3 ამხანაგური თამაში და დიეგო მარადონა
დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ "ბარსელონა" და "ნაპოლი", აგვისტოს დასაწყისში, ლა ლიგა სერია A-ს თასს გაითამაშებენ.
კატალონიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იმ ფაქტებს იხსენებს, რომლებიც ესპანურ და იტალიურ კლუბებს აკავშირებთ.
საინტერესოა, რომ "ბარსელონა" და "ნაპოლი" ერთმანეთს ოფიციალურ მატჩში არასდროს შეხვედრიან. ამხანაგურ თამაშებში კი ისინი ერთმანეთს 3-ჯერ დაუპირისპირდნენ.
პირველი შეხვედრა 1978 წლის მაისში, "სან პაოლოზე" გაიმართა (1:1). ეს იოჰან კრუიფის მიერ "ბარსელონას" მაისურით ჩატარებული ბოლოსწინა თამაში იყო. ორ დღეში, "კამპ ნოუზე", ის კატალონიელ გულშემატკივარს გამოეთხოვა.
2011 წელს, "ბარსელონამ" და "ნაპოლიმ" გამპერის თასზე ითამაშეს და მასპინძლებმა 5:0 მოიგეს. გოლები მესიმ (2), პედრომ, ფაბრეგასმა და კეიტამ გაიტანეს.
გუნდების ჯერჯერობით ბოლო შეხვედრა 2014 წელს, ჟენევაში ჩაატარეს და ის მატჩი იტალიელებმა 1:0 მოიგეს.
"ბარსელონასა" და "ნაპოლის" ერთმანეთთან რამდენიმე ფეხბურთელი აკავშირებს. ორივე გუნდში უთამაშიათ ლორან ბლანსა და პეპე რეინას, მაგრამ ერთი მოთამაშე განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ფეხბურთელი ამ ორიდან ერთ-ერთი გუნდიდან მეორეში პირდაპირ გადავიდა, 1984 წელს დაფიქსირდა - ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე დიეგო მარადონა "ბარსელონადან" "ნაპოლიში" გადავიდა და იტალიური გუნდის ისტორია სამუდამოდ შეცვალა. ის ნეაპოლურ გუნდში 1991 წლამდე ბრწყინავდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 27 ]