რიკი პუჩი "ბარსელონადან" წასვლას არ გამორიცხავს
"ბარსა ბ"-ს 20 წლის ტალანტი რიკი პუჩი არ გამორიცხავს, რომ მეტი სათამაშო დროის მისაღებად, მან გუნდი გამოიცვალოს.
ერნესტო ვალვერდესგან ქებისა და წინასასეზონო მზადების დროს თავის კარგად წარმოჩენის მიუხედავად, რიკი პუჩს, მიმდინარე სეზონში, პირველ გუნდში ჯერ არ უთამაშია. ის განაცხადშიც კი არ მოხვედრილა.
ბოლო დროს, იანვარში პუჩის შესაძლო განათხოვრებაზე ხშირად იწერება და როგორც ჩანს, ამის წინააღმდეგი არც თავად ფეხბურთელია.
"ვნახოთ, რა მოხდება. სხვა გუნდებისთვის კარი დახურული არ მაქვს. სიმართლეა, რომ პირველ გუნდში მეტი სათამაშო დროის მიღება მსურს.
სეგუნდა B ლიგა კარიერის ერთი ეტაპია. აკადემიის ბევრ ფეხბურთელს ამ ლიგაში დიდხანს გაჩერება არ უნდა, რადგან ჩვენი სურვილი უფრო ძლიერ ლიგაში თამაშია.
მიმდინარე სეზონში, პირველ გუნდთან ერთად ვარჯიში იშვიათად მიწევს, წინა სეზონში კი ამ გუნდის დინამიკას ვიყავი აყოლილი: მათთან ერთად ვვარჯიშობდი და "ბარსა ბ"-ში ვთამაშობდი. თუმცა, ფეხბურთში მსგავსი რამ ხდება. ასეთ დროს, მიწაზე ორივე ფეხით მყარად უნდა დადგე.
მეტი სათამაშო დრო და გამოცდილება მჭირდება. კარგია, რომ "ბარსა ბ"-ში თითქმის ყოველთვის ვთამაშობ, მაგრამ მაინც რთულია, რადგან წინა სეზონში პირველ გუნდში ხშირად ვიყავი." - რიკი პუჩის ამ სიტყვებს Mundo Deportivo ციტირებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]