როგორ შეუწყო თოვლმა ხელი პედრის "ბარსელონაში" გადასვლას
"ლას პალმასის" 16 წლის შემტევი ნახევარმცველი პედრი, მომდევნო სეზონიდან, "ბარსელონაში" ითამაშებს, მაგრამ რომ არა უამინდობა, დიდი ალბათობით, ის კარიერას მადრიდის "რეალში" განაგრძობდა.
პედრი მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ უმთავრეს ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევა. მან "სამეფო კლუბის" ყურადღება ჯერ კიდევ 2018 წლის თებერვალში, 15 წლის ასაკში მიიქცია.
თითქმის 2 წლის წინ, პედრიმ "რეალის" კადეტ A გუნდთან ერთად 2 ვარჯიში ჩაატარა. თუმცა, ძლიერი თოვლის გამო, მან საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა ვერ მოახერხა და მადრიდელებმა ის დაიწუნეს.
მალევე, 2018 წლის ზაფხულში, "რეალი" ახალგაზრდა ფეხბურთელით კიდევ დაინტერესდა, მაგრამ წარსული გამოცდილების გამო, კვლავ დაიწუნა.
გასულ ზაფხულში, "სამეფო კლუბმა" პედრის შეძენა საბოლოოდ გადაწყვიტა, მაგრამ იმ დროისთვის, ფეხბურთელს "ბარსელონაში" გადასვლა უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა. 2 სექტემბერს, კატალონიელებმა 16 წლის ფეხბურთელი 5 მილიონ ევროდ გაიფორმეს. "ბლაუგრანას" ის მომდევნო სეზონიდან შეუერთდება.
მიმდინარე სეზონში, ასაკის მიუხედავად, პედრი "ლას პალმასის" სასტარტო შემადგენლობის უცვლელ წევრად იქცა. 13 ტურში მან 10-ჯერ ითამაშა, ათივეჯერ ძირითად შემადგენლობაში და 3 გოლის გარდა, თავი 2 შედეგიანი გადაცემითაც გამოიჩინა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]