მაურო იკარდი: მესიზე გავრცელებული ჭორების არ მჯერა
მილანის "ინტერიდან" "პარი სენ-ჟერმენში" განათხოვრებული არგენტინელი თავდამსხმელი მაურო იკარდი იმ ცნობებზე კომენტარს აკეთებს, რომელთა თანახმადაც, მას ეროვნულ ნაკრებში ლეო მესის გამო არ იძახებენ.
არსებობს მოსაზრება, რომ იკარდის ნაკრებში გამოუძახებლობის მიზეზი მესისთან მისი ცუდი ურთიერთობაა. საქმე ისაა, რომ ლეოს ახლო მეგობარია მაქსი ლოპესო, რომელსაც მაურო იკარდიმ ცოლი "წაართვა". გავრცელებული ინფორმაციით, ამან მესისა და იკარდის ურთიერთობაზე უარყოფითად იმოქმედა და შედეგად მივიღეთ ის, რომ 26 წლის საკმაოდ მაღალი დონის თავდამსხმელს ეროვნულ ნაკრებში მხოლოდ 8 თამაში აქვს ჩატარებული.
მაურო იკარდის არ სჯერა, რომ მისი ნაკრებში გამოუძახებლობის მიზეზი მესია, თუმცა ამას გადაჭრითაც ვერ უარყოფს.
"მესის ჩემი "ბარსელონაში" ყოფნიდან მოყოლებული ვიცნობ. ხალხს უფლებას ვაძლევ ილაპარაკონ. არსებობს რაღაცები, რასაც თავიდან ვერ ავიცილებთ. გავრცელებული ცნობების არ მჯერა.
ვინც მიცნობს, მან კარგად იცის, თუ რეალურად როგორი ვარ. მნიშვნელობა მხოლოდ ამას აქვს. უკვე 7 წელია ხალხი ჩემს პირად ცხოვრებას უფრო სჯის, ვიდრე ჩემს თამაშს." - არგენტინელის სიტყვებს Canal+ ციტირებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]