შეტევები ჩვეული გოლების გარეშე
გუშინ, კატალონიის "ბარსელონამ" "სამეფო თასის" მეოთხედ–ფინალის პირველი მატჩი საკუთარ მოედანზე, ბასკური "ატლეტიკის" წინააღმდეგ ჩაატარა და სამწუხაროდ მხოლოდ ფრეს დაჯერდა. ამით რა თქმა უნდა ძალზე გახარებულები დარჩნენ "ატლეტიკის" (და არამარტო "ატლეტიკის") ფეხბურთელები, სამწვრთნელო შტაბი, თუ გულშემატკივრები, მაგრამ იმ მომენტში განა ახსოვდათ მათ, რომ ორ კვირაში კიდევ მოუწევთ ამხელა გრანდთან შერკინება?..
როგორც უკვე მოგახსენეთ, ეს ორი სხვადასხვა სტილის გუნდი მეორე შეხვედრას "სან მამესზე", 2011 წელს გამართავენ, მაგრამ ახლა ბასკებმა მხოლოდ საკუთარი კარის მშრალად შენახვაზე და "ბარსას" კარის ბადის შერხევაზე უნდა იფიქრონ. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ შეხვედრაში მათ ფრე ნამდვილად არ აწყობთ.
სანამ საპასუხო შეხვედრა გაიმართებოდა, იყო პირველი დაპირისპირება, რომელიც ფრედ, 0–0 დასრულდა. ალბათ არავის ეწყინება, თუ ვიტყვი იმას, რომ "ბარსელონას" ფეხბურთელები მთელი მატჩის განმავლობაში ბასკების კარის სიახლოვეს იდგნენ და მათი კარის დალაშქვრას ცდილობდნენ. მომენტი მომენტზე იქმნებოდა, მაგრამ პეპის შეგირდები თავის შანსებს ვერ იყენებდნენ, რაც რაღა თქმა უნდა იმ "დაცვითი" ტაქტიკის დამსახურებაა, რითაც ბასკები თამაშობდნენ.
საღამო თბილი ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვით, რომ ძალიან ციოდა. მოკლედ, კარგი საფეხბურთლო ამინდი იყო. "ბარსამ" თამაში თავისი ჩვეული კომბინაციებით წარმართა და სწორედ ასეთი ჩვეული თამაშით აპირებდა კაპაროსის გუნდის დამარცხებას. დამარცხებას კი აპირებდა, მაგრამ როგორ? ალბათ გუშინ კაპაროსს დაცვითი ფეხბურთის გემოს გასინჯვა სურდა, მითუმეტეს რომ გუნდის მთავარი დამრტყმელი ძალა, ლორენტე ტრავმირებულია, და "ბარსას" ფეხბურთელებს "ბასკური კედელი" აღუმართა.
ამისდა მიუხედავად, ინიესტა და ჩავი თავისებურად რაღაცას ახერხებდნენ და ფორვარდებს პასებით ამარაგებდნენ, რითიც სახიფათო მომენტებიც იქმნებოდა, მაგრამ ვერც ბოიანმა და ვერც სხვა რომელიმემ, გორკას კარის ბადის შერხევა შესვენებამდე ვერ შეძლო.
გვარდიოლას რაღაც ღონე უნდა ეხმარა. ამას თვითონაც მიხვდა და მეორე ტაიმში მოედანზე ლეო მესი და დავიდ ვილია შეუშვა, მაგრამ სიმართე რომ ვთქვათ, ამას დიდი არაფერი მოჰყოლია. "ბარსა" აგრძელებდა შეტევებს, აგრძელებდა, მაგრამ ხან ბურთი ცუდად იყო ჩამოწოდებული საჯარიმოში, ხან უბრალოდ ცუდი პასი კეთდებოდა, ან კარგ პასზე ფეხბურთელები აგვიანებდნენ და ბურთს სტუმრები ეუფლებოდნენ. რთულია ასეთ სიტუაციაში "ბარსას" სტილის ფეხბურთი ითამაშო...
მოდით, მივულოცოთ "ბილბაოს" ეს წარმატება და დაველოდოთ 2011 წელს. ვნახოთ, როგორი მილოცვა იციან კატალონიელებმა...
პირველი ტაიმი
[media=http://www.youtube.com/watch?v=5_5atfCPPjA]
მეორე ტაიმი
[media=http://www.youtube.com/watch?v=7bCUvenl0nw]
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]