ინიესტამ, რომელიც შვებულებას კატალონიაში ატარებს, ჟურნალისტებს კიდევ ერთი ვრცელი ინტერვიუ მისცა და ამჯერადაც საინტერესო თემებზე ისაუბრა.

- როგორია ბარსელონაში დაბრუნება?

- კარგია. დავისვენე. სახლში, ბარსელონაში დაბრუნებით ძალიან ბედნიერები ვართ.

- მოგენატრა აქაურობა?

- კი, მომენატრა. ვისურვებდი, ახლაც "ბარსელონაში" ვიყო, სხეული რომ ამის საშუალებას მაძლევდეს. აქაური ფეხბურთის, სტადიონისა და თანაგუნდელების მსგავსს ვერაფერს ვიპოვი. თუმცა, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავედი და ამით სიამოვნებას ვიღებ. იმედი მაქვს, კარიერის ეს ეტაპი მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული იქნება.

- მიგაჩნია, რომ დღევანდელ "ბარსელონას" აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელები აკლია?

- აკადემია ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და მომავალშიც ასე იქნება. მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელებმა მიღებული სათამაშო დრო კარგად გამოიყენონ. მწვრთნელი მათ კარგად იცნობს და მან იცის, რა სჭირდებათ ახალგაზრდა ფეხბურთელებს. გვჯერა, რომ კლუბი აკადემიის აღზრდილ მოთამაშეებს უნდა დაეყრდნოს და მათზე იზრუნოს. როდესაც დრო მოვა, ეს ფეხბურთელები გუნდის წარმატებაში თავიანთ როლს ითამაშებენ.

- ახალი ფეხბურთელის დამატებამდე "ბარსამ" ბ გუნდის ფეხბურთელების ვარიანტი უნდა განიხილოს?

- ვფიქრობ, ეს ყოველთვის კარგი იდეაა. აკადემია უნდა გამოვიყენოთ. ამ ფეხბურთელებმა კლუბში მრავალი წელი გაატარეს. მათ თამაშის ჩვენი სტილი კარგად იციან, რაც პლიუსია.

- აკადემია უფრო წარმატებული იყო პეპისა და ტიტოს მწვრთნელობის დროს...

- ვან გაალი ჩვენი კლუბის აღზრდილი არ იყო, მაგრამ მან აქცენტი ახალგაზრდებზე გააკეთა. არ ვფიქრობ, რომ ამას მნიშვნელობა აქვს. მწვრთნელებმა იციან სად მოდიან, რა იდეა აქვს კლუბს და რას ნიშნავს მისთვის აკადემია.

- როდესაც ახალგაზრდა იყავით, გუნდის გამოცვლის არაერთი შანსი გქონდათ. შეგიძლიათ გაიგოთ, რატომ ტოვებენ გუნდს ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც ერიკ გარსია და ადრია ბერნაბე არიან?

- ყველა ფეხბურთელი და მათი ოჯახი ცალკე ისტორიაა. ყველას თავისთვის საუკეთესო უნდა. კლუბმა ყოველთვის უნდა იფიქროს მის აღსაზრდელებზე და მათზე იზრუნოს. მათ შანსი უნდა მიიღონ. ისინი უნდა მიხვდნენ, რომ პირველი გუნდი მათთვისაც მისაწვდომია. ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ეს ბევრს ნიშნავს. გადაწყვეტილებას ყველა თავად იღებს. ჩემი მიზანი "ბარსელონაში "დარჩენა იყო. თუმცა, ასევე პატივს ვცემ სხვების გადაწყვეტილებებს. ახალგაზრდა ფეხბურთელები იმის გამო მიდიან, რომ სათამაშო დრო მიიღონ.

- დენის სუარესი ყველანაირად ცდილობდა გაეკეთებინა ის, რაც შენ გააკეთე, მაგრამ ამან არ იმუშავა. მოთმინება ყოველთვის არ მუშაობს.

- შესაძლოა, სხვა მოცემულობები არსებობდეს, რომლებიც სხვა მიმართულებით წაგიყვანს. შენს დროს ხარჯავ, ცდილობ დარჩე, მაგრამ ზოგჯერ ეს არ მუშაობს გარკვეული მიზეზით. ამის შემდეგ სხვა მიმართულებით მიდიხარ.

- რას ფიქრობ კარლეს ალენიასა და რიკი პუჩზე, ისინი ახალ შენაძენებზე მეტად ამართლებენ?

- ძალიან კარგია, რომ აკადემიის ფეხბურთელებს თამაშის შანსი ეძლევათ. პირველ გუნდში მოხვედრა ოცნებას ჰგავს. თუ ფეხბურთელი ამ დონეს აღწევს, მან უნდა იცოდეს, როგორ გამოიყენოს ეს შესაძლებლობა. მან ბევრი უნდა ივარჯიშოს და საუკეთესოებისგან ისწავლოს.

- ხალხი პეპის გუნდის დროინდელი ფეხბურთელების კლუბის მმართველობაში მოსვლაზე საუბრობს...

- კარგი იდეაა. მომავალი გვიჩვენებს, ვინ რას გავაკეთებთ. გულშემატკივრები გვიყვარს, რადგან აქ დიდი დრო გავატარეთ. ჩემს შემთხვევაში, გამიხარდება, თუ კლუბს იმ ცოდნით დავეხმარებით, რაც მაქვს. არ ვიცი, რა როლში, მოხდება თუ არა ეს, ვინ იქნება კიდევ კლუბში... ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ ჰიპოთეტურია. ვნახოთ.

