მე-6 შეხვედრა "არსენალთან"
როგორც იცით, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში "ბარსელონას" მეტოქე ინგლისური "არსენალი" იქნება. აქამდე კატალონიური და ლონდონური კლუბები ერთმანეთს 5-ჯერ შეხვედრიან და აქედან 3-ჯერ "ბარსელონამ" მოიგო, 2 მატჩი კი ფრედ დასრულდა.
გუნდების ურთიერშეხვედრების ისტორია სათავეს 1999-2000 წლებიდან იღებს. ჩემპიონთა ლიგის პირველ ჯგუფურ ეტაპზე, ბარსელონაში გამართული მატჩი 1:1 დასრულდა. მე-16 წუთზე მასპინძლები ლუის ენრიკემ დააწინაურა, მატჩის მიწურულს, 89-ე წუთზე, ქულების გამყოფი გოლი ნვანკო კანუმ გაიტანა. კატალონიელთათვის წარმატებული გამოდგა "არსენალთან” ლონდონში გამართული პირველი მატჩი. "ბარსა” მე-14 და მე-15 წუთებზე რივალდოს და ლუის ენრიკეს გატანილი გოლებით 2:0 დაწინაურდა. 43-ეზე ბერგკამპმა ერთი გაქვითა, მაგრამ 55-ე წუთზე ფიგუმ სტუმართა ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა. 69-ე წუთზე კოკუმაც გაიტანა და მატჩს ინტრიგა დაუკარგა. წერტილი კი შეხვედრაში, ჯერ კიდევ "არსენალში” მოთამაშე ოვერმარსმა დასვა 84-ე წუთზე – 2:4.
ცალკე აღნიშვნის ღირსია გუნდების ბოლო შეხვედრა. 2006 წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, რაიკაარდის და რონალდინიოს "ბარსელონა”, ვენგერის და ანრის "არსენალს” დაუპირისპირდა. მატჩის მე-18 წუთზე მოედნიდან ლონდონელთა მეკარე, იენს ლემანი გააძევეს, მაგრამ 10 კაცით მოთამაშე "არსენალმა” 37-ე წუთზე ანგარიში მაინც გახსნა. გოლი სოლ კემპბელმა გაიტანა. კატალონიელებმა 76-ე წუთზე გაათანაბრეს ეტო’ოს ზუსტი დარტყმის წყალობით. მე-80 წუთზე კი, ამჟამად ლონდონში მოთამაშე ბელეტიმ, თავის "ბარსელონურ” კარიერაში ერთადერთი გოლი გაიტანა და გუნდს ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა. იმ მატჩში კატალონიელთა რიგებში ითამაშეს ვალდესმა, მარკესმა, პუიოლმა და ინიესტამ. ხავი სათადარიგო იყო. ლონდონელთა შემადგენლობაში ითამაშეს ებუემ, კემპბელმა, ფაბრეგასმა, ალმუნიამ და რა თქმა უნდა, ანრიმ.
ბოლოს გუნდები ერთმანეთს გასულ სეზონში, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ლონდონში გამართულ მატჩს "ბარსელონა" 2:0 იგებდა იბრაჰიმოვიჩის დუბლის წყალობით, მაგრამ უოლკოტმა და ფაბრეგასმა თითო გაიტანეს და შეხვედრა საბრძოლო ფრით დასრულდა. განმეორებით მატჩში, მე-18 წუთზე, ნიკლას ბენდტნერმა "არსენალი" დააწინაურა, მაგრამ შემდეგ ლეო მესიმ აიწყვიტა და პოკერის შესრულებით გუნდს 1/2-ფინალში გაუძღვა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]