უშანსოდ შანსის ძიებაში...
დღეს, ღამის პირველ საათზე, როდესაც მზე უკვე კარგა ხნის ჩასული იქნება და ცაზე დომინანტობა მხოლოდ და მხოლოდ მთვარეს ექნება აღებული, გაიმართება "სამეფო თასის" მეოთხედ–ფინალური ეტაპის ერთ–ერთი განმეორებითი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას "ბენიტო ვილამარინის" მასპინძელი, "რეალ ბეტისი" და "კამპ ნოუს" ბატონ–პატრონი, კატალონიის "ბარსელონა" მიიღებს.
ამ გუნდების მეოთხედ–ფინალური პირველი დაპირისპირება ჩვენ 1 კვირის წინ, შესაბამისად "ნოუ კამპზე" ვიხილეთ, სადაც სევილიელებმა მორიდება გამოიჩინეს და ხოსე მანუელ პინტოს კარში ვერც ერთი გოლი ვერ გაიტანეს. მათდა სამწუხაროდ კი მორიდებულები არ აღმოჩნდნენ "ბარსელონას" ფეხბურთელები, რომლებმაც "რეალ ბეტისის" კარში სულ რაღაც 5 გოლის გატანა შეძლეს და სტუმრები შინ დამწუხრებულები გაუშვეს, მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვით, რომ მათ ამ შეხვედრით არ უსიამოვნიათ. შესაძლოა მათმა ორგანიზზმა ამდენი უბურთოთ სირბილი ვერ აიტანეს, მაგრამ იმ სანახაობის ყურება ფეხბურთელების, და არა მარტო ფეხბურთელების, თვალებს ნამდვილად სიამოვნებდათ და პეპე მელის შეგირდებს თვალები ისე უბრწყინავდათ, რომ ეტყობოდათ კიდევ 5 გოლზეც არ იტყოდნენ უარს, მაგრამ ეს უკვე წარსულია. სასიამოვნო წარსული, მაგრამ "ვისთვის როგორ"...
"რეალ ბეტისის" ფეხბურთელების, სამწვრთნელო შტაბის, თუ გულშემატკივრების თვალების გახარებას მათდა სამწუხაროდ და თან საბედნიეროდ, ვერ შეძლებენ დანი ალვესი და კარლეს პუიოლი, რომლებიც პირველ შეხვედრაში ასე აქტიურად ახერხებდნენ შეხვედრაში ჩართვას. ორივე მათგანს ტრავმა აწუხებს, მაგრამ შედარებით სერიოზული მაინც დანის ტრავმა ითვლება, რადგანაც მისი თამაშით სიამოვნების მიღებას დაახლოებით 10–15 დღის მანძილზე ვერ შევძლებთ, თუ რაღა თქმა უნდა ისეთი თამაშის ჩანაწერს არ ვუყურეთ, სადაც დანი ტრადიციულად ბატონობს მარჯვენა ფლანგზე და პედროსთან ერთად ყველას შიშის ზარს ცემს. ლუის ენრიკეს კი 40 წლის ჭაღარაშერეულმა პეპმა ამჯერად მხოლოდ და მხოლოდ მარკ ბარტრა მოსტაცა და მისი მოედანზე გამოჩენა დღეს სიურპრიზი ნამდვილად არ უნდა გახლდეთ.
ალბათ ჩემსავით, "ბარსასგან" რაიმე განსაკუთრებულს არავინ უნდა ელოდეს, მაგრამ შესაძლოა ეს "რაიმე განსაკუთრებული" მაინც ვიხილოთ, რადგანაც პეპმა მატჩისწინა პრეს–კონფერენციაზე განაცხადა, რომ რამდენიმე ვარსკვლავის ხილვის შანსს ის ყველას მისცემს და ისიც დაამატა, რომ ამ მატჩს გუნდი სერიოზულად ეკიდება. ასეა თუ ისე, ალბათ "ბეტისის" ფეხბურთელების მანათობელი თვალები ისეთივე სიამოვნებას ვერ მიიღებენ, როგორც ეს 1 კვირის წინ იყო, მაგრამ თუ ისინი ბრძოლისთვის მზად იქნებიან, მაშინ შესაძლოა "ბეტისის" ფეხბურთელებმა ვერა, მაგრამ ჩვენ, უბრალო, თუ განსაკუთრებულმა გულშემატკივრებმა სიამოვნება მივიღოთ და შუა ღამემდე, თვალებმა ერთი წუთითაც არ გვიბიძგოს დასვენებისკენ.
ბოლო შეხვედრა სევილიელმა ფეხბურთელებმა "სეგუნდა დივიზიონში", ყველასათვის (ზოგიერთი გამონაკლისით) საყვარელი და ყველასთვის ღიმილის მომგვრელი გუნდი, "ალკორკონი" ანგარიშით, 3–0 დაამარცხა, რითიც "ბეტისმა" დაამტკიცა, რომ ეს გუნდი ამ დროისთვის ძალიან კარგ ფორმაშია და რომ ის ფეხბურთელები, რომლებსაც მწვანე–თეთრ მაისურიანი ფორმები ამშვენებთ, "პრიმერა დივიზიონის" ღირსნი არიან. აქვე შეგახსენებთ, რომ ამ წყვილში გამარჯვებული გუნდი "დეპორტივო" – "ალმერიას" წყვილში გამარჯვებულს ხვდება. ეს შეხვედრა თბილისის დროით, 23 საათსა და ნულ–ნულ წუთზე გაიმართება. ამ გუნდებს შორის პირველი შეხვედრა ალმერიელთა გამარჯვებით, 1–0 დამთავრდა, მაგრამ ახლა "რიასორის" ჯერია. თუ მომდევნო ეტაპზე გასვლა "დეპორმა" მოახერხა, მაშინ ვფიქრობ, რომ კატალონიელებს "რიასორის" დამწუხრება კიდევ ერთხელ მოუწევს, ხოლო "ალმერიას" გასვლის შემთხვევაში ... ალმერიელთა გასვლის შემთხვევაში პეპის შეგირდება შესაძლოა "რეალ მადრიდის" კეთილის მოსურნენი ოდნავ მაინც გაამხიარულონ.
იმედია ამ შეხვედრაში მაინც არ გამოიჩენენ "ბეტისის" ფეხბურთელები მორიდებას, მითუმეტეს, რომ მოედანი მათია, და კარგ, ლამაზ, ბრძოლისუნარიან ფეხბურთს შემოგვთავაზებენ და გაგვახსენებნ იმ "ბეტისს", რომელიც ესპანეთში და მის ფარგლებს გარეთ, დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]