- შეგიძლია საკუთარი თავი მეორე პეპ გვარდიოლად წარმოიდგინო?

- საკითხი არ დგას, წარმოვიდგენ ამას თუ არა. სიმართლე ისაა, რომ ამაზე არ მიფიქრია. არ ვიცი რა მოხდება მომდევნო რამდენიმე წელში. ახლა ჩემი საზრუნავი ფეხბურთის სხვა ქვეყანაში, სხვა ჩემპიონატში თამაშია. როდესაც ეს დღის წესრიგში აღარ იქნება, სხვა რამეზე ვიფიქრებ.

- შეუძლია დღევანდელ "ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგის მოგება?

- ყოველთვის ვფიქრობ, რომ შეუძლია. ეს ამბიციური გუნდია, რომელსაც ყოველთვის ყველაფრის მოგება სურს. ამის შემდეგ კი მოდის მომენტები, რომლებსაც შეუძლია ყველაფერი გააფუჭოს, ან პირიქით - მოგების შანსი გაზარდოს. ეს გუნდი მეტ ჩემპიონთა ლიგას იმსახურებს, ვიდრე მოგებული აქვს. ვფიქრობ, ამ სეზონში გუნდი ერთ ნაბიჯს წინ გადადგამს, რაც ბოლო წლებში აკლდა.

- უცნაურია, რომ "რეალმა" ამდენი ჩემპიონთა ლიგა მოიგო?

- ყოველთვის ვფიქრობ, რომ ჩემპიონმა გამარჯვება დაიმსახურა. შეიძლება მოგვწონდეს ან არ მოგვწონდეს ის, თუ როგორ მოიპოვა გუნდმა გამარჯვება, მაგრამ ძალიან ძნელია ვთქვათ, რომ მან ასეთი მნიშვნელოვანი ტურნირის მოგება არ დაიმსახურა. წინა წლებში წარმატებამდე ცოტა გვაკლდებოდა და დარწმუნებული ვარ, წელს ყველაფერი სხვაგვარად იქნება.

- შეუძლია "მანჩესტერ სიტის" ან "პარი სენ-ჟერმენს" ამ ტიტულის მოგება?

- რთულია იმის თქმა, რომ ისინი მომავალში ამასთან ახლოს ვერ მივლენ. მათი გუნდით, ფეხბურთელებით, ინვესტიციითა და მწვრთნელებით ტიტულის მოსაგებად ბრძოლა შეუძლიათ. ყოველთვის მინდა ჩემპიონობისთვის მაძებართა სიას "ლივერპულიც" დავამატო ხოლმე, რომელიც წელს კარგ ფორმაშია. ჩემპიონთა ლიგის პრობლემა ისაა, რომ ძალიან რთული ტურნირია. ამ ტურნირიდან ერთ ცუდ დღეს შეუძლია გამოგაგდოს.

- როგორ შეაფასებ ლეო მესის, როგორც კაპიტნად შენს შემცვლელს?

- არა მგონია, მისთვის ეს სიახლე იყოს. ის აქ დიდი ხანია რაც არის. სამკლავური მას მხოლოდ მოტივაციას მატებს.

- დისტანციის მიუხედავად, იაპონიაში ბედნიერი ჩანხარ...

- ყოველთვის ცდილობ ბედნიერი იყო. თავს კარგად ვგრძნობთ. ინტენსიური ადაპტაციის რამდენიმე თვე უკან მოვიტოვე. ადაპტაციას ბავშვებიც გადიან, ჩემი ცოლიც... ყველაფერი კარგადაა.

- როგორც ჩანს, ჩემპიონატი კონკურენტუნარიანია.

- ამან სასიამოვნოდ გამაკვირვა. ფიზიკური მომზადებისა და თამაშის დონე მაღალია, რაც 100%-ით დახარჯვას გაიძულებს. ეს სწორედ ისაა, რაც "ბარსელონადან" წასვლის დროს მინდოდა.

- ახალი თანაგუნდელები პროფესორად მიგიჩნევენ?

- ისინი განსხვავებულად მიყურებენ. მე სხვა ჩემპიონატიდან მოვედი, ისინი კი ასეთ ჩემპიონატებსა და დიდ გუნდებს თვალს ადევნებენ. ისინი ჩემით კმაყოფილები არიან და მე მათით.

- არაერთხელ გითქვამს, რომ მწვრთნელობა გსურს. ძნელი გამოსაცნობი არაა, როგორ ფეხბურთს მიანიჭებ უპირატესობას...

- ჩამოყალიბებული ვარ, როგორი ფეხბურთი მომწონს და სწორედ ასეთ ფეხბურთს ვთამაშობდი. ეს იმ კლუბიდან მოდის, რომელშიც მთელი ცხოვრება გავატარე. ამ სტილს ბევრი ნაირსახეობა აქვს და ვნახოთ, რა მოხდება მომავალში.

- მწვრთნელი ინიესტა მურილიოს დაიმატებდა, თუ ფეხბურთელს აკადემიიდან აიყვანდა?

- ისე მოვიქცეოდი, როგორც კლუბი მოიქცა - სიტუაციას საფუძვლიანად შევისწავლიდი და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებდი. შესაძლოა, კლუბმა ჩათვალა, რომ "ბარსა ბ"-ში შესაბამისი ფეხბურთელი არ იყო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Bua7
    სტუმარი [?]
    #2 2 იანვარი 2019 23:38
    1
    :((((((((((((((((((((((((
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 2 იანვარი 2019 20:50
    3
    დალაგებულად იბაზრა ყველაფერზე, მართალია ლივერპული პსჟსე მეტად არი ლიგის მოგების ფავორიტი