"ბარსელონას" იაპონელი ტალანტის დაბრუნების შანსი გაუჩნდა
იაპონელი ამომავალი ვარსკვლავის, ტაკეფუსა კუბოს "ბარსელონაში" დაბრუნება ისევ რეალურია. ამ ინფორმაციას იაპონური გამოცემა Hochi News ავრცელებს.
კუბო "ბარსელონას" აკადემიაში 2011 წელს, 10 წლის ასაკში ჩაირიცხა. 4 წლის შემდეგ, FIFA-მ "ბარსელონას" ბრალი არასრულწლოვანი ფეხბურთელების ტრანსფერების წესების დარღვევაში დასდო და წესების დარღვევით დამატებულ ყველა ფეხბურთელს კატალონიურ კლუბში თამაში აუკრძალა. კუბო იძულებული გახდა "ბლაუგრანა" 2015 წელს დაეტოვებინა.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კატალონიელები 18 წლის იაპონელის დაბრუნებას ცდილობდნენ, მაგრამ მისი აგენტების მოთხოვნების დაკმაყოფილება ვერ ხერხდებოდა. აგენტები მაღალ ხელფასს და ფეხბურთელის პირდაპირ პირველ გუნდში მოხვედრას ითხოვდნენ, რაზეც "ბარსელონა" არ თანხმდებოდა და ტრანსფერი თითქმის გამორიცხული იყო.
იაპონური პრესის მიერ გავრცელებული ბოლო ცნობებით კი, კუბოს პრიორიტეტი "ბარსელონაში" დაბრუნებაა. Hochi News-ის ინფორმაციით, ფეხბურთელის ერთ-ერთი აგენტი, დღეს, "ბარსელონას" წარმომადგენლებს შეხვდა და მოლაპარაკებები განაახლა.
ტაკეფუსა კუბო, ამჟამად, იაპონურ კლუბ "ტოკიოში" ირიცხება. ახალგაზრდა შემტევის ანგარიშზე, პროფესიონალურ კარიერაში ჩატარებული 20 თამაში და 2 გოლია. ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, მან იაპონიის ეროვნულ ნაკრებში დებიუტიც მოასწრო. ეს მიმდინარე წლის 9 ივნისს მოხდა. კუბო იაპონიის კოპა ამერიკის განაცხადშიც მოხვდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